ქართველი ემიგრანტი ნიუ-იორკიდან, ვინც 88 წლის თელაველ მხატვარს გამოფენის მოწყობაში დაეხმარა…

იტალიაზე და დანტეზე შეყვარებული ქართველი ემიგრანტია. ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა. ნიუ-იორკის იტალიური ტელევიზიის რეპორტიორია. მუშაობს ძალიან ბევრს, ყველა სიახლის საქმის კურსშია, – ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები იქნება თუ ნიუიორკის მოდის კვირეული… ამბობს, რომ ისეთ საქმეს ხელს არ მოჰკიდებს, რომელიც სიამოვნებას არ ანიჭებს და არ აბედნრებს. ასეთივე ბედნიერი იყო ამ დღეებში, როცა  88 წლის თელაველი მხატვრის გამოფენის ორგანიზება ითავა… გვიმხელს, რომ  მას ახალ სიურპრიზს უმზადებს. – პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ცისნამი საყვარლიშვილი რუბრიკა „პერსონაში“.

15301123_917520815014724_1817460095_n– დავიბადე  თბილისში. ჩემი ოჯახი რაიონში საცხოვრებლად გადავიდა, რადგან მამა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, რაიონის კულტურულ ღონისძიებათა სულისჩამდგმელი და, შესაბამისად, მეც ამ დიდებულ, ბარაქიან სოფელში გავიზარდე. თუმცა იმდენად მიყვარდა ჩემი გამზრდელი ლუბა ბებია, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ფარდებში ვიმალებოდი, ვტიროდი და ვამბობდი, წამიყვანეთ ლუბა ბებიასთან თბილისში-მეთქი. ისე მოხდა, რომ ლუბა ბებოსთანაც ვიყავი თბილისში და ჩემს მშობლებთანაც. სკოლაში თბილისში შევედი, თუმცა სოფლის სკოლაშიც ვიარე, და ბოლოს, თელავის მრავალპროფილიანი საერო სკოლა-ლიცეუმი დავამთავრე.
მამა – ვანო საყვარლიშვილი, ქართული ხალხური საკრავების სპეციალისტი იყო, ძალიან აქტიური, ყოჩაღი და უზომოდ ნიჭიერი ადამიანი. ჩვენს სოფელს დიდი კულტურის სახლი ჰქონდა და იქ სუხიშვილებსაც კი უცეკვიათ. ასევე ჩამოჰყავდა  ანსამბლი “ივერია” და ყველა ცნობილი ქართველი ხელოვანი. სწორედ მამამ შემიქმნა წარმოდგენა სამყაროს შესახებ და შემაყვარა ქართული კულტურა, ცეკვა, სიმღერა.
დედა – დარეჯან ღვინიაშვილი, ამჟამად დიასახლისია. მასაც მუსიკა ძალიან უყვარს და ჩემს ოჯახში ალბათ ერთადერთი ვარ მე, ვინც არ მღერის. მიუხედავად იმისა, რომ  მამა დაიღუპა, დღემდე იპოვით ჩემს ოჯახში ნებისმიერი სახის ინსტრუმენტს. მამა თითქმის ყველაფერზე უკრავდა. მყავს ძმა – ხელოვანი, არაჩვეულებრივი მუსიკოსი – ოთარ საყვარლიშვილი, რომელიც ამ სფეროთი ემსახურება თავის ქვეყანას და  თითქმის მთელი ევროპა შემოიარა.
მყავს 8 წლის შვილი ირაკლი შიოლაშვილი… მეუღლეს გაშორებული ვარ.
– უნივერსიტეტში კულტუროლოგის პროფესია აირჩიეთ…  15281906_917520765014729_1268883423_n
 როგორც უკვე ვთქვი, ქართული კულტურა მამამ შემაყვარა. 2004 წელს, იმ პერიოდში, როდესაც მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბევრს ვფიქრობდი, რა პროფესია ამერჩია. მინდოდა რაღაც ისეთი, რასაც ხალხთან მეტი ურთიერთობა ექნებოდა და რაც სიამოვნებას მომანიჭებდა. მაშინდელი ისტორიის ფაკულტეტზე, სპეციალობა “კულტუროლოგია, კულტურის ისტორია” ახალი დამატებული იყო და ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის. მინდოდა უფრო მეტი მცოდნოდა არა მარტო ქართული კულტურის, არამედ მსოფლიო კულტურების, კულტურათა დიალოგის, ადამიანთა ინტეგრაციის შესახებ.
მამამაც მომიწონა იდეა და ასე გავხდი კულტუროლოგიის პირველი კურსის სტუდენტი.
პირველ დღეს, როდესაც უნივერსიტეტში მივედი, როგორც სტუდენტი, მაშინ ქალბატონმა ნინო ჩიქოვანმა, რომელიც წამყვანი პროფესორია კულტუროლოგიის სფეროში, ყველა სტუდენტს გვკითხა აზრი, თუ რატომ ავირჩიეთ ეს სპეციალობა. ჩემი ჯერი რომ მოვიდა, არც ვაციე, არც ვაცხელე, ეგრევე გულახდილად წამოვიძახე, მინდა კულტურის მინისტრი გავხდე-მეთქი. ქალბატონ ნინოს გაეღიმა და, მე მგონი, სტუდენტებსაც.12654563_741153479318126_5162078235886191171_n
რამდენად გავხდები კულტურის მინისტრი, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ახლა სხვა ამბიციები მაქვს, მაგრამ კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზატორი სტუდენტური თვითმმართველობის დროსაც ვიყავი და ახლაც აქტიურად ვაგრძელებ ჩემს საყვარელ საქმიანობას. მიყვარს ღონისძიებების მოწყობა, ხალხის გაბედნიერება, ხალხთან ურთიერთობა. ეს არის, რაც ყველაზე მეტად მახარებს.
– და მერე, – პოლიტოლოგიის მიმართულებით გააგრძელეთ მაგისტრატურაში, რომელიც ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარეთ…
– უნივერსიტეტში სწავლის დროს მეორად საგნებად ავირჩიე პოლიტოლოგია,  ბატონი მალხაზ მაცაბერიძის ლექციები ისე მომწონდა, რომ გადავწყვიტე, მაგისტრატურა პოლიტიკურ მეცნიერებათა განხრით გამეგრძელებინა, ოღონდ ევროპაში, რადგან ჩემი „მიზნების სიაში” მაგისტრატურა ევროპაში ასე მეწერა. ბავშვობიდან, 15 წლის ასაკიდან ვაკეთებდი სამოქმედო გეგმას, მიზნების სიას, რომელიც თითქმის რეალობად ვაქციე და განვახორციელე. მინდა ყველა ახალგაზრდას ვუთხრა, რომ შეუძლებელი არაფერია და რასაც ჩაიფიქრებენ, აუცილებლად გამოუვათ.
2008 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი და 2009 წელს გავემგზავრე იტალიაში, სადაც ერთი წელი ჯერ იტალიურ ენას ვსწავლობდი, დანტე ალიგიერის სიყვარულით, რომ მისი “ღვთაებრივი კომედია” ორიგინალში წამეკითხა, შემდეგ კი პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროფესიით: “ლოკალური და რეგიონალური განვითარება” დავამთავრე. თითქმის ყველა ევროპული მაგალითი ვისწავლე, თუ როგორ უნდა მოხდეს რეგიონის სწრაფი განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და საწარმოების დაარსება. იმედია, ჩემს პრაქტიკულ ცოდნას რეალობაში მალე გამოვიყენებ და ჩემს გურჯაანს ვემსახურები სიკვდილის ბოლომდე. აღმოჩნდა, რომ პოლიტიკა უფრო მეტად მაინტერესებს და, მიუხედავად ჩემი სიშორისა, ბოლომდე ჩაფლული ვარ ქართულ პოლიტიკურ ამბებში.
– ნიუ-იორკში მოღვაწეობთ, წერთ სტატიებს იტალიური ონლაინჟურნალისთვის Paese Sera და მნიშვნელოვან ამბებს აშუქებთ SI Italia TV-თვის…
– ნიუ-იორკში ვცხოვრობ უკვე სამი წელია და რამდენიმე თვე, აქ 6 თვე ვსწავლობდი კოლეჯში და ბოლოს ისე მოვიხიბლე ამ ხმაურით, რომ აქაურობას შემოვრჩი. ვმუშაობ ძალიან ბევრს, ისე როგორც ყველა ქართველი ემიგრანტი, თუმცა საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ვეწევი. არ ვარ ჟურნალისტი, ვარ უბრალოდ დილეტანტი და ხშირად ვწერ სტატიებს იტალიური ონლაინჟურნალისთვის Paese Sera, რომელიც ტოსკანაში, იტალიაში გამოდის და სხვადასხვა ამბის რეპორტიორი ვარ ნიუ-იორკის იტალიური ტელევიზიის, SI Italia TV.15310881_917522131681259_208384094_o
ნიუ-იორკში, სადაც რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, მიპოვით მე. ვაშუქებდი ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებს, ნიუ-იორკის მოდის კვირეულს, სადაც ქართული წარმოების „გეფერინის” ჩანთების გამოფენაც კი გავმართეთ. ამის ორგანიზატორი მე და ბატონი დავით ლაგვილავა ვიყავით და მიხარია, რომ საშუალება მომეცა, ქართული წარმოება ნიუ-იორკში გამეპიარებინა…
ბედნიერი ვარ იმ ყველაფრით, რასაც ვაკეთებ და ისეთ საქმეს ხელს არ მოვკიდებ, რომელიც სიამოვნებას არ მანიჭებს და არ მაბედნიერებს.
– ნიუიორკის მერთან გადაღებული ფოტო ვნახე…
– ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო, კოლუმბის დღის აღლუმზე ჩავწერე და ორიოდე სიტყვა იტალიურად მითხრა: დღეს ყველანი ვართ იტალიელებიო.
ასევე შევხვდი და ჩავწერე სენატორი დემოკრატიული პარტიიდან Chuck Schumer-ი.
ამერიკაში მცხოვრები იტალიელები, კოლუმბის დღეს ყოველ წელს ოქტომბერში აღნიშნავენ. დიდი აღლუმი იმართება ხოლმე.
ზოგადად, მრავალი სენატორი და კონგრესმენი მყავს ჩაწერილი.
– თელაველი მარტოხელა 88 წლის ხელოვანის გამოფენის ორგანიზება  ითავეთ… ეს დიდი ქველმოქმედებაა…
– ქალბატონი ელენეს შესახებ სიუჟეტი ვნახე ტელევიზიით,  მერე ვიღაც გოგონამ მომწერა და მთხოვდა, რომ მოხუცს აუცილებლად დავხმარებოდი. სამწუხაროდ, სახელი აღარ მახსოვს, იმედია, არ გამინაწყენდება, ვეძებდი მის მონაწერს მესენჯერში, მაგრამ იმდენი მწერს, რომ ვეღარ ვიპოვე. გოგონა გამწარებული მთხოვდა, რომ ქალბატონ ელენესთვის ყურადღება მიმექცია. მე ხშირად ვეხმარები მარტოხელა მოხუცებს, ბავშვებს და რითაც შემიძლია, პატარა ფულად საჩუქრებსაც ვუკეთებ ხოლმე. სასწრაფოდ ვთხოვე ჩემს მეგობარს, თეონა ჭალიძეს, რომ ჩასულიყო თელავში და ენახა მოხუცი ქალბატონი, თან მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაგვეკეთებინა თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში.  ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ჩემი უნივერსიტეტელი მეგობარია, მომიწონა იდეა, დამაკავშირა თვის თანამშრომელთან, მარი ჭღონიასთან დარბაზის საქმეებზე და სულ რაღაც დღეებში გადაწყდა ყველაფერი. 15300530_917520805014725_2018340398_n
შემდეგ გამოჩნდა ორი საყვარელი ქართველი ემიგრანტი, მარინა ორჯონიკიძე და ჯულიე შალი, რომლებიც ჩემთან ერთად ნამუშევრების წაღება-წამოღების საგზაო ხარჯებს დაფარავენ და ასევე ქალბატონ ელენეს გადავცემთ გარკვეულ თანხას. ჩემი საჩუქარი თეონამ უკვე ჩაუტანა, მაგრამ წინ კიდევ დიდი სიურპრიზი ელოდება: მინდა მთელმა საქართველომ გაიგოს ამ დიდებული ადამიანის  და მისი შემოქმედების შესახებ. ადამიანები სიცოცხლეშივე უნდა დავაფასოთ და თავი ღირეული, სრულფასოვანი საზოგადოების წევრებად ვაგრძნობინოთ. მრავალმა თელაველმაც კი არ იცოდა ამ ქალბატონის არსებობის შესახებ. მინდა ერთი დაუვიწყარი დღე ვაჩუქოთ. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც კი გამოფენაზე მივა და ქალბატონ ელენეს მიეფერება, გაუფრთხილდეს ქართულ გენიას, რადგან შეუდარებელია.
სხვა საქველმოქმედო ღონისძიებებშიც აქტიურად მონაწილეობთ…
–  რა თქმა უნდა, ძალიან ბევრში. რა ჩამოთვლის ახლა? აქცენტს ჩემს რეგიონზე, გურჯაანზე ვაკეთებ, რადგან ყველაფერი თბილისში არ უნდა ხდებოდეს. ახლა გამახსენდა სტუდენტობის დროს გაკეთებული პოლიტიკოსების აქსესუარების გამოფენა, რომელიც 2006 წლის მაისში, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიმართა. ტელევიზიებმა “არაჩვეულებრივი გამოფენა” უწოდეს, რადგან პოზიციის ნივთებს ოპოზიცია ყიდულობდა და პირიქით. შემოსული თანხით კი გლდანის ბავშვთა სახლს დავეხმარეთ.
– თქვენი ერთი დღე…15271498_917522225014583_583212464_o
– ძალიან მიყვარს შაბათი დღე და შაბათ დღეზე მოგიყვებით. მძინავს ოდნავ გვიანობამდე, შემდეგ ვიბან ხელ-პირს, პაჟამოებით გამოწყობილი მივირთმევ საყვარელ “სერეალს” რძით, ვუყურებ ABC-ის ნიუსებს, თვალს ვავლებ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსს“, რომელიც ყოველ დღე მაქვს გამოწერილი.
შემდეგ ვიცვამ, გავდივარ სუფთა ჰაერზე, ფეხით დავდვივარ ძალიან ბევრს, მომშივდება, შევდივარ ჩემს საყვარელ იტალიურ რესტორანში, შევუკვეთავ საყვარელ იტალიურ კერძს, “ძუპა დი პეშე”, თევზის წვნიანს, ვგიჟდები ზღვის პროდუქტებზე და შემიძლია დიდი რაოდენობით მივირთვა, ვსვამ ერთ ჭიქა “პინო გრიჯოს” და ვტკბები ჩემი ცხოვრებით. შემდეგ წავალ მარტო ან კინოში, ან ბიბლიოთეკაში, რაიმე საინტერესო წიგნს ჩავუჯდები და წავიკითხავ. ან ფეისბუქზე დავპოსტავ.
კიდევ ერთხელ შემოვუვლი მანჰეტენს ფეხით, შემოვირბენ საყვარელ ქუჩებს, დავიწყებ „აპთაუნით“, ჩამოვუყვები „მიდლთაუნს“ და ჩავდივარ „23 სტრიტამდე“, „დაუნ თაუნამდე“, სადაც არის საყვარელი იტალიური კაფე “იტალი”, იქ ყოველ შაბათ-კვირას ვატარებ, ყველაზე გემრიელი კაპუჩინო კეთდება და იმას მივირთმევ ხოლმე, თან ბევრი იტალიელი მეგობარი მყავს და იქ ვიკრიბებით ხოლმე სასაუბროდ. მიყვარს ცხოვრება, ადამიანები და თავისუფლება. „ვივა ლა ვიდა“.
– ნიუ-იორკიდან დანახული თბილისი და საქართველო..15300518_917520748348064_153639682_n
– ნიუ-იორკიდან დანახული თბილისი და საქართველო არის ძალიან ნელი, კადრგაჩერებული. მინდა უფრო მეტად დაიქოქოს ჩემი საყვარელი ქალაქი, ვიღვიძებდეთ უფრო ადრე, დილის 6 საათზე, ხმაური იყოს ქუჩებში, როგორც ნიუ-იორკშია. ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს სამუშაო, ხალხი იყოს მეტად ბედნიერი, გახარებული და პოზიტიური. ქართველებს წუწუნი გვიყვარს და ამიტომაც არ მიგვდის საქმე კარგად. რაც უფრო მეტი პოზიტივით შევხედავთ ქვეყანას, მით უფრო კაი რაღაცები მოხდება ჩვენს ცხოვრებაში და ყველაფერი მაგრად იქნება.
–  გურჯაანიდან ხართ წარმოშობით… ვიცი, რომ გურჯაანის დეპუტატობა გინდათ…
– რატომ მინდა გურჯაანის დეპიტატობა და მინდა ხალხმა ამირჩიოს, ჩემმა საყვარელმა გურჯაანელებმა და ხალხის რჩეული ვიყო. ვინმემ რომ მითხრას, ჩამოდი, კახეთის გუბერნატორად გნიშნავთო, უარს ვეტყვი, რადგან არ ვიქნები ხალხის რჩეული, ვიქნები ვიღაც ერთი ადამიანის სურვილის მიხევით დასმული. დემოკრატიის მთვარი საიდუმლო ხალხია და მინდა სწორედ მათ გადაწყვიტონ, მოვახმარ თუ არა ჩემს ულევ ენერგიას გურჯაანს და გურჯაანელებს.
ბევრ რამეს შევცვლიდი და ბევრ კარგ რამეს გავაკეთებდი. პირველ რიგში, ხალხში უფრო მეტის კეთების სურვილს გავაჩენდი და ყველას ენთუზიაზმით ავავსებდი. ვიქნებოდი მე იმ ყველა ახალგაზრდის მაგალითი, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ და არ იციან, რომ მათი სოფლის იქით ვეებერთელა სამყაროა, რომლის დაპყრობა აუცილებლად შეუძლიათ. მთვარია მონდომება და ბევრი შრომა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ყველა კულტურის სახლს ავამუშავებ და ყველგან ქართულ წრეებს გავხსნი, რის შედეგადაც მრავალი მივიწყებული ხელოვანი, მუსიკოსი დასაქმდება და ბავშვებიც მხოლოდ კომპიუტერებთან არ ისხდებიან. 14915437_895200443913428_3639650162237950064_n
სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობა, სპორტული სექცია, ახალგაზრდების მაქსმიმალური დატვირთვა, რომ სოფლის ბირჟაზე არავინ აღარ დადგეს. ყველას ვთხოვდი, რომ სახლის უკან საბოსტნე მიწა გამობაროს და სარეველა ბალახით არ გაავსოს. მეტი წარმოება, მეტი სამუშაო ადგილი, მეტი გახარებული და ბედნიერი სახე. აი, ზუსტად ვიცი, რომ გამომივა, მთვარია, ხალხმა ინებოს და წინ ვერავინ დამიდგება.
მინდა დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი ვიყო 2020 წელს და ყველა პოლიტიკურ ძალას ვთხოვ, მომცეს ეს შანსი, ისევე როგორც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი შევიდა პარლამენტში.
მერწმუნეთ, არა მარტო გურჯაანს, არამედ საქართველოს სჭირდება ჩემმნაირი ენერგიული და შემოქმედი ახალგაზრდები. ყველანი, ვინც გაბნეულები ვართ მსოფლიოს მასშტაბით, აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ მშობლიურ ფესვებს და სწორედ საკუთარი სოფლიდან და რეგიონიდან დავიწყოთ ქვეყნის აღორძინება. ღმერთია მოწამე, როგორ გულით მინდა ამ ყველაფრის გაკეთება და არჩევნების მოგება. გამარჯვებაზე ფიქრი კი  ნახევარ გამარჯვებას უდრისო, – წერს მიხეილ ჯავახიშვილი თავის უბის წიგნაკში.
– თქვენ მოხვდით წიგნში „ქართველი ემიგრანტი ქალები იტალიაში
–  კი, მოვხვდი წიგნში “ქართველი ემიგრანტები იტალიაში”, რადგან საკმაოდ აქტიური 4 წელი გავატარე იქ. ვმუშაობდი სახელმწიფო სამსახურში, ქ. პრატოს მერიის საიმიგრაციო  სამსახურში, სადაც ბევრ ქართველს და უცხოელს ვეხმარებოდი. ასვე მიწევდა შესვლა იტალიურ ციხეებში, ქართველ პატიმრებთან. ვიცნობდი მრავალ ადგილობრივ პოლიტიკოსს, ევროკავშირის რამდენიმე კომისარს და სტუდენტის კვალობაზე საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდი. იტალია ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები ცხოვრებაში და უზომოდ მიყვარს იტალიის წლებზე საუბარი. წიგნი დაიწერება იმ ბედნიერ ოთხ წელიწადზე.
– დანტე გიყვართ… კიდევ რომელი მწერლები გიყვართ?15292881_917522291681243_204123794_o
– დანტეზე ვგიჟდები  და სწორედ დანტეს სიყვარულის გამო წავედი იტალიაში, თორემ შემეძლო ამერჩია სხვა ევროპული ქვეყანა განათლების მისაღებად. მაგალითად, გერმანია, სადაც სწავლა უფასოა. მინდოდა, „ღვთაებრივი კომედია” ორიგინალში წამეკითხა. კი, მაგრამ, საიდან იცით, რომ დანტე ძალიან მიყვარს? ვინ გითხრათ? საინტერესოა. ვესწრებოდი დანტეს შესახებ ყველა საჯარო ლექციას ფლორენციაში, რომელიც მაისის თვეში “დანტეს დღეები” – ასე იმართება ხოლმე. ზეპირად ვიცი იტალიურად ინფერნოს დასაწყისი, როგორც ყველა იტალიელმა: “Nel mezzo del cammin di nostra vita. mi ritrovai per una selva oscura. ché la diritta via era smarrita”…
ძველი იტალიური ენითაა დაწერილი, როგორც ჩვენი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, მაგრამ დანტეს ენა ხომ ნამვილი იტალიური ენაა და მე სულაც არ გამიჭირდა წაკითხვა. დანტეა ყველაფერი, მთელი სამყარო. შეიძლება არ წაიკითხო არაფერი, წაიკითხო მხოლოდ დანტე და იცოდე ყველაფერი. მაკანკალებს, ისე მიყვარს ამ პერსონაზე საუბარი. იცით, საათობით ვმჯდარვარ მისი ძეგლის ქვეშ, პიაცა სანტა კროშეზე, ფლორენციაში და მიოცნებია დანტეზე. ჩემს წარმოსახვაში მისი ბეატრიჩეც კი ვყოფილვარ და მინდა ერთხელ მაინც შევუყვარდე ასეთი ნამდვილი სიყვარულით კაცს! ასევე მიყვარს შოთა რუსთაველი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, ო’ ჰენრი, ჩარლზ დიკენსი, უილიამ შექსპირი, თეოდორ დრაიზერი, ივან სერგეის ძე ტურგენევი, ფიოდორ დოსტოევსკი, ტოლსტოი, თომას მანი, კაფკა და კიდევ რა ჩამოთვლის, ბევრი საყვარელი მწერალი მყავს. საერთოდ, ვგიჟდები მხატვრულ ლიტერატურაზე და ბავშვობიდან ბევრს ვკითხულობდი.
ჰობი…15310708_917522388347900_963083191_n
– ცურვა, კითხვა, ახალი ადამიანების გაცნობა, მათით დაინტერესება, საუბრები ლიტერატურაზე, ფეხით სიარული. ბევრი ჰობი მაქვს. ფეისბუქზე პოსტების წერა…
თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით საქართველოში?
– ძალიან ბევრ რამეს. პირველ რიგში, ხალხის აზროვნებას და ელემენტარულიდან დავიწყებდი: მადლობა, ბოდიში, მიყვარხარ, მშობლების და მოხუცების პატივისცემა, ერთმანეთის სიყვარული, გვერდში დგომა, სიკეთე, სილამაზე.
როგორც ამბობენ, ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ და ალბათ ამას იმიტომ ვახერხებ, რომ მჯერა საკუთარი თავის, სამყაროს კანონზომიერების, ანუ რაც გვინდა, რის კეთებაზეც ვოცნებობთ, სულ იმაზე თუ ვიფიქრებთ და გონებას დავაჯერებთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, სამყაროს მივაწვდით დადებით ინფორმაციას, სამყაროც დადებითად გვიპასუხებს და აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა.  ჩემი საყვარელი სიტყვებია: გაუღიმეთ სამყაროს და სამყაროც ღიმილით გიპასუხებთ. ძველი ქართული ანდაზაც ამას გვეუბნება: „ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო!”
სამყაროში არაფერი იკარგება. მე მჯერა თითოეული ადამიანის განუმეორებლობის, მჯერა, რომ ყველა ჩვენგანში ცხოვრობს მაგარი ადამიანი და ჩვენ – ყველას შეგვიძლია საკუთარი ოცნებების რეალობად ქცევა.
აუცილებლად შემოვივლიდი მთელ საქართველოს, ყველა რეგიონს, მთას, ბარს, კუთხე-კუნჭულს. ვესაუბრებოდი ხალხს სიყვარულზე, თუ რამხელა ძალა აქვს ამ გრძნობას, რომ ჩვენ თუკი სიძულვილი ვისწავლეთ, სიყვარულიც შეგვიძლია ვისწავლოთ და მხოლოდ სიყვარულით შევძლებთ ყველაფერ კარგის კეთებას. 12923363_766999333400207_2662958185951365640_n
შემდეგ აუცილებლად ვიზრუნებდი ქვეყნის ეკონომიკაზე, პირველ რიგში, მივხედავდი წარმოებას, თითო სოფელში თითო პატარა საწარმოს გავხსნიდი, დავასაქმებდი ადგილობრივ მოსახლეობას, მივუთითებდი და ვაჩვენებდი, რომ შრომა მაგარი რამ არის, მხოლოდ მუხლჩაუხრელი შრომით მიიღწევა წარმატება. გავზრდიდი ქართულ წარმოებას, ქართულ ბაზარს, ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ შეიძინოს ქართული პომოდორი, ქართული საქონელი და არა თურქული, რომელსაც მიაქვს ჩვენი ბაზარი.
აუცილებლად მხოლოდ და მხოლოდ “დაყოლიების პოლიტიკის” და ჩემი ჰუმანური “ღიმილით” შევძლებდი საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დაბრუნებას, “აფხაზეთსა და სამაჩაბლოს” შემოვიერთებდი და ვეტყოდი იქ მცხოვრებ ხალხს, რომ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, ჩვენ ერთნი ვართ, ერთი მიწის შვილები. ჩავიდოდი სოხუმში, ფეხშიშველი შემოვირბენდი შავი ზღვის სანაპიროს, ავხედავდი ზევით ამაყად მდგომ მთებს და მადლობას გადავუხდიდი ღმერთს ამ დიდებული სამოთხისთვის, რომელიც ქართველებს გვაჩუქა.
ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებდი სიღარიბეს, გავხდებიოდით მწარმოებელი, მაღალკონკურენტუნარიანი ერი, ისეთი მაგრები, რომ ევროპისა და მსოფლიო ბაზრის კარები თავისით გაიღებოდა. ვნახავდი ქართულ წარმოებას ევროპის ბაზარზე, ქართულ ღვინოს საუკეთესო ღვინოთა შორის და ბევრ საერთაშორისო ინვესტიციას საქართველოში.  მექნებოდა მაგარი შრომის კოდექსი, მაღალი პენსია სტაჟის, პროფესიის და დამსახურების მიხედვით. ხალხს ვეტყოდი, რომ განათლება ძალიან დიდი ძალაუფლებაა და მისი მიღწევა ყველას შეგვიძლია. შევახსენებდი ყველას ლიბერალიზმის მამამთავრად წოდებული, დიდი ჯონ ლოკის ჭეშმარიტ სიტყვებს და ოთხ მნიშვნელოვან ფასეულობას: “სიცოცხლე, თავისუფლება, კერძო საკუთრება და ბედნიერებისაკენ ლტოლვა“. ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს ექნებოდა სულში გაჯერებული ისე, რომ ევროპა აქ კი არ იქნებოდა, ევროპა უკვე ჩვენ ვიქნებოდით. ადამიანებს დავავიწყებდი ბოღმას, შურს, ერთმანეთის შეურაცხყოფას, არასწორ კრიტიკას და შევქმნიდი იდეალურ სახელმწიფოს.
რას ნიშნავს მეგობრობა თქვენთვის?15300531_917520775014728_275658557_n
– მეგობრობა ნიშნავს ჩემთვის ყველაფერს. ჩემი საქმის გადადებას და მისი საქმის გაკეთებას, გვერდში დგომას, გატანას, მოსმენას, ჩახუტებას, მოფერებას, სიყვარულს. მე ყველა წარმატებული მეგობარი მყავს. “მაჩვენე შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ.” მოკითხვა ჩემს მეგობრებს, პარლამენტარ ცოტნე ზურაბიანს, ბიზნესმენ მურმან პატარაიას და ჩემი ბავშვობის მეგობრებს, ყველას. სამწუხაროდ, ყველას ვერ ჩამოვთვლი.
ვინ დატოვა საგრძნობი კვალი თქვენს ცხოვრებაში?
– მამაჩემი, კაცი, რომელიც “უსინათლო” იყო და მთელ რაიონს და ქვეყანას აზანზარებდა, ისეთი აქტიური, ყოჩაღი და ენერგიული იყო, ყველგან ჰყავდა ნაცნობ-მეგობარი და ყველა საქმეში ერკვეოდა. ხალხს ხმით და მათი ნაბიჯებით, სიარულით ცნობდა ხოლმე. სულ მიკვირდა, ალბათ, მამა გვატყუებს და ხედავ-მეთქი. ძალიან ძლიერი ადამიანი იყო. სულ იმას მეუბნებოდა, არასდროს არავის დასცინო, შვილო, წაქცეული წამოაყენე და თავზე ხელი გადაუსვი, სულ გამარჯვებულის მხარეს ნუ იქნები, დამარცხებულიც გიყვარდესო. რომ ეუბნებოდნენ, ვანო, ლამაზი გოგონა გყავს, განათებულ ჭაღთან  მიმიყვანდა, თავს დამიჭერდა ხელებით და ვითომ ცდილობდა, რომ დავენახე.
ნეტავ, როგორს მხედავდა, როგორი ვიყავი მის წარმოსახვაში. მამა, რომელიც ჩემი სტიმულის მომცემი და დიდი სიყვარულია. ადამიანი, რომელთან ერთად ნახევარი ცხოვრება გავატარე, სულ მე დამყავდა ყველგან და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი მამა იყო. მიყვარხარ, მამი… სიზმრებში სულ მისი ორი თვალი დამყვება, რომელმაც დღის სინათლე ვერასდროს იხილა. კახეთში ჩემზე ამბობენ, ვანოსავით ყოჩაღია ეს პატარა გოგოო. იმედია, მამის კვალს სწორად გავყვები და მის სახელს სამუდამოდ ვასახელებ. აუცილებლად გაუფრთხილდით მშობლებს და ბევრი მიეფერეთ.

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები