დიმიტრი ხუნდაძე: ჯანდაცვის პროგრამამ აჩვენა, რომ 4 წლის მანძილზე ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო სოციალური პროექტი
აჟიოტაჟი იმაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობის ყველა ფენაზე თანაბრად ხორციელდება, უსაფუძვლოა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურობით მოსახლეობის საშუალო და სოციალურად დაუცველი ფენა მათი მდგომარეობის შესაბამისად ისარგებლებს.
“საყოველთაო დაზღვევა არ შეეხება იმ ადამიანებს, ვინც კორპორატიული დაზღვევითაც სარგებლობენ. აჟიოტაჟი იმაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის ყველა ფენა თანაბრად სარგებლობს, უსაფუძვლოა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, ჯანდაცვის სფეროში 100 პროცენტით ფინანსდება, პენსიონერები 90%, ხოლო მოსახლეობის საშუალო ფენა 70%. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ვრცელდება მოსახლეობის იმ ნაწილზე, ვინც სარგებლობს კორპორატიული დაზღვევებით“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, პროგრამა თავიდანვე გახდა ოპონენტების კრიტიკის მიზეზი, თუმცა, როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ აჩვენა, რომ 4 წლის მანძილზე ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო სოციალური პროექტი. დიმიტრი ხუნდაძე პროგრამასთან დაკავშირებით გარკვეულ ხარვეზებზეც საუბრობს. მისი ინფორმაციით, მოხდება ყველა იმ კლინიკის კვალიფიკაციის გადამოწმება, რომლებსაც მოსახლეობის ჯანდაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ და რომლებიც ჩართულები არიან პროგრამაში.
„არის შემთხვევები, როცა ერთი და იგივე ადამიანი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც სარგებლობს და კორპორატიულითაც, ამიტომ უნდა მოხდეს ამ ხარვეზის აღმოფხვრა და ამაზე მინისტრმაც გაამახვილა ყურადღებაა. ასევე უნდა მოხდეს იმ კლინიკების პერსონალის გადამოწმება, ვინც ვერ აკმაყოფილებს იმ დონეს, რაც პაციენტის მიღებისთვისაა აუცილებელი, ასეთი კლინიკები ბევრი არ არის, მაგრამ ერთიც არ უნდა იყოს,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.