ლევან ხურცია – სპექტაკლ „ვეფხისტყაოსანზე“: ვიცი, როგორ ცდილობდა ბატონი რობერტი ამ გენიალური პოემის ღვთაებრიობა და ადამიანური სიყვარული გადმოეცა სცენიდან, კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდა

აბსოლუტური უფლება აქვს ყველას, მოეწონოს, არ მოეწონოს, პოემის განადგურებად ჩათვალოს, მაგრამ ამ გოგოს (თინათინის როლის შემსრულებელ მსახიობს ვგულისხმობ) ფოტოების ფრიალი ასე უსირცხვილოდ, დამახინჯებული რაკურსით, თქვენ არ გიქმნით უხერხულობას მაინც? – ამის შესახებ მსახიობი ლევან ხურცია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლ „ვეფხისტყაოსანზე“ საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას.

მისი თქმით, თეატრში ერთი ადამიანის მისვლის შემთხვევაშიც კი ითამაშებს ამ სპექტაკლს, რადგან იცის, თუ როგორ ცდილობდა რობერტ სტურუა გენიალური პოემის ღვთაებრიობა, ადამიანის ნაკლოვანებები და ყველაზე მთავარი, ადამიანური სიყვარული გადმოეცა სცენიდან.

„სამი დღეა ვცდილობ არაფერი ვთქვა, რადგან ვმონაწილეობ ამ სპექტაკლში. აბსოლუტური უფლება აქვს ყველას, მოეწონოს, არ მოეწონოს, მიუღებელი იყოს, პოემის განადგურებად ჩათვალოს და ა.შ. ამაზე არც ვამბობ არაფერს, მაგრამ ამ გოგოს (თინათინის როლის შემსრულებელ მსახიობს ვგულისხმობ) ფოტოების ფრიალი ასე უსირცხვილოდ, დამახინჯებული რაკურსით, თქვენ არ გიქმნით უხერხულობას მაინც… მსახიობის, რომელიც წლებია რუსთაველის თეატრის მსახიობია და თავის პროფესიას ემსახურება სცენაზე. მეუღლეაა, დედაა და ბოლო-ბოლო ადამიანია. კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ შეგნებულად არაფერს ვიტყვი! და თუნდაც ერთი მაყურებელი მოვიდეს თეატრში, ვისაც უყვარს მსახიობი, რეჟისურა და კულტურა,  მისთვის აუცილებლად ვითამაშებთ ამ სპექტაკლს. რადგან ვიცი როგორ ეფერებოდა თითოეულ სიტყვას და ბგერას ბნ. რობერტი რეპეტიციებზე, და როგორ ცდილობდა ამ გენიალური პოემის ღვთაებრიობა, ადამიანის ნაკლოვანებები და ყველაზე მთავარი, ადამიანური სიყვარული გადმოეცა სცენიდან. კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდა… თუ გინდათ გაგახარებთ, ამასაც გეტყვით, ოღონდ მხოლოდ ჩემზე!! ჩამითვალეთ დამარცხებად, ამაყი ვარ, რადგან უდიდეს რუსთაველთან დავმარცხდი!!!“, – წერს ლევან ხურცია Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები