„ჩემი პირველი მასწავლებელი საბავშვო ბაღში ნაზი შამანაურის დედა იყო“…  – ოლგა თამელოს პორტრეტების საიდუმლო

ყველა იცნობს ფეისბუქზე,  როგორც შესანიშნავი პორტრეტების მხატვარს… თან უცებ, მოულოდნელი სიურპრიზივით დაგახვედრებს საკუთარ პორტრეტს, დილას გაგილამაზებს, ხალისიან და იმედიან განწყობას შეგიქმნის…
ბავშვობიდან ხატავდა სახეებს… მთავარი თვალებია, საიდანაც იხსნება ხასიათი,  შინაგანი ბუნება. ასე ეფერება ემიგრაციაში მეგობრებსა და ახლობლებს და მონატრების გრძნობას იქარვებს… უკვე 600-მდე პორტრეტი შექმნა. – დღევანდელი პერსონის სტუმარია ქალბატონი ოლგა თამელო.

%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%a6%e1%83%901

– ვხატავ ალბათ მას შემდეგ, რაც დღის სინათლე ვიხილე. ბაღში დახატული ნახატებიც მახსოვს. ვხატავდი გოგონებს, სახეებს, ხან მხოლოდ თვალებს. მიყვარდა ბუნება (მთაში, ვაჟას ნატერფალზე  ვარ გაზრდილი) და ვხატავდი ხან რას, ხან რას… ძირითადად, ყვავილებს და პორტრეტებს.
თამელო ფსევდონიმია… რას ნიშნავს? მშობლები, ბავშვობა…
– თამელო შვილების სახელებია: თამ-არი და ელ-ენე. მამას წინაპრები  იტალიიდან,  უმბრიიდან იყვნენ. ორი-სამი საუკუნის წინ ჩამოსულან ძმები საქართველოში და დარჩენილან. გვარად უმბრიელი შეურჩევიათ. მათი  მეორე ნახევრები,  ბებიები – ალავიძე და ჭინჭარაძე ყოფილან. დედა ნადიბაიძე მყავდა, დედით ღუდუშაური იყო მჭადიჯვრიდან (დუშეთის რ-ნი).
დედაც და მამაც ხელმარჯვეები იყვნენ და რომლის ნიჭი გამოგვყვა შვილებს, არ ვიცი. დედმამიშვილები ყველა ხელმარჯვეები ვართ, (ხუთნი) მე ნაბოლარა შვილი ვარ და ახალგაზრდა მშობლები არ მახსოვს. ახლა კი… სარკეში რომ ვიყურები, მგონია, დედა შემომცქერის. პროფესიით პედაგოგი  ფრანგული ენის სპეციალისტი ვარ.
– პირველი ნახატი…
– როგორც კი ფანქრის ხელში დაჭერა შევძელი, პირველი ნამუშევარი დავხატე…. როდის გადავედი ჯღაბნიდან ხატვაზე, არ მახსოვს. ბაღში უკვე „მხატვარი” ვიყავი.15416821_1721453501480015_1210208664_n
– რას გაიხსენებდით სკოლის პერიოდიდან?
– წერა-კითხვა ძალიან პატარამ ვისწავლე. ოჯახში ნაბოლარა ვარ და ჩემი დები რომ სწავლობდნენ, ალბათ ვაწუხებდი და მასწავლეს ასოები. მეც მეშველა და სულ ვკითხულობდი. კითხვა ვისწავლე, მაგრამ წერა, არ დაიჯერებთ და – ვერა (ჩემს ნაწერს მხოლოდ მე ვკითხულობ).
მეათე კლასში ვიყავი, სასწავლო ნაწილის გამგემ (ფიზიკას გვასწავლიდა) მითხრა, ოლია, ფიზიკის წრისთვის კედლის გაზეთი გვაქვს გამოსაცემი და გაზეთი მხატვრულად შენ უნდა გააფორმოო. მეორე დღეს მივუტანე.  ძალიან მოეწონა. ვიცოდი, კარგი იქნებოდა, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბაო. მერე მითხრა, გრაფებშიც შენ ჩაწერეო. მეორე დღეს მივუტანე და კაცი მოსაბრუნებელი გახდა. ეს რა გაზეთი გამიფუჭეო. მეორედ მომიწია გაზეთის გაფორმება და ვუთხარი კიდეც,  ლამაზად ვინ წერდა.
მეცხრე კლასში ვიყავი, გეოგრაფიის მასწავლებელმა დუშეთის რაიონის რუკის მასშტაბური გადიდება დამავალა. რაიკომის ფოიეში კედელზე უნდა გაეკრათ. რვეულის ფურცლის ზომიდან ალბათ 2×3 მეტრზე გავადიდე. მეორე დღისთვის სჭირდებოდათ და იმ ღამეს მე და მასწავლებელმა გავათენეთ. თან მიყურებდა, რომ არაფერი შემშლოდა. ხაზვა მეტად მიყვარდა, ვიდრე ხატვა.15327549_1721453534813345_333416802_n
ერთხელ რაღაც ფილმი ვნახე და ქვაზე კვეთა მომეწონა. 10-11 წლის ვიქნებოდი. ავიღე რიყის ქვა და სახრახნისით და ჩაქუჩით ნაპერწკლები ვაყრევინე. რა თქმა უნდა, ქვა ვერ დავიმორჩილე და ძალიან გავბრაზდი. თვალები გადამირჩა.
როგორ არჩევთ ტიპაჟებს?
– ტიპაჟებს ვარჩევ თვალების მიხედვით, თვალებს კარგად უნდა ვხედავდე (მოგეხსენებათ, ფოტოებიდან ვხატავ). ყველაზე რთული პორტრეტის დახატვა მგონია, განსაკუთრებით თვალების. თვალებით ვიწყებ ხატვას. თვალებს რომ დავამთავრებ, ვთვლი, რომ პორტრეტი დასრულებულია. პეიზაჟების ხატვისას ერთი ტალღით მეტს  დავხატავ თუ ერთი ფოთლით მეტს, ან ნაკლებს, არაფერი შავდება. პორტრეტის ხატვისას კი ერთი წამწამიც კი გასათვლელია. როდესაც ვინმე მესაუბრება, არ მიყვარს, თუ მზის სათვალე უკეთია. აუცილებლად თვალებს უნდა ვხედავდე.
ჩემი პირველი მასწავლებელი საბავშვო ბაღში ნაზი შამანაურის დედა იყო… სარა მასწავლებელი. პედაგოგად, ბავშვებისთვის იყო დაბადებული. არ მავიწყდება…ზღაპრებს რომ გვიყვებოდა,  მისი მწიფე მაყვლისფერი, მოციმციმე თვალები (ჩვენი პირდაფჩენილი სახეების მაყურებელი). ფოტოს შერჩევისას მეტი დრო მეკარგება, ვიდრე ხატვისას. მე ხომ უმეტესობას ახლოს არ ვიცნობ.
– ნაზი შამანაურსაც იცნობდით?%e1%83%94%e1%83%a1
– 61 წლის ვარ და 55 წლის წინანდელ ამბავს მოგიყვებით. მაღალ კლასში ვიყავი, ნაზი რომ ვაჟაობაზე დააპატიმრეს…
ეს პატარა ლამაზი ეპიზოდი კი დედა-შვილზე მთელი ცხოვრება მომყვება:
სკოლაში რომ მივედი, გაკვეთილების მერე სარა მასწავლებელთან ბაღში გავრბოდი. ხან ჩემი ჭკუით ბავშვების გართობაში ვეხმარებოდი.მე ვხატავდი და ბავშვები გარს მეხვეოდნენ. მე ხომ მათთვის დიდი გოგო ვიყავი…
ზათარში, საღამოობით, მე და მეზობელი გოგონა სარა მასწავლებელს მატყლის გაწეწვაში ვეხმარებოდით. იქნებ დასვენებაც უნდოდა და ჩვენი გულისთვის იჯდა ხოლმე… მაშინ გამოიტანდა ხოლმე მატყლს, თან წეწავდა, თან ზღაპარს გვიყვებოდა. ჩვენ გვეგონა, რომ ვეხმარებოდი,  მერე ალბათ თვითონ ხელმეორედ გადაავლებდა თვალს. ჩვენი პატარა ხელებით გაკეთებული საქმე რა უნდა ყოფილიყო, მით უფრო, პირში რომ ვიყავით მიჩერებულნი და მთელი არსებით ზღაპარში ვიყავით. 15328222_1721748741450491_603634405_n
ერთი საღამო მახსოვს, ნაზი მაშინ სტუდენტი იქნებოდა და შაბათ დღეს დედასთან იყო ჩამოსული. ჩვენ მატყლში ვსხედვართ. ნაზი მეორე ოთახში გამავალ კართან დგას, თავით კედელზე მიყრდნობილი, – გაშლილი თმებით, კულულებით… და  თვალები. რამხელა სითბო იკითხებოდა და რა ლამაზი იყო ციცინათელებიანი თვალები…
დედამისი „წითელქუდას“ გვიყვებოდა და თან წითელქუდასაც და მგელსაც განასახიერებდა. ამ ბედნიერმა უკეთილშობილესმა დედა-შვილმა რა იცოდა, რომ ერთ დღესაც მგლებად ქცეული „ადამიანების” ხროვა საშინელი წამებით ამოაცლიდა ამ მშვენიერ, ფაქიზ სულს. რატომ ვერ ვიფერებთ ადამიანები ჩვენ გარშემო მართლა ადამიანებს?!
ოდითგან ეკლის გვირგვინი, კოცონზე დაწვა, გიჟად გამოცხადება და ა. შ. გვემეტება მათთვის, ვისაც ჩვენზე მეტად აქვს გონება გახსნილი. ერთეულებს, გამორჩეულებს რიცხობრივად ვჯობნით და ვანადგურებთ… ძალიან შორს წავედი, მაგრამ ამ დედა-შვილის საშინელი წამება სულს მიფლეთავს და რწმენას მიკარგავს ადამის მოდგმის მიმართ…15355940_1721453471480018_1415267313_n
