ესპანეთში, ბრიტანელი ტურისტების ავტობუსი ხევში გადავარდა – არის მსხვერპლი

ესპანეთის კუნძულ ლა გომერაზე ბრიტანელი ტურისტების ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი სასწრაფო დახმარების სამსახურების ცნობით, დაშავებულები, რომელთაგან სამი მძიმე მდგომარეობაშია, ვერტმფრენით ნუესტრა სენიორა დე გვადალუპეს საავადმყოფოსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

მათივე ცნობით, მგზავრებს შორის 27 ბრიტანეთის მოქალაქე და მძღოლი იყო.

ავარია მაშინ მოხდა, როდესაც სატრანსპორტო საშუალება გზიდან გადავიდა GM-2-ზე, ლა-გომერაზე – კანარის კუნძულებიდან ერთ-ერთზე, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის ტურისტებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია.

„ჩვენი ფიქრები ამ ტრაგიკული მოვლენის შედეგად დაზარალებულებთანაა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ ისინი კონტაქტზე არიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მზად არიან დახმარება გაუწიონ ბრიტანეთის მოქალაქეებს.

ავტობუსი ადგილობრივ კომპანია „გომერა ტურსს“ ეკუთვნოდა.

ესპანეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გასულ წელს, იმავე გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა და 10 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები