„ამ კომპოზიციამ ჩემი ცხოვრება შეცვალა“ – თამთა წულაძის საკმევლის სახლი და სასანთლეები

თითოეული ნამუშევრები არის ხელით შექმნილი. ესენია: უნიკალური, ბუნებრივი და მინიმალისტური ნივთები, რომლებიც სითბოს და სიმშვიდეს გადმოსცემს. ბევრი კომპოზიცია თავადვე შექმენა და ააწყო, მაგალითად, საკმევლის სახლი და სასანთლეების სხვადასხვა ვარიანტი. ამბობს, რომ  ამ სტილმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ბევრმა დაიწყო მსგავსი მიმართულებით მუშაობა.
„თითოეულ ნამუშევარში ჩადებულია დიდი შრომა, ყურადღება და სიყვარული.  ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს განსხვავებული და ესთეტიკურად დახვეწილი ხელნაკეთი ნივთები შევთავაზო, რომლებიც სივრცეს სიმყუდროვეს და სითბოს შემატებს“. – ხელნაკეთი დეკორატიული ნივთების შემქმნელის, თამთა წულაძის პერსონა.
–  ბავშვობა…
– ბავშვობიდან მიყვარდა ხელოვნება, თუმცა უკვე 8 წელია ბანკში ვმუშაობ.
– რამდენი ხანია, რაც ნაკეთობებს ქმნით? როდის აღმოაჩინეთ, რომ ამ ნიჭით ხართ დაჯილდოებული?
– მეორე შვილზე დეკრეტულის პერიოდში დავიწყე ხელნაკეთი დეკორატიული ნივთების შექმნა სკულპტურული თაბაშირით და ეს საქმე ჩემს დიდ სიყვარულად იქცა. პირველივე ნაკეთობამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
T A M O R É handmade – ჰქვია თქვენს გვერდს…
– TAMORÉ ჩემი სახელის შთაგონებით შექმნილი სახელია, რომელსაც ფრანგული ჟღერადობა მივეცი, რათა ბრენდი ელეგანტური და დასამახსოვრებელი ყოფილიყო.–   საკმევლის სახლის და სასანთლეების სხვადასხვა კომპოზიცია შექმენით. როგორ დაიბადა იდეა და რა მახასიათებელი გაითვალისწინეთ?
– სწორედ მე შევქმენი საკმევლის სახლისა და სასანთლის კომპოზიცია, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია და შემდეგ ბევრმა დაიწყო მსგავსი ნაკეთობების გაკეთება. სანამ საკმევლის სახლს მომხმარებელთან მივიტან, ძალიან ბევრი ტესტი გავაკეთე. ვუყურებდი, როგორ უნდა ყოფილიყო შიგნიდან დამუშავებული, რომ მდგრადი გამოსულიყო, გრძელი ხანგრძლივობა ჰქონოდა და უსაფრთხო ყოფილიყო საკმევლისთვის. თითოეული დეტალი ხელით ვამუშავე, რათა ხარისხი და გამძლეობა  გარანტირებული ყოფილიყო.– ახალი წელი,  აღდგომა… საქართველოში  დიდი რელიგიური დღესასწაულებისთვის მზადება ყოველთვის განსაკუთრებულია… როგორ ახერხებთ,  განსხვავებული და  დახვეწილი ნამუშევრების შექმნას? ახალ-ახალი კომპოზიციების შეთავაზებას მომხმარებლებისადმი?
– ახალ წელს და აღდგომას ვქმნი სპეციალურ, სეზონურ კომპოზიციებს. ვაერთიანებ ხელნაკეთ დეტალებს სხვა დეკორატიულ ელემენტებს, რათა ნამუშევარმა დღის განწყობა და შთაბეჭდილება შექმნას. ახალი კომპოზიციები ყოველთვის ექსპერიმენტზეა დაფუძნებული, ვცდილობ, უნიკალური და ადამიანებისთვის დასამახსოვრებელი იყოს.
– თქვენი კომპოზიციებიდან რომელს გამოარჩევდით?
– ყველაზე მეტად გამოვარჩევ საკმევლის სახლსა და სასანთლეს, რადგან სწორედ ამ კომპოზიციამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და დამანახვა, რომ ჩემი შემოქმედება ბევრ ადამიანს მოსწონს.– ანგელოზები…
– ანგელოზები იქმნება სკულპტურული თაბაშირით, ეტაპობრივად – ფორმის ჩამოსხმით, დამუშავებით და დეტალების დახვეწით. ეს, მართლაც, დიდ მოთმინებასა და სიზუსტეს მოითხოვს, რადგან თითოეული ნამუშევარი ხელით სრულდება და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
– რა მასალას იყენებთ?
– ვიყენებ სკულპტურულ თაბაშირს, რომელიც იდეალურია დეკორატიული ნაკეთობებისთვის — იძლევა სუფთა, თეთრ და გამძლე ფორმას. დამატებით ვიყენებ ბუნებრივ დეტალებსა და ხარისხიან მასალებს, რათა ნამუშევარი ესთეტიკური და დახვეწილი იყოს.–  შთაგონება?
– მყავს მეუღლე..ორი შვილი – 5 წლის და 8 თვის ცელქი ბიჭები.  ოჯახი და მათი სიყვარული არის ჩემი შთაგონების მთავარი  წყარო.
პირველი ნაკეთობა სახლში დავიწყე, ოჯახმა იმდენი სიყვარული გამოუცხადა, რომ გადავწყვიტე სხვებსაც გამეზიარებინა.– სააღდგომოდ  რას შესთავაზებთ  მომხმარებელს?
– სააღდგომოდ მომხმარებელს ვთავაზობ ახალ, სადღესასწაულო დეკორატიულ ნაკეთობებს – კომპოზიციებს, სადაც ნატურალური დეტალები ერთიანდება. თითოეული ნამუშევარი შექმნილია იმისთვის, რომ სახლში სიმშვიდე, სითბო და განსაკუთრებული სააღდგომო განწყობა მოიტანოს.
–   ჰობი…
– ჩემი ჰობი –  ხელნაკეთ დეკორზე მუშაობაა. ჩემი უფროსი შვილიც ყოველთვის ინტერესით მაკვირდება და ხანდახან თავადაც მონაწილეობს პროცესში. ბავშვებთან თამაში და მათი ცნობისმოყვარეობა მაძლევს შთაგონებას და ენერგიას.–  ხელნაკეთი დეკორი სახლის სიმშვიდისა და სილამაზისთვის – მათი შექმნისას რას ითვალისწინებთ?
– ნამუშევრის შექმნისას ვითვალისწინებ ხარისხს, დეტალებს და ემოციას.  ჩემი მიზანია შევქმნა ხარისხიანი, ლამაზი და განსაკუთრებული ხელნაკეთი პროდუქცია, რომელიც ნებისმიერ სივრცეს უფრო თბილს და ჰარმონიულს გახდის.
–  გაქვთ ოცნებები? ბედნიერება რა არის თქვენთვის?
– ბედნიერება – ჩემი ოჯახია,  ოცნება – მშვიდობიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრება.

 

                                                                                                                      თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები