„ამ ლექსის დაწერის ისტორია პოეტის დედას უკავშირდება“ – მიხეილ ქვლივიძის „იუდას მონოლოგი“ და თეონა გოგნიაშვილის ერთი მოგონება

მოახლოებული აღდგომის დღეებში ჟურნალისტი თეონა გოგნიაშვილი პოეტ მიხეილ ქვლივიძესთან შეხვედრას და ერთი ლექსის დაწერის ამბავს იხსენებს:

„ვიცი, დაგაინტერესებთ. მინდა მიხეილ ქვლივიძის საოცარი ლექსი „იუდას მონოლოგი“ გავიხსენო.
უფრო სწორედ, ის ნამდვილი ამბავი, რაც ამ ლექსის დაწერას უძღოდა წინ… არა მგონია, ბევრმა იცოდეს.
თავის დროზე, მე და თამრიკო ოქრუაშვილი პოეტს ლესელიძის ქუჩაზე ხშირად ვსტუმრობდით ხოლმე. თავისი ცხოვრების ამბებს ხშირად გვიყვებოდა.
ერთ დღესაც გაიხსენა თუ რამ დააწერინა ეს ლექსი.
ჯერ მინდა ეს სტროფები შეგახსენოთ:
„უნდა ვითავო ეს უმძიმესი საქმე –
გავიღო მსხვერპლი საჩინო,
უნდა გავწირო კაცი – იესო,
ქრისტე – ღმერთი რომ გადავარჩინო!
ჩქარა!.. ცის კიდეს ვარსკვლავი მოწყდა,
ზეცა გაწითლდა, როგორც მოცხარი..
და მე ავდექი, ვემთხვიე მოძღვარს
და ჯალათებმა იცნეს მოძღვარი“!
ამ ლექსის დაწერის ისტორია პოეტის დედას უკავშირდება: „საოცარი დედა მყავდა. ომის დროს, ერთხელ, ნავთის მოსატანად გამიშვა პლეხანოვზე, სადაც ცხენებშებმულ ურემზე, ბიდონებიდან ნავთს ტალონებით არიგებდნენ. მივედი, ვხედავ ბევრი ხალხია. ჩემი რიგი რომ მოვიდა, ნავთი ჩამისხეს, მაგრამ იმ კაცს ტალონის მოხევა დაავიწყდა. როცა დედას ეს ამბავი ვუთხარი, გამიბრაზდა: იმ კაცს შენ  გამო ნავთი დააკლდება, ახლავე უკან მიბრუნდი და ტალონი მოახევინეო. მეც მივბრუნდი, ვხედავ, ისევ ბევრი ხალხია. იმ კაცამდე ძლივს მივედი. როცა ჩემი დაბრუნების მიზეზი გაიგო, გაოცებულმა მკითხა: ვინ გამოგიშვა ჩემთანო? ვუთხარი დედამ-მეთქი. მან ტოლჩა ძირს დაახეთქა და მითხრა: ახლა წადი, ჭურჭელი მომიტანე, კიდევ უნდა ჩაგისხა ნავთიო! აი, ასეთ დედას სიმსივნე დაემართა…
ყოველ დღე მივდიოდი ეკლესიაში და ღმერთს ვეხვეწებოდი – გადამირჩინე- მეთქი. ბოლოს ძალიან ცუდად იყო და მალე, გავიდა კიდეც ამ ქვეყნიდან. ამის მერე სიონში მივედი და ღმერთს ვუთხარი: ძალიან გაბრაზებული ვარ და შენთან არასოდეს მოვალ-მეთქი.
როცა „იუდას მონოლოგი“ დავწერე, ეს ლექსი პოლონურად თარგმნეს და პოლონეთში მიმიწვიეს. იქ ჩასულს გადმომცეს, რომ ადგილობრივ სასულიერო პირს უთქვამს: იქნებ, ამ ლექსის ავტორი ჩემთან მოვიდესო. როცა მივედი, მკითხა: რამ გიკარნახა ამ ლექსის დაწერა, რის მერე დაწერეო? მეც მოვუყევი ის ამბავი, რაც დედას შეემთხვა, მაშინ მოძღვარმა მითხრა:
– ღმერთზე რომ გაბრაზდი, მან ეს გაპატია.
– თქვენი მოვალეობა რა არის – მეთქი? – ვკითხე.
– წინა კვირას, აქ, პატარა ბავშვი გაიტანა მანქანამ და დედამისი თავს იკლავდა. არ ვიცოდი, როგორ მენუგეშებინა, მაგრამ როცა მასთან მივედი, ვგრძნობდი, რომ ვიღაც (ალბათ ღმერთს გულისხმობდა) საჭირო სიტყვებს მკარნახობდა. მთელი საათი ველაპარაკე იმ ქალს და თავის მოკვლა გადაიფიქრა. აი, ეს არის ჩემი მოვალეობაო“.
როცა ამ ამბიდან წლების მერე, არგენტინელი მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის ესსე „იუდას ღალატის სამი ვერსია“ წავიკითხე. მიშა ქვლივიძის ეს ცნობილი ლექსი გამახსენდა. ვფიქრობ, ამ სახარებისეული ამბის ლექსად გადმოცემა გაცილებით რთულია და ბატონმა მიშამ ეს ჩვეული ოსტატობით მოახერხა.. ნათელი მის სულს“, – წერს თეონა გოგნიაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები