ბათუმში, შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. ამის მიზეზად საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი  ბავშვების ჩარიცხვასთან დაკავშირებულ დარღვევებს ასახელებს.
როგორც “კვირას” შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა, ელგუჯა დავითაძემ განუცხადა,  ადმინისტრაცია ელოდება განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის დასკვნას, რომელიც 10 დღეში გამოქვეყნდება.  მანამდე კი, მისი თქმით, სწავლის პროცესი არ შეჩერდება.
დირექტორის თქმით, სკოლა-ლიცეუმში 340 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 10 არაქართველია. ელგუჯა დავითაძის ინფორმაციით, მშობლების თხოვნით, 10 არაქართველი მოსწავლე თურქული სექტორიდან ქართულ სექტორზე გადაიყვანა, სადაც გაძლიერებულად სწავლობდნენ ქართულ ენას. დირექტორი ეჭვობს, რომ სწორედ ამ ფაქტის გამო შეუჩერეს სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია.
„ბათუმში, ქართულ-თურქული სკოლა-ლიცეუმი 2007-2008 წლებიდან მოქმედებს. ამჟამად, სკოლაში 340 მოსწავლეა, მათ შორის 330 მოსწავლე ქართველია, დანარჩენები არიან სომხეთის, თურქეთის მოქალაქეები, ნორვეგიის მოქალაქეც არის. ამ მოსწავლეების მშობლებს სურვილი აქვთ, რომ მათმა შვილებმა ქართული განათლება მიიღონ. 2015 წელს ავტორიზაცია გავიარეთ 5 წლის ვადით. მაშინ გამოითქვა მოსაზრება, რომ თურქული სექტორიდან მოსწავლეები ქართულ სექტორზე გადაგვეყვანა და ეს პროცესი, დაპირებისამებრ, 2016 წლის დეკემბერში დავასრულეთ. მოულოდნელად, ჩვენი გაფრთხილების გარეშე, ბოლო პერიოდის განმავლობაში, სკოლაში განათლების სამინისტროს მონიტორინგის სამსახური სამჯერ შემოვიდა. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, არსად არ არის აღნიშნული, თუ როგორ უნდა მოხდეს ერთსა და იმავე სკოლაში თურქული სექტორიდან ქართულ სექტორზე მოსწავლეების ჩარიცხვა.
გუშინ, 3 თებერვალს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სკოლას ავტორიზაცია შეუჩერდა. ჩვენ მაინც ვაგრძელებთ სასწავლო პროცესს. ველოდებით განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის დასკვნას“, -აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ელგუჯა დავითაძე.
როგორც „კვირას“ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დავით კობახიძემ განუცხადა, გეგმური მონიტორინგის შედეგად, სკოლას აღმოაჩნდა სერიოზული დარღვევები, ბავშვების ჩარიცხვასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, სკოლას აღარ აქვს ფუნქციონირების უფლება, რის გამოც მოსწავლეები მობილობით სხვადასხვა სკოლაში უნდა გადანაწილდნენ.
„ეს სკოლა იყო ავტორიზებული, ჩატარდა გეგმური მონიტორინგი და სკოლას აღმოაჩნდა სერიოზული დარღვევები, მათ შორის, იკვეთება მოსწავლეების ჩარიცხვასთან დაკავშირებული პრობლემები. გუშინ მიიღო ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება და სკოლას გაუუქმდა ავტორიზაცია. საქართველოს კანონმდებლობით, სკოლას უჩერდება უფლება, განახორციელოს სწავლება, ბავშვები უნდა გადავიდნენ მობილობით სხვა სკოლებში“, – აღნიშნა დავით კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები