გიორგი ვოლსკი – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აკრძალვაზე: უნდა გაიზარდოს ჯანსაღი თაობა, მათ შორის პოლიტიკოსები, რომლებიც კრიტიკულებიც არიან ხელისუფლების მიმართ და რომლებსაც არ უჭირავთ თოფი ხელში და საკუთარ სამშობლოს არ ესვრიან გულში
პოლიტიკური ველი შეჭამეს, გადაღეჭეს, დაიპყრეს. ყველანაირ გემოვნების მედიას არ დაუტოვეს არაფერი სასაუბრო და სალაპარაკო, როცა შიდა პოლიტიკაზეა ლაპარაკი, გარდა იმისა, რომ „ხაბეიშვილმა ეს თქვა“, „სააკაშვილი კვდება“. წლებია წალეკა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკური ველიც, საინფორმაციო ველიც და ადამიანთა გონებაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რა მოხდება მაშინ, თუ ოპოზიციის ერთი ნაწილი გაქრება პოლიტიკური ველიდან, ვინ ჩაანაცვლებს მათ?!
მისი თქმით, უნდა წამოვიდეს ახალი თაობა, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
„ახალი თაობა მოდის. აქ ხელოვნურად ვერაფერს იზამ, კონკრეტულად სამოქმედო გეგმაზე რომ ვილაპარაკოთ, რა უნდა ქნა. უნდა გაიზარდოს ჯანსაღი თაობა, მათ შორის პოლიტიკოსები, რომლებიც კრიტიკულებიც არიან ხელისუფლების მიმართ, საკუთარი თავის მიმართ, ნებისმიერი დარგის მიმართ და ჩანან თავისი დამოკიდებულებით საკითხებთან მიმართებაში და არ უჭირავთ თოფი ხელში და საკუთარ სამშობლოს არ ესვრიან გულში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.