ნათია თურნავამ ეკონომისტთა დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ეკონომისტთა VII ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე, სახელწოდებით „ეროვნული ვალუტის როლი საქართველოს ეკონომიკაში” ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეკონომისტის პროფესია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლისთვის, ამ პროფესიის წარმომადგენელთა წვლილი კი ეკონომიკური უსაფრთხოების, ძლიერებისა და განვითარებისთვის ფუნდამენტურია. ისაუბრა, ეროვნული ვალუტის ლარის მიმართ მზარდ ნდობაზე და ლარის გამოშვების სათავეებთან მდგომ ეკონომისტებს მიესალმა.

„საქართველოს ეკონომიკის ბოლო წლების შთამბეჭდავი მიღწევები ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი ეკონომისტები – როგორც მეცნიერები, ისე პრაქტიკოსები მოწოდების სიმაღლეზე დგანან და მიუხედავად გლობალურად დაფიქსირებული არაერთი გამოწვევისა თუ კრიზისისა, ქვეყნის ეკონომიკა მდგრად მაჩვენებლებს ინარჩუნებს”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ ღვაწლმოსილ ეკონომისტებს და ფინანსისტებს, რომელთა წვლილიც ლარის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია.

„მინდა განსაკუთრებით მივესალმო და მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანს, ვინც წლების წინ აქტიურად იყავით ჩართული ლარის შექმნის პროცესში სხვადასხვა მიმართულებით და ეს პროცესი ბოლომდე წარმატებით მიიყვანეთ. სწორედ თქვენი ფასდაუდებელი წვლილის შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს ეროვნული ვალუტა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის სიმბოლო. მოხარული ვარ, რომ დღევანდელი კონფერენცია სწორედ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს ეძღვნება და განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში სულ ლარის მიმართ ნდობა სულ უფრო მზარდია”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში ცნობილმა ეკონომისტებმა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სხვადასხვა თემაზე მოხსენება წარადგინეს, მათ შორის ისაუბრეს ლარიზაციის გაზრდილ როლზე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაში, ეკონომიკურ გლობალიზაციასა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე და სხვა.

ეკონომისტის დღე საქართველოში,  ტრადიციულად, 1999 წლიდან სექტემბრის ყოველ მეორე პარასკევს ეკონომისტის პროფესიული დღე აღინიშნება, რაც უკავშირდება 1918 წელს პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის „საქართველოს ეკონომისტის” გამოსვლას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები