ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდული პროექტი „გაეროს მოდელირება” გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ახალგაზრდულ პროექტს – „გაეროს მოდელირებას” უმასპინძლა. მასში იმერეთის რეგიონიდან 14-18 წლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ლევან კოპალიანმა. კანცლერმა ახალგაზრდებთან KIU-ს ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების, აკადემიური მიღწევებისა და ულტრათანამედროვე კამპუსის შესახებ ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძემ, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, თერჯოლის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ.
პროექტი წარმოადგენს საგანმანათლებლო და სიმულაციურ პლატფორმას, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა მოირგეს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატების როლები, იმუშავეს თემატურ კომიტეტებში და გენერალურ ასამბლეაში, იმსჯელეს აქტუალურ გლობალურ საკითხებზე და შეიმუშავეს რეზოლუციის პროექტები. პროგრამა ორიენტირებულია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, მოლაპარაკებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაზე.
„გაეროს მოდელირება” ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტოს” ინიციატივით ხორციელდება.