ზელენსკი: უკრაინა სააღდგომო ზავს მხარს დაუჭერს
კრემლის მიერ სააღდგომო ზავის გამოცხადების საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზადაა გადადგას „სარკისებური ნაბიჯები“ და გაიხსენა, რომ კიევმა უკვე შესთავაზა სააღდგომო პერიოდისთვის ცეცხლის შეწყვეტა.
“უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად ვართ საპასუხო ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენ წელს მათ აღდგომის დღესასწაულების დროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შევთავაზეთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ხალხს სჭირდება აღდგომა მუქარისგან თავისუფალი და მშვიდობისკენ მიმავალი ნამდვილი პროგრესი, ხოლო რუსეთს აქვს შანსი, აღდგომის შემდეგ თავიდან აიცილოს დაბომბვის განახლება”,- განაცხადა ზელენსკიმ.
იმავე დღეს, კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინის წინააღმდეგ ომში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, 11 აპრილს, მოსკოვისა და კიევის დროით 16:00 საათიდან 12 აპრილის ბოლომდე.
შეგახსენებთ, ერთი წლით ადრე, 2025 წლის 19 აპრილის საღამოს, ვლადიმერ პუტინმა აღდგომის წინა დღეს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და საომარი მოქმედებების შეჩერება გამოაცხადა. ზელენსკი დათანხმდა ამ ინიციატივას და რუსეთს ვადის გაგრძელება შესთავაზა. თუმცა, მეორე დღესვე კიევმა და მოსკოვმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.