ნაზის უნდა სცოდნოდა, რომ მაშინდელი  რეჟიმი არაფერს აპატიებდა… უკეთილშობილესი იყო, – თვითონაც და დედაც. მე დუშელებისაგან ვიცი, ვინც უფრო ახლოს იცნობდა მას,  რომ ჯანმრთელი იყო… ალბათ იმ შაბათ საღამოს რამდენი სალაპარაკო ჰქონდა დედა-შვილს… მაგრამ ბავშვების ანთებული თვალების და პაწაწა თითების მატყლში ფათურის ყურებით ტკბებოდნენ.
– რამდენი პორტრეტი დახატეთ დღემდე…
– დღემდე ალბათ 600-მდე პორტრეტი დავხატე. გამოფენაზე არ მიფიქრია. აქ, უცხო ქვეყანაში, ემიგრანტს, მხატვრისათვის ხელსაყრელი პირობები არ მაქვს,  რომ ჩემი შესაძლებლობები სრულად წარმოვაჩინო. აქედან გამომდინარე, როდესაც ვიცი, რაც დამიხატავს, ბევრად უკეთ, მეტი შემიძლია…15417011_1721511444807554_418464396_n
– ემიგრანტი ხართ… როგორი მოჩანს შორიდან საქართველო?
– საქართველოს შველა სჭირდება: რუკაც და ხალხიც შეიცვალა…
– ოჯახი, შვილები…
– მეუღლე ეკონომისტია, ვაჟი საზღვარგარეთაა, უფროსი ქალიშვილი ექიმია, ნაბოლარას საატესტატო ციებ-ცხელება აქვს (სკოლას ამთავრებს).
– მხოლოდ პორტრეტებს ხატავთ?
– პასტელით ვხატავ. მაქვს რამდენიმე ტილო ზეთში, აკვარელით შესრულებულიც. მაგრამ პასტელით ხატვა უფრო მოსახერხებელია ჩემს პირობებში, თან პასტელით ნახატი უფრო ბუნებრივი გამოდის. პორტრეტის გარდა, სხვა რამდენიმე ნამუშევარი მაქვს მხოლოდ. მე ხომ თვალები – სულის სარკე მაინტერესებს. სკოლის დამთავრების შემდეგ არაფერი დამიხატავს. აქ ემიგრაციაში, ნოსტალგიას რომ არ დავეჯაბნე, დავიწყე ხატვა. მე ხომ პორტრეტებით მეგობრებს, ახლობლებს, ქართველებს ვეფერები…
– შთაგონება …
– ფეისბუქში, სამეგობროში  რომ შევიხედავ, ხან ისეთი ფოტო შემხვდება, ახლოს გადაღებული, ნაკვთები კარგად რომ ჩანს. ამ დროს  ხელი ფანქრისკენ თავისით მიდის, ხან მინდა, რომელიმე მეგობრის დახატვა, მაგრამ სახეს ახლოდან ვერ ვხედავ და ველოდები, იქნებ უკეთესი ფოტო გამოჩნდეს. ხან ფოტოების შერჩევაში ხატვისთვის განკუთვნილი დრო ამომწურვია.15403164_1721453498146682_562930400_n
– ადამიანში აფასებთ…
– ადამიანში ვაფასებ  ა დ ა მ ი ა ნ ო ბ ა ს. მომწონს და მიყვარს ყველა ერთგული და უანგარო ადამიანი. არ მომწონს ამბიციური და ფულზე შეყვარებულები. ფული ყველას გვჭირდება, მაგრამ არა მის გასაღმერთებლად…
             

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

 

15327535_1721511541474211_1543854337_n       15328153_1721453488146683_492186430_n

15356954_1721511574807541_1502523779_n   15401294_1721453454813353_24812916_n

15417062_1721453484813350_471111567_n     15424471_1721453458146686_520763198_n

15401421_1721511494807549_707886570_n  15355988_1721511558140876_1822508902_n

15416127_1721511511474214_620567212_n   15416955_1721511561474209_1544726014_n

15401376_1721453448146687_358173483_n     15328165_1721453531480012_329278073_n

15401371_1721511588140873_1447822589_n  15423558_1721453468146685_481280956_n

15328153_1721453488146683_492186430_n  15416802_1721736161451749_47757263_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები