აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმების ხელმოწერით ძალიან ბედნიერია.
როგორც თეთრი სახლის ლიდერი Truth Social-ზე წერს, ჰორმუზის სრუტე „ნაწილობრივ გაიხსნა“ და პარასკევს „სრულად გაიხსნება“ მას შემდეგ, რაც პაკისტანმა დაადასტურა, რომ შეთანხმებას შვეიცარიაში მოაწერენ ხელს.
მანვე დასძინა, რომ რეგიონში მყოფი ამერიკული სამხედრო ძალები ამჟამად მცირე საძიებო ოპერაციას ატარებენ იმ საზღვაო ნაღმების აღმოსაჩენად, რომლებიც ირანულმა მხარემ კონფლიქტის მიმდინარეობისას განათავსა.
კითხვაზე, მოაწერს თუ არა თავად პირადად ხელს ამ დოკუმენტს შვეიცარიაში, ტრამპმა უპასუხა, რომ იმ დროისთვის, სავარაუდოდ, ადგილზე აღარ იქნება. მისი თქმით, პროცესში უკვე ჩართულია ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მიემგზავრება ევროპაში.
ტრამპის თქმით, სრუტეში გადასახადი არ იქნება და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ამის აღსრულებაში დახმარება არ სჭირდება, ის დასძენს, რომ „ცუდი იდეა არ იქნება, თუ აქ რამდენიმე ქვეყნიდან ერთი ან ორი გემი გამოჩნდება“.