საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას უახლოეს მომავალში ელოდება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას უახლოეს მომავალში ელოდება. ამის შესახებ ჟან მარკ ერომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. მან ქართველ კოლეგას ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის შეთანხმების მიღწევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისთვის დარჩენილი პროცედურები მოკლე ვადაში დასრულდება.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას ამ პროცესში მისი პირადი მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან, ხალხთაშორისი დიალოგის, ბიზნესკავშირების გამყარებას და იქნება რეგიონში ევროკავშირის წარმატებული პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი.
საფრანგეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მიულოცა და აღნიშნა ქვეყნის მნიშვნელოვანი პროგრესი რეფორმების, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.
მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მუდმივი წარმომადგენლობის თბილისში გახსნის გადაწყვეტილების გამო, რომელიც 2017 წლის იანვარში დაიწყებს ფუნქციონირებას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სხადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის საფრანგეთის გამოცდილების გაზიარებას ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და სხვა სექტორული მიმართულებით. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო. მიხეილ ჯანელიძემ ფრანგ კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. დასასრულს მიხელ ჯანელიძემ ჟან მარკ ერო ოფიციალური ვიზიტით საქართველოში დაპატიჟა და კმაყოფილებით აღნიშნა საფრანგეთისა და გერმანიის გადაწყვეტილება, თბილისში უმასპინძლოს ორი ქვეყნის რეგიონალურ ამბასადორიალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები