„სურსათის უვნებლობა საქართველოში: გამოწვევები და შესაძლებლობები“

  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დარგის პოლიტიკის შესახებ საქართველოში სურსათის უვნებლობის და ხარისხის სტანდარტების ასამაღლებლად, დისკუსიას იწყებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სწორედ ამ მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, თბილისში სურსათის უვნებლობის ფორუმი „სურსათის უვნებლობა საქართველოში: გამოწვევები და შესაძლებლობები“ გაიმართა.
ფორუმს ესწრებოდნენ: კერძო კომპანიების, სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმზე აქცენტი გაკეთდა სურსათის ხარისხისა და უვნებლობის სტანდარტებზე. ასევე ისაუბრეს სურსათის უვნებლობის გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაზე და განიხილეს მათი შესაძლო გავლენა ადგილობრივ აგრარულ კომპანიებსა და ფერმერებზე. ფორუმი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით ნატროშვილმა, ევრობანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონების ინფრასტრუქტურისა და აგრარული წარმოების სამმართველოს უფროსმა, ევგენია სეროვამ გახსნეს. ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაცია წლებია თანამშრომლობს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის და კავკასიის ქვეყნებში. მათი გამოცდილება დაეხმარება საქართველოს თავისი სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებაში, ადგილობრივად სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაში და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში. კარგი იქნება, თუ აღნიშნული ორგანიზაციები და ქართული კომპანიები მჭიდროდ ითანამშრომლებენ და ჩვენი კომპანიებისთვის ევროსტანდარტებზე გადასვლა იოლად მოხდება“, – განაცხადა დავით ნატროშვილმა.
ფორუმზე სამოცამდე ადგილობრივი აგრარული კომპანიისა და ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, განიხილეს ქვეყნის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ კანონმდებლობაში ამჟამად მიმდინარე ცვლილებები და იმსჯელეს ქვეყნის სურსათის უვნებლობისა და მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების საჭიროებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებები. კოდექსი 2014 წლის გაზაფხულზე შევა ძალაში. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ფორუმის მიმდინარეობისას აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების” (DCFTA) პირობებიდან გამომდინარე, საქართველოს სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვის ვალდებულება აქვს. ახალ რეგულაციებზე გადასვლისა და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანია სრულყოფილი კომუნიკაცია არსებობდეს მთავრობას, ფერმერსა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მეწარმეებს შორის. როგორც, ევრობანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ აღნიშნა, „ევრობანკი მნიშვნელოვანი ინვესტორია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში. კერძო სექტორის შემდგომი განვითარებისათვის ევრობანკის ძალისხმევის შესაბამისად, მნიშვნელოვანია გამოვლინდეს ისეთი სფეროები სოფლის მეურნეობის სექტორში, სადაც საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა სექტორის შემდგომი მოდერნიზაციის მიზნით და საუკეთესო საერთაშორისო პოლიტიკასთან და სტანდარტებთან დასაახლოებლად. ეს პოზიტიური ნაბიჯი იქნება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში საქართველოს სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებისათვის. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა კერძო სექტორში მოქმედ მწარმოებლებთან და პოლიტიკის განმსაზღვრელებთან ძალიან დროულია. ეს ხელს შეუწყობს გაუმჯობესდეს სოფლის მეურნეობის სექტორის მუშაობა და განვითარდეს სურსათის მიწოდების თანამედროვე არხები და საცალო ვაჭრობის ქსელი”.
ფორუმის მიზანი იყო შეიქმნას საჯარო და კერძო სექტორებს შორის დარგის პოლიტიკაზე დიალოგის პლატფორმა, სადაც სოფლის მეურნეობის სექტორი და მთავრობა საფუძველს ჩაუყრიან თანამედროვე ღირებულებათა ჯაჭვებს და გაუმჯობესებულ საინვესტიციო გარემოს. ასევე უზრუნველყოფენ, რომ ახალი ღონისძიებები ეფექტურად და ინკლუზიურად განხორციელდეს. „სურსათის უვნებლობა ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის და ჩვენ ველით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის შესაძლებლობას კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებთან, მთავრობასა და სხვა დაინტერესებულ წრეებთან სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების მიზნით“, – განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონების ინფრასტრუქტურისა და აგრარული წარმოების სამმართველოს უფროსმა, ევგენია სეროვამ.
მან აღნიშნა, რომ „სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაციასა და ევრობანკს მდიდარი გამოცდილება აქვთ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დარგის პოლიტიკაზე დიალოგის ორგანიზებაში. ბევრ ქვეყანაში ჩაგვიტარებია მსგავსი ღონისძიებები და მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია სოფლის მეურნეობის სექტორში საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. ამგვარი დისკუსიები გაგვიმართავს რუსეთსა და უკრაინაში ხორბლისა და რძის პროდუქტების თემაზე, სერბეთში ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოებაზე, ყირგიზეთის სოფლის მეურნეობის სექტორის საინვესტიციო კლიმატსა და სხვა საკითხებზე“.
საქართველოს სოფლის მეურნეობა და სურსათის წარმოება მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს დაექვემდებარება. ეს ფორუმი საეტაპო მოვლენა იყო დარგის წარმომადგენელთა გაერთიანების და მთავრობასთან აქტიური ურთიერთობის კუთხით. ფერმერებს და კომპანიებს შეუძლიათ ამ ცვლილებებით ისარგებლონ, აწარმოონ და ივაჭრონ უვნებელი საკვები პროდუქტებით, რათა ბაზარზე უფრო მძლავრად წარმოჩინდნენ. ევრობანკი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოს კერძო სექტორში. 2014 წლის იანვრის მდგომარეობით, ევრობანკს ქვეყანაში ინვესტირებული აქვს 1.83 მილიარდ ევროზე მეტი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში განხორციელებული 165 პროექტის საშუალებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები