“ეს არ არის ველოსიპედის გამოგონება, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებსაც მოაქვს მეტი ეკონომიკური დინამიკა”

“ეს არის ჩვეულებრივი კონკურენცია– საქართველო იმყოფება კონკურენციაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ამიტომ ჩვენი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები უნდა იყოს უკეთესი იმისთვის, რომ რეგიონში წამოსული ინვესტიციების დიდი ნაწილი მოხვდეს საქართველოში”, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობამ აქცენტი მეტი სავალუტო საშუალებების გენერირებაზე უნდა გააკეთოს. პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანა, ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ათეულობით წლებია ერთ წრეზე ტრიალებს.

„ჩვენი ბიუჯეტი მიმართულია იქეთკენ, რომ ქვეყნის ის პრობლემები, რომლებშიც ჩვენ, სხვათა შორის, ათწლეულების განმავლობაში ვიმყოფებით და ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ, ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ წრიდან და ერთხელ და სამუდამოდ წავიდეთ იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში გადაიჭრას ეკონომიკური პრობლემები.

ეს არის ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება და გაჯანსაღება, ეს არის იმ მიმართულებების განვითარება, როგორიც არის ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება; ეს არის იმ სერვისების განვითარება, რომელიც ასევე უცხოური ვალუტის გენერირებაზე იქნება ორიენტირებული–უპირველეს ყოვლისა ტურიზმი. ტურისტულ ინფრასტრუქტურაში იხარჯება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი და ყოველივე ამის შედეგად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი სხვა პროცესებისგან, მაგრამ ერთი რამე შეგვიძლია ვთქვათ: თუ ჩვენს გეოგრაფიულ არეალში იქნება მაღალი განვითარების დინამიკა, საქართველოს ექნება კიდევ უფრო მაღალი განვითარების მაჩვენებლები. თუ ჩვენს რეგიონში იქნება არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება, ჩვენ მაინც გვექნება უკეთესი მაჩვენებლები, გამომდინარე ყველა იმ ნაბიჯიდან, რომელსაც ვდგამთ“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობას მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობა აკისრია და ოპონენტები შექმნილი სიტუაციით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.

„ჩვენ გვესმის მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და გვესმის ყველაზე უკეთ, სხვათა შორის. ძალიან ადვილია ასეთ დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ეს ვითარება აუცილებლად შეიცვლება, ვინაიდან ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ყველა იმ ნაბიჯზე, რომელსაც ვდგამთ. ეს არ არის ველოსიპედის გამოგონება, ჩვენ არ ვაკეთებთ არაფერ ინოვაციურს ამ შემთხვევაში, ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებსაც მოაქვს მეტი ეკონომიკური დინამიკა, მეტი განვითარება და უფრო მეტი ზრდა.

საქართველო იწყებს განვითარების ძალიან მნიშვნელოვან პროცესს. პროცესი არ იქნება მარტივი, მაგრამ ეს იქნება ის გზა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას გააჯანსაღებს, საქართველოს ჩააყენებს განვითარებულ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნების რიგში და საქართველოს მოსახლეობას აღარ ექნება ის პრობლემები, რომლებზეც დღეს ვსაუბრობთ. ჩვენ გვაქვს სრული პასუხისმგებლობა ამ პროცესზე და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომ ამ პროცესს შეხედოს ჯანსაღი თვალით და იცოდეს, რომ სახელმწიფო დგამს რიგ ნაბიჯებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად საგადასახადო ლიბერალიზაციის მიმართულებით, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა დაასახელა და ამ გეგმაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვაკეთებთ 10%–იან ოპტიმიზაციას. ის განცხადებები, რომლებიც გვესმის, რომ 30%–ით შეამცირეთ ხარჯები, მათემატიკურად არის შესაძლებელი, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა, რომელზეც ჩვენ არ წავალთ. ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას.
ასევე, ვაკეთებთ საგადასახადო ლიბერალიზაციას იმ მიმართულებაზე, რომელიც ყველაზე მეტად აისახება პოზიტიურად ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე. ვაკეთებთ გადასახადების ზრდას იმ მიმართულებებზე, რომლებსაც ყველაზე ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა ექნებათ ეკონომიკურ ზრდაზე. თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში შევქმნათ სწორი განვითარების პროცესი, მოხდეს ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღება, ჩვენი სავაჭრო ბალანსი უნდა გაჯანსაღდეს, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოური ვალუტის რყევებზე და ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ და მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებასა და ინფლაციას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები