პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მოუწოდებს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩაერთოს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩაერთოს.  კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ემოციურ ფონზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლიან და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან.
„დადგენილების პროექტში რჩება ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობა არის გათვალისწინებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ემოციურ ფონზე მიღებულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კიდევ ერთხელ გადახედავენ,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილებას სავარაუდოდ 15 დეკემბერს დაამტკიცებენ პარლამენტის სესიაზე. დოკუმენტის მიხედვით კომისიის მუშაობაში მონაწილეობა შეუძლია, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პარტიებს, სამოქალაქო სექტორს და ექსპერტებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ 12 დეკემბერს განაცხადა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა იყო. კომისიას, რომელიც 9 დეკემბერს შეიქმნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიები, კონსტიტუციური ორგანოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, უცხოელი პარტნიორები და ვენეციის კომისია.
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის თანახმად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობას მიმდინარე წლის ბოლომდე შეუდგება და საბოლოო პროექტს მომავალი წლის 30 აპრილამდე შეიმუშავებს, რის შემდეგაც პროექტის საყოველთაო სახალხო და საპარლამენტო განხილვები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები