თამარ ჩუგოშვილი აშშ-ში პირველი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი 6-8 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებს პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია. მასთან ერთად დელეგაციაში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა იმყოფება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან “რესპუბლიკური” და “დემოკრატიული” პარტიებიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ასევე, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ანალიტიკურ ცენტრებში.
თამარ ჩუგოშვილი, ოცდაათამდე შეხვედრის ფარგლებში, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების, საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურების და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცების საკითხებს განიხილავს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ქვეყნის დეოკუპაციის და ასევე, მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების აქტიური მხარდაჭერა ვაშინგტონში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს განხილვის წამყვანი თემები იქნება. ქართველი დეპუტატები ამერიკელ კოლეგებს საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
„ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ორპარტიული მყარი მხარდაჭერის გაგრძელების უზრუნველსაყოფად, რომელსაც ჩვენი დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები წლების განმავლობაში უწევს საქართველოს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება”, – განაცხადა გამგზავრების წინ თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები