გიორგი ვოლსკი – ევროკომისიის ანგარიშზე: ყველამ იცის, მათ შორის იმ ხალხმა, ვინც დაწერა მოხსენება, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ დარჩენილა არც ერთი რეზოლუცია, რომელსაც მხარი არ დაუჭირა უკრაინას ამა თუ იმ ფორუმზე
ყველამ იცის, მათ შორის იმ ხალხმა, ვინც დაწერა ეს მოხსენება, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ დარჩენილა არც ერთი რეზოლუცია, რომელსაც მხარი არ დაუჭირა ჩვენმა დელეგაციამ ამა თუ იმ ფორუმზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.
ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას ვოლსკი ორ თემას შეეხეო: უკრაინის საკითხს და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მიღწევებს.
„ყველამ იცის, მათ შორის იმ ხალხმა, ვინც დაწერა ეს მოხსენება, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ დარჩენილა არც ერთი რეზოლუცია, რომელსაც მხარი არ დაუჭირა ჩვენმა დელეგაციამ ამა თუ იმ ფორუმზე. მათ შორის საკმაოდ ხისტ და საკმაოდ საფრთხის შემცველ ისეთ პოზიციებს, როგორიც არის თუნდაც, რეიკიავიკის დეკლარაცია. თუნდაც ჰააგის ტრიბუნალის მიმართვის რეზოლუცია – ეს ხომ იციან. ამ დროს გამოდის გონჩარენკო, ეს მოსულელო რადას დეპუტატი და ამბობს, რომ საქართველო ეომება უკრაინას პოლიტიკურ ასპარეზსა და ფორუმებზე. ამას პირდაპირ იღებენ და მოხსენებას [ურთავენ], რა შუაშია?!
ასევე, არსებობს რეიტინგები – თუ წინ ხარ და მით უმეტეს, თუ ევროსაბჭოს შეკვეთითაა ეს რეიტინგები გაკეთებული, ჩამონათვალია ინსტიტუტების, რომლებმაც ეს რეიტინგები შეადგინეს. თუ ეს იცი და მაინც ამის საწინააღმდეგოს წერ და არც ერთ ფაქტს არ ახსენებ, რომ ამდენი რევოლუციის მცდელობა იყო, ამდენი გადატრიალების, ამდენი დარღვევა იყო, 2012 წლამდე ხელისუფლებას ახასიათებ, როგორც კარგს, ჩვენს ხელისუფლებაზე ამბობ, რომ რეგრესი ხდება. რეგრესი სადამდე? – სააკაშვილის მმართველობამდე? – არა, როგორ გეკადრება! ესენი დემოკრატიის შუქურები არიან.
ამას რომ გააანალიზებ, შემდეგ შევხედოთ ვინ დაწერა ეს – დაწერეს საკმაოდ კვალიფიციურმა ადამიანებმა და საკმაოდ კვალიფიციურმა ადამიანმა, მარტა კოსმა გამოიტანა ეს მოხსენება. აქედან გამომდინარე, რა უნდა დავასკვნათ? – ადამიანები, ვინც აგინებდნენ სააკაშვილს და ჯალათს ეძახდნენ, უცებ გადააკეთეს პოზიცია და გახდნენ სააკაშვილისტები, რა ხდება? ე.ი. რაღაც არსებობს. ჩვენ რითი ვპასუხობთ? – ჯანსაღი დასკვნით, რომ აქ სხვა რამეშია საქმე, რომ არ შეჩერდეს ის სცენარი, რასაც ჰქვია საქართველოს ჩართვა ამ დაპირისპირების „პროქსი ომში“. გამორიცხულია, სხვა მიზეზი ამას ჰქონდეს. მაშინ რა? პიროვნული ზიზღი აქვთ ჩვენს მიმართ? – არ დაგვიმსახურებია“, – განაცხადა ვოლსკიმ.