არჩილ თალაკვაძე: გზაში მყოფი მანქანები ძველი ტარიფით განბაჟდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გზაში მყოფი მანქანების განბაჟება ძველი ტარიფით მოხდება. ამის შესახებ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
„მანქანები რომლებიც უკვე გზაშია, როცა არ უნდა ჩამოვიდნენ, მათი განბაჟება მოხდება ძველი ტარიფებით, რომელიც ამ კანონის გამოქვეყნებამდე არსებობდა. ამიტომ, ამ ხალხს ნუ აშინებთ, რომ რაღაც დიდი გადასახადები მოუწევთ“,- აღნიშნა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ის თანაუგრძნობს ონკოლოგიურ პაციენტებს და არა ძველი ავტომობილების შემოყვანას.
„ძველი ავტომობილების იმპორტის გადასახადებზე როცა ვსაუბრობთ მე უფრო მეტად თანავუგრძნობ ონკოლოგიურ პაციენტებს, რომლებიც დაზარალდნენ გამონაბოლქვის შედეგად და იმ ეკოლოგიური პრობლემების შედეგად, რაც გვაქვს ძველი მანქანების არსებობით ქვეყანაში და უფრო ნაკლებად თანავუგრძნობ ძველი ავტომობილების შემოყვანას. თუ განსხვავებული არგუმენტი გაქვთ ამაზე გვითხარით, იმიტომ, რომ ძველი მანქანების წილი უნდა შემცირდეს ქვეყნის ავტოპარკში. ეს არის მოცემულობა და ეს არის ის, რასაც ყველა ეთანხმება და ვიღაცებმა ეს უკვე გააკეთეს აღმოსავლეთ ევროპაში და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ახლა“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მომავალი წლის იანვრიდან 2008 წლამდე წარმოებული ავტომობილების განბაჟება გაძვირდება. ავტომობილის დაბეგვრა გამოშვების დროისა და ძრავის მოცულობის პარამეტრის მიხედვით მოხდება . რაც შეეხება ერთიდან 6 წლამდე და ჰიბრიდული ავტომობილების განბაჟების ტარიფს, ის შემცირდება. ხოლო ელექტრომობილების იმპორტი გადასახადისაგან საერთოდ გათავისუფლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები