ქართველი, რომელსაც აფხაზები დღესაც პატივს სცემენ

თეიმურაზ გვანცელაძე,- ქართველი მეცნიერი, რომელმაც მთელი ცხოვრება აფხაზურ ენას, ფოლკლორსა და მეცნიერულ კვლევას შესწირა. იგი 295 სამეცნიერო ნაშრომისა და 21 წიგნის ავტორია. ქართველი მეცნიერი გაეროსა და ევროკავშირის მიერ დააფინანსებულ იმ პროექტს ხელმძღვანელობდა, რომელიც აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა იდენტობას იკვლევდა. ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა. დღეს კი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აფხაზური ენისა და კულტურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია. მისი ხელმძღვანელობით ამ ინსტიტუტის თვეობით უხელფასოდ დარჩენილმა თანამშრომლებმა 12 პროექტი განახორციელეს და 24 წიგნი გამოსცეს. მის სახელს სოხუმში დღესაც პატივისცემით წარმოთქვამენ. გაიცანით, თეიმურაზ გვანცელაძის პერსონა…

ბატონო თეიმურაზ, აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ ამ კუთხესთან არა მარტო ფიზიკური, არამედ ერთგვარად სულიერი კავშირიც მოიშალა, თქვენ იმ მცირე ადამიანთა რიცხვში ხართ, ვინც დღესაც აქტიურად იკვლევს აფხაზური, აბაზური და ქართული ენების სტრუქტურას, ისტორიასა და ფუნქციონირებას, აფხაზურ ფოლკლორს, აფხაზურ ლიტერატურასა და ენათმეცნიერების პრობლემებს. ამას არა მარტო სამეცნიერო, ვფიქრობ, პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. თქვენი აზრით, თუ შეუძლია ამგვარ საქმიანობა აფხაზურქართულ ურთიერთობებზეც  რეალური გავლენის მოხდენა?1624462_693088074055691_1878393098_n
– კარგად იცით, რომ სხვა ერის ენის, ფოლკლორისა და ლიტერატურის მეცნიერულ კვლევას მუდამ აქვს არა მარტო წმინდა სამეცნიერო-შემეცნებითი, არამედ მეტად ფართო, მათ შორის პოლიტიკური მნიშვნელობაც. მით უმეტეს, პოლიტიკური მნიშვნელობა მაშინ იზრდება, როცა საქმე გვაქვს მონათესავე, მეზობელი და შენსავე სახელმწიფოში მცხოვრები ხალხის ენის, ფოლლორისა და ლიტერატურის კვლევასთან. აფხაზური და აბაზური ენებისა და სიტყვიერი კულტურის მეცნიერული შესწავლის საქმეში ლომის წილი მიუძღვით გამოჩენილ ქართველ მკვლევრებსა და საზოგადო მოღვაწეებს: აკაკი წერეთელს, იაკობ გოგებაშვილს, პეტრე ჭარაიას, ნიკო მარს, მამა-შვილს ნიკო და სიმონ ჯანაშიებს, ქეთევან ლომთათიძეს, ბაგრატ ჯანაშიას, მირიან ციკოლიას (რომლის პოეტური ფსევდონიმი მირიან მირნელი იყო), ოთარ ჭურღულიასა და სხვებს. ჯერ კიდევ დიდი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ ყოველი განათლებული ქართველი ვალდებულია, ისევე კარგად იცოდეს მონათესავე კავკასიელი ხალხების ენათა და კულტურის ისტორია, როგორც საკუთარისა. უკვე დასახელებული ადამიანები ხედავდნენ, რომ ჯერ მეფის რუსეთის ხელისუფლება, შემდგომ კი საბჭოთა რეჟიმი აშკარად თუ ფარულად ცდილობდა აფხაზი ხალხის მოწყვეტას ქართული ენისა და კულტურის სამყაროსგან, შუღლის ჩამოგდებას ამ ორ მოძმე ხალხს შორის. ამიტომაც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ საიმისოდ, რათა დახმარებოდნენ აფხაზებს განათლების საქმის ორგანიზებაში, განათლებული ინტელიგენციის აღზრდაში, მათი ენისა და კულტურის მეცნიერულ კვლევაში და ა.შ. მოწინავე აფხაზები ხედავდნენ, რომ ქართველი მოღვაწეეები ამას სულისა და გულის კარნახით აკეთებდნენ და უსაზღვროდ მადლიერნი იყვნენ, თუმცა ცარიზმმაც და კომუნისტებმაც მოახერხეს, ჩაენერგათ აფხაზთა ნაწილს შორის ანტიქართული განწყობა და ამან თავისი პოლიტიკური შედეგები ჯერ კიდევ 100 წლის წინ გამოიღო. დღეს ენგურის გამოღმა აფხაზოლოგიის, როგორც სამეცნიერო მიმართულების განვითარებასა და სწორად წარმართვას უდიდესი სამეცნიერო და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს: ჯერ ერთი, ქართველებმა უნდა ვიკვლიოთ აფხაზური ენა და კულტურა თუნდაც იმიტომ, რომ ამ კვლევის შედეგები წაადგება ქართული ენისა და კულტურის კვლევის საქმეს; მეორე, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ევალება თავის ლეგიტიმურ ტერიტორიაზე გავრცელებული, იუნესკოს მიერ გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომ ენად ოფიციალურად გამოცხადებული აფხაზური ენის, აგრეთვე აფხაზური კულტურის, დაცვა, განვითარება და მეცნიერული კვლევა – აფხაზური ენისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება ამას პირდაპირ გვავალდებულებს. ეს კი მეცნიერებაცაა და პოლიტიკაც. სამწუხაროდ, დღეს ნაკლებად იგრძნობა, რომ ქვეყნის ხელისუფალნი ამ დარგის განვითარებით დაინტერესებულნი იყვნენ. იმედია, სიტუაცია შეიცვლება.
თქვენ  თავისუფლად ფლობთ აფხაზურ და აბაზურ ენებს. გაიხსენეთ, ქართულაფხაზური ადამიანური ურთიერთობები
1060884_693088304055668_1836832807_n

– ეს მეტად ვრცელი თემაა და ერთ ინტერვიუში ვერ ჩაეტევა. მოკლედ მოგახსენებთ. ჩემი მასწავლებელი, აფხაზური და აბაზური ენების უდიდესი მკვლევარი, აკადემიკოსი ქეთევან ლომთათიძე 70- წელზე მეტხანს იკვლევდა ორივე ენას. გარდა ამისა, მან აღზარდა 80-მდე აფხაზი სპეციალისტი, რომლებიც შემდგომში გამოჩენილი ლინგვისტები, ფოლკლორისტები, მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, ჟურნალისტები და პედაგოგები გახდნენ. დღესაც კი, როცა აფხაზთა ერთ ნაწილს ქართველებისკენ გამოხედვაც არ სურს, აწ განსვენებულ ქალბატონ ქეთევანს უდიდეს პატივს სცემენ და მის დამსახურებას  სეპარატისტებიც კი აღიარებენ. ქართველი მეცნიერის სახელი იცის პრაქტიკულად ყველა განათლებულმა აფხაზმა და მის მიმართ სიყვარული ოდნავაც არ განელებულა. მე მოწმე გახლავართ იმისა, თუ როგორ გადაუხადა ქალბატონმა ქეთევანმა დაქორწინების აღსანიშნავი წვეულება თავისი აფხაზი ასპირანტების წყვილს, როგორ ზრუნავდა იგი აფხაზი სტუდენტების საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე, როგორი სიფრთხილით ეხმარებოდა მატერიალურად, რათა მათ თავი შეურაცხყოფილად არ ეგრძნოთ… ბუნებრივია, ამას აფხაზები ხედავდნენ და აფასებდნენ კიდეც. მაგალითად, აფხაზი ასპირანტები ქართველ მეცნიერს დედას უწოდებდნენ და 2011 წელს, ქალბატონი ქეთევანის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად, მისმა ორმა ნამოწაფარმა აფხაზურ ენაზე თარგმნა და გამოსცა მასწავლებლის ერთ-ერთი წიგნი, ამჟამად კი მისი მეორე წიგნის თარგმანზე მუშაობენ. სასაუბრო აფხაზური ენის შესწავლა სტუდენტობისას დავიწყე, როცა თსუ კავკასიურ ენათა განყოფილების 6 სტუდენტი ქალბატონ ქეთევანის რჩევით გაგვაგზავნეს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჭლოუში. ჩემი პირველი აფხაზი მასპინძლები, სივარნა და ბაბუსია წვიჯბები არაჩვეულებრივი ადამიანები აღმოჩნდნენ: შვილივით მიმიღეს, სითბოსა და ყურადღებას არ მაკლებდნენ, ყოველნაირად მიწყობდნენ ხელს. მას შემდეგ ამ ოჯახთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია, ყოველ წელს ჩავდიოდი მათთან და ჩემთანაც მათი შვილები და შვილიშვილებიც ჩამოდიოდნენ. სივარნა და ბაბუსია ჩემს მორდუებად მიმაჩნია. მათ ამაგს ვერასოდეს დავივიწყებ. მახსოვს, მათთან სტუმრობისას, ერთ ღამეს ცუდად გავხდი, მაგრამ მომერიდა მძინარე მასპინძლების გაღვიძება. უცებ კარი გაიღო, ოჯახის უფროსი შემოვიდა და მკითხა, როგორ ხარო. გულმა უგრძნო, რომ ცუდად ვიყავი. მთელი ღამე სასთუმალთან მეჯდა და ჩემი ხელი ეჭირა, თან მამხნევებდა. იმ სითბომ და ყურადღებამ მიშველა და დილით უკვე კარგად ვიყავი.
დღეს თუ გაქვთ მათთან რაიმე საქმიანი, სამეცნიერო კავშირი?
 -რაც შეეხება ჩემს აფხაზ კოლეგებს, ზოგ მათგანთან კონტაქტი მათი სურვილით გაწყდა, მაგრამ სხვებთან ურთიერთობა მაქვს, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო მათ გვარებს არ დავასახელებ.
– ბატონო თეიმურაზ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა, თქვენი ხელმძღვანელობით, დაამუშავეს პროექტი, რომელიც აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა იდენტობას იკვლევდა… ამ პროექტის ფარგლებში ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილმა წიგნებმა დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც თბილისში, ისე სოხუმში. მოგვიყევით მათზე…
– ეს პროექტი ევროკავშირმა და გაერომ დააფინანსა და მის ფარგლებში 2011 წელს ბათუმში მოეწყო ორი სამეცნიერო-სასწავლო ექსპედიცია, რომელშიც ვმონაწილეობდით ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები –  მანანა ტაბიძე, თამარ გითოლენდია, სოფიკო ჭაავა და მე, აგრეთვე ჩვენი უნივერსიტეტის აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და რამდენიმე მოხალისე. ბათუმსა და მის მიმდებარე სოფლებში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დასახლებულ აფხაზთა შთამომავლებისაგან შეგროვდა დიდძალი მასალა. სტუდენტებმა შეიძინეს სამეცნიერო კვლევის გამოცდილება. პროექტის ფარგლებში გამოცემული სამივე წიგნი გაიგზავნა სოხუმშიც. როგორც თქვენც ბრძანეთ, პროექტს დიდი ინტერესი და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა თბილისშიც და სოხუმშიც.
 – ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ცხოვრებაში გაგიკეთებიათ, რა არის1598391_693088170722348_1271577924_n
– ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საქმედ მიმაჩნია 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მოწერა. არასოდეს დამავიწყდება ის მღელვარება, რამაც მაშინ, 12 საათზე მომიცვა. ეს დღე უფალმა მაჩუქა და ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ასეთი ისტორიული ამბის მონაწილედ მაქცია! მეტი რა გითხრათ?!
რამდენადაც ვიცი, 80-იან წლებში თეატრალურ ინსტიტუტში აფხაზურ ენას აფხაზ სტუდენტებს ასწავლიდით და სწორედ იმ წლებში დაიწყო აფხაზეთის კონფლიქტი, იმ დროს თუ წინასწარმეტყველებდით იმას, რაც შემდგომში მოხდა?
– დიახ, ასე იყო… თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში დროდადრო მიზნობრივად მზადდებოდნენ მსახიობები აფხაზური, ოსური, სომხური, აზერბაიჯანული, ჩრდილოეთკავკასიური თეატრებისათვის. ჩემი აფხაზი სტუდენტები ძალიან კარგი ახალგაზრდები იყვნენ, ვმეგობრობდით. მე სასცენო მეტყველების სპეციალისტთან ერთად მათ ვეხმარებოდი აფხაზური ფოლკლორული და ლიტერატურული მასალის საფუძველზე კომპოზიციების შედგენაში, სასცენო მეტყველების დახვეწაში და ქართული პიესების აფხაზურად თარგმნაში. სხვათა შორის, მათ გაახმოვანეს აფხაზურ თემაზე ქართველი კინემატოგრაფისტების მიერ 30-იან წლებში გადაღებული მხატვრული ფილმი ”უგუბზიარა”. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ აფხაზეთში მოხდებოდა ის, რაც მოხდა, თუმცა დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა. მეგონა, რომ მოსკოვის ინტრიგებს არც აფხაზები და არც ქართველები არ ავყვებოდით…
თქვენი ინიციატივით 2008 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენისა და კულტურის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი დაარსდა, თქვენ მისი დირექტორი ბრძანდებით დაარსების დღიდან.
– ინსტიტუტის თანამშრომლები ვიკვლევთ აფხაზური ენის სტრუქტურის, ისტორიისა და ფუნქციონირების პრობლემებს, აფხაზურ ფოლკლორს, აფხაზური ლიტერატურის ისტორიის ასპექტებს, აფხაზურ-ქართულ ენობრივ და კულტურულ კონტაქტებს. მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტს არა აქვს მუდმივი დაფინანსება და ზოგჯერ თვეობით ვრჩებით უხელფასოდ, განვლილი 5 წლის განმავლობაში განვახორციელეთ 12 პროექტი და გამოვეცით 24 წიგნი, მათ შორის სახელმძღვანელოები, ლექსიკონები, აწ გარდაცვლილ აფხაზოლოგთა და ჩვენი მონოგრაფიები. შევქმენით ბლოგი: abkhazology.wordpress.com, რომელზეც განთავსებულია როგორც ძველ მკვლევართა, ისე ჩვენ მიერ გამოცემული აფხაზოლოგიური ლიტერატურა. ბლოგი დაარსების დღიდან უკვე გამოიყენა მსოფლიოს 66 ქვეყნის 21 ათასზე მეტმა ადამიანმა. გვაქვს აგრეთვე ფეისბუქის გვერდიც, რომელიც მეტად პოპულარულია ენგურს გამოღმაც და ენგურს გაღმაც, ასევე სხვა ქვეყნებში.
ბატონო თეიმურაზ, თქვენი დახმარებით საქმიანი კონტაქტები უცხოეთის რამდენიმე უნივერსიტეტთან დამყარდა. რას ითვალისწინებს ეს კონტაქტები?
– დიახ, გვაქვს მუდმივი საქმიანი კონტაქტები უცხოეთის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრთან და უნივერსიტეტთან. ფიზიკურად, ან დაუსწრებლად ვმონაწილეობთ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, ვცვლით საჭირო ლიტერატურას, კონსულტაციას ვუწევთ ერთმანეთს და ა.შ. ამ დღეებში მივიღეთ წერილი ერთ-ერთი საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციისაგან – გვთავაზობენ თანამშრომლობას. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, რადგან კონტაქტები ახლა მყარდება. ვნახოთ, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე…
თქვენ 295 სამეცნიერო ნაშრომი, 21 წიგნი გაქვთ გამოქვეყნებული, რომელ მათგანზე მუშაობა დაგამახსოვდრათ განსაკუთრებით საინტერესო შეხვედრების ან ფაქტების გამო?
-ეს ალბათ ყველაზე რთული კითხვაა. ჩემი ყველა ნაშრომი მიყვარს, თუმცა ახლანდელი გადასახედიდან ყველა აღარ მომწონს. ფილოლოგიური მეცნიერებანი მუდმივი ცვლადობით გამოირჩევა, ახალ დროს ახალი ცოდნა, ახალი მასალა, ახალი იდეები, ახალი დასკვნები და მოძველებულ იდეათა უკუგდების აუცილებლობა მოაქვს. არადა ყველაზე ძნელი სწორედ საკუთარი შეხედულების შეცვლაა. მე ასე თუ ისე, ამას ვახერხებ… რას ფიქრობთ ქართულაფხაზური ურთიერთობების მომავალზე, თუ ჩანს სინათლე გვირაბის ბოლოს?
– მომავალი უეჭველად ჩვენია, ანუ აფხაზებისა და ქართველებისაა! დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება დრო, როცა მოსკოვი ვერ შეძლებს სიტუაციის თავის ჭკუაზე მართვას და აფხაზებსა და ქართველებს საშუალება მოგვეცემა, ჩვენი საერთო ბედ-იღბალი სხვისი ჩარევის გარეშე გადავწყვიტოთ. ეს რომ არ მწამდეს, მაშინ სხვა სპეციალობას ავირჩევდი, რასაც ვერც კი წარმოვიდგენ. მეტიც, ახლა რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ისევ აფხაზოლოგობას ვისურვებდი.
მთელი ცხოვრება ქართულაფხაზურ ურთიერთოებს მიუძღვენით, თქვენი სამეცნიერო მოღვაწეობაც ამ კუთხით წარიმართა, მაგრამ წარმოშობით აფხაზეთიდან არ ხართ..1624277_693088124055686_1379525388_n
– დავიბადე გეგუთის მიმდებარე პატარა სოფელში, რომელსაც უკანეთი ჰქვია, თუმცა მოწმობაში დაბადების ადგილად მუხიანი მიწერია. მიზეზი ისაა, რომ უკანეთი მუხიანის საბჭოში შედიოდა. მაშინდელი წესის მიხედვით, დაბადების ადგილად იწერებოდა არა რომელიმე სასოფლო საბჭოში შემავალი სოფელი, არამედ საბჭოს ადგილმდებარეობა. სამწუხაროდ, ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩვენი ოჯახი ქუთაისში გადავიდა და სოფელი ბუნდოვნად მახსოვს.
ბატონო თეიმურაზ, გაქვთ პასუხი კითხვებზე: რა არის მთავარი ცხოვრებაში და როგორ იქცეს ადამიანი პიროვნებად, რა არის ამისთვის საჭირო?
– ეს ის კითხვებია, რომლებზეც ადამიანები ყველა დროში ფიქრობდნენ. თეორიულად ყველამ ვიცით, რა ევალება ადამიანს, რა არის ცხოვრებაში მთავარი, რა აქცევს კაცს პერსონად. ამას ეკლესიაზე უკეთ ვერავინ გვასწავლის. მაგრამ სულ სხვა საქმეა, რომ ადამიანს ყოველთვის უჭირს, თავი აარიდოს ეშმაკის გზას და უფლის გზაზე იაროს..

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები