„მაინც მიყვარს ყველა, ვისაც უღალატია“…

მთელი ცხოვრება საბავშვო ჟურნალისტიკას ემსახურა… გაზეთს, რომელიც მომავალ ჟურნალისტებს, მწერლებს, კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თაობებს უზრდიდა ქვეყანას.  დღეს ასეთი გაზეთი რატომღაც აღარ სჭირდებათ… გული სწყდება, რომ დროებასთან ერთად ურთიერთობებიც შეიცვალა. მაგრამ, „ლექსის ჩამოფრენა“ ყველაფერს ავიწყებს, როცა მოულოდნელი განცდა მოდის და ახალი სტრიქონები იწერება…
შარშან პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა, დღემდე არ უნელდება ამერიკიდან გამოყოლილი დიდი და სასიამოვნო ემოცია… – მარინა თექთუმანიძის პერსონა.

12122800_723875367756623_6793428388390465077_n – ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო პოეზიის ფესტივალზე იმყოფებოდით, როგორც გამარჯვებული. მერე თქვენი ჩანაწერებიც წავიკითხე…
– შარშან ტეხასის შტატის დედაქალაქ ოსტინში საერთაშორისო ფესტივალზე მიმიწვიეს. მანამდე ამერიკულ საიტზე Poems Club განთავსდა ჩემი ერთი ლექსი. დიდხანს იყო პირველ ადგილზე, ბოლო დღეს ჩამომაგდეს მეოთხეზე, მაგრამ ამაზე არ მიდარდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხუთი ათასამდე ლექსი იყო წარდგენილი მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნიდან. სხვათა შორის, ქართველები ყოველთვის ათეულში ვხვდებოდით. ჩემამდე კატო ჯავახიშვილიც მიიწვიეს შტატებში, მაგრამ კატომ უარი თქვა.
დიდი სიამოვნებით გავიხსენებ იქ გატარებულ დღეებს. ეს იყო ძალიან დიდი და სასიამოვნო ემოციებით დატვირთული დღეები. შევიძინე ახალი მეგობრები, გავეცანი თანამედროვე ამერიკულ პოეზიას. ქართული პოეზია გავაცანი – მათთვის ძალიან ეგზოტიკური და საინტერესო. სხვათა შორის, ფესტივალის ორგანიზატორებს საჩუქრად წავუღე ქართველთა უპირველესი წიგნი „ვეფხისტყაოსანი” და ჩვენი ეროვნული ტანსაცმლის მინიატურული ნიმუშები. ყველა მეფერებოდა და მეკითხებოდა საქართველოს შესახებ. წელსაც მომივიდა მოწვევა და ვერ წავედი.
ვიცი, გაისადაც მიმიწვევენ. იქნებ 2017-ში მაინც წავიდე.
არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან დამეხმარნენ გამომცემლობა „უსტარის” ხელმძღვანელები. სწორედ მათგან მივიღე თავდაპირველად შეტყობინება, განმეთავსებინა ზემოთ აღნიშნულ საიტზე ჩემი ლექსი და მერე ბოლომდე გულმშემატკივრობდნენ.
– რამდენად აინტერესებთ ამერიკაში პოეზია?  საქართველო, მართლაც, პოეზიის და დიდი ტრადიციების ქვეყანაა, ასე მგონია, რომ ვერც ერთი ქვეყანა მას ვერ შეედრება ამ თვალსაზრისით…13667773_900584046753106_7215865851387169283_o
– ამერიკაში პოეზია გარკვეულ ჯგუფს აინტერესებს. აქ, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იცნობს ამერიკულ მწერლობას, ზოგადად. მეც გაოცებული ვრჩებოდი, როცა, მაგალითად, ვიწყებდი ჰემინგუეიზე ან ჯეკ ლონდონზე საუბარს და არ გაეგოთ ეს ავტორები. თუმცა, საინტერესო და ძალიან სასიხარულო გახდა ჩემთვის ის, რომ ერთმა ამერიკელმა ვაჟა ფშაველაზე და გალაკტიონზე დამიწყო საუბარი, და ეს ადამიანი შესანიშნავად იცნობდა ამერიკელ მწერლებსაც, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მეუღლე ქართველი ჰყავს და ძალიან უყვარს საქართველო. ისე, ჩვენს ქვეყანას პოეზიის მხრივ, მგონი, მართლა არ ჰყავს  ბადალი. ოსტინში ძალიან ბევრს მეკითხებოდნენ პოეტები ქართულ პოეზიაზე, ჩვენს დიდ პოეტებზე, უკვირდათ, როცა ვეუბნებოდი, რომ ეროვნებით ქართველი შოთა რუსთაველი და „ვეფხისტყაოსანი“ არა მარტო საქართველოს, მსოფლიო კულტურის კუთვნილებაა.
–   პოეზიის კონკურსებზე, ძირითადად, თითქმის „ამოაგდეს“ რითმიანი ლექსი. ერთმა კარგმა პოეტმა მომწერა, ურითმო ლექსი დავწერე, დღეს კონკურსებზე ასეთი ლექსები იმარჯვებსო და…  სამწუხაროდ, მრავალმა, მიბაძვით, ანდა, კონკურსებში გამარჯვების მიზნით, კონკურსებისთვის დაიწყო წერა…13584834_870530933079523_5148216642078403926_o
– კონკურსები ყველა ქვეყანაში იმართება და უნდა გაიმართოს საქართველოშიც, არც რითმიან თუ ურითმო პოეზიაშია საქმე. როცა ვინმე მეკითხება, როგორი პოეზია მირჩევნია, ასე ვპასუხობ და აქაც იგივეს გავიმეორებ: – მე, როგორც ქართველს და რითმიან პოეზიაზე გაზრდილს, რა თქმა უნდა, რითმიანი ლექსები მირჩევნია, ოღონდ გააჩნია რითმიანს და გააჩნია ურითმოს. იმდენი „მაკულატურა” მინახავს რითმიანში და იმდენი „მარგალიტი“ აღმომიჩენია ურითმოში, რომ ვფიქრობ, ამაზე კამათი არც ღირს.
რაც შეეხება მკითხველის თუ პოეტების გარკვეული ნაწილის აზრს, რომ ურითმო ლექსი ღუპავს ქართულ ლიტერატურას, ამაზე მეღიმება. არ მინდა თავის ქება, მაგრამ სასტუმროში მომაკითხა ჩემი ურითმო ლექსით აღფრთოვანებულმა ამერიკელმა პოეტმა და მითხრა, რომ ეს ლექსი ფესტივალის საუკეთესო ლექსი იყო. საერთოდ კი, ალბათ უნდა დამთავრდეს ნაცნობ-მეგობრობით კონკურსებში გამარჯვება. ყველგან ეს არ ხდება, თუმცა ბევრი კონკურსი გაილანძღა. მე ხელს ვერავის დავადებ ელემენტარული მიზეზის გამო. არ ვიცი, იქ რა ხდება და როგორ ვთქვა? ხანდახან მგონია, რომ ჟიურის წევრები ხელწერით ცნობენ ახლობელ ავტორებს და მაღალ ქულებს უწერენ, თუმცა დაზუსტებით, ბუნებრივია, არც ეს ვიცი. თან კიდევ, ქართველ პოეტებს და არამარტო,  ერთი სენი გვჭირს, ჩვენი ყველაზე უკეთესი გვგონია და არ გვიყვარს სხვისი უპირატესობის აღიარება. ამიტომ ყოველთვის ვიღაც არის გულდაწყვეტილი.
სამი პოეტური კრებულის ავტორი ხართ… კრებულიდან კრებულამდე?
– კრებულიდან კრებულამდე მოდის ახალი განცდები, ახალი ხედვა და როცა მისი უდიდებულესობა – ლექსი ჩამოფრინდება ხოლმე ჩემთან, ძალიან ბედნიერი ვარ და ბედნიერების ეს შეგრძნება ახალი ლექსის მოსვლამდე მრჩება. მალე, ალბათ, მეოთხე პოეტური კრებულიც იხილავს დღის სინათლეს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ამერიკაზეც მაქვს წიგნის წერა დაწყებული და თუ გავაგრძელე, შეიძლება ეს წიგნიც გამოვცე.
– ამ ბოლო დროს თქვენი პოეზიის რამდენიმე საღამო გაიმართა… როდის ატარებს საღამოს პოეტი?14199406_745935162213023_2099506175649080476_n
– არასწორად მიმაჩნია ძალიან ხშირი პოეტური საღამოების გამართვა ერთი და იგივე ავტორის მიერ. მე ერთი საღამო – მესამე წიგნის წარდგინება სწორედ ამერიკაში გამგზავრების წინ მქონდა, რომ ჩამოვედი, „აველუმმა” (ია იაღანაშვილი) მომიწყო „წიგნის სახლში” (ბახტრიონის ქუჩაზე). იქ ამერიკაში დაწერილი ლექსები გავაცანი სტუმრებს. შემდეგი საღამო მეოთხე წიგნის გამოსვლას დაემთხვევა.
–  როგორი უნდა იყოს პოეტი?  სამწუხაროდ, დღეს პოეტის პიროვნება და შემოქმედება ერთმანეთს დაცილებულია…
–  პოეტი ყველაზე ჰუმანური ადამიანი უნდა იყოს. არ მესმის ფულზე დახარბებული პოეტებისა და მომკალით. რა თქმა უნდა, როგორც ყველას, პოეტსაც სჭირდება არსებობისთვის გარკვეული თანხა, მაგრამ ფული პრიორიტეტი არ უნდა იყოს. კიდევ, ვერ წარმომიდგენია ძუნწი პოეტი. პოეტი, რომელსაც შეუძლია უმწეო მოხუცს გულგრილად ჩაუაროს, ჩემთვის მიუღებელია. ვერ წარმომიდგენია უსიყვარულო პოეტი. როგორ შეიძლება ადამიანმა და, მით უმეტეს, პოეტმა, უსიყვარულოდ იცხოვროს. საერთოდ კი, ალბათ დოგმები, ჩარჩოები არ შეიძლება არსებობდეს არც ხელოვანთათვის და არც ნებისმიერი ადამიანისთვის. ჩვენ – ყველანი ინდივიდები ვართ.
მთელი ცხოვრება საბავშვო ჟურნალისტიკას ემსახურეთ, – რას ფიქრობთ, ზოგადად, საბავშვო ჟურნალისტიკის პრობლემებზე? თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით?
–  დღეს, ფაქტობრივად, საბავშვო ჟურნალისტიკა აღარ არსებობს. თითო-ოროლა ჟურნალ-გაზეთი („დილა”, „ციცინათელა” და სხვ.), წვალებით, თითქმის ენთუზიაზმის დონეზე გამოდის. თითქოს აღარავის სჭირდება საბავშვო პრესა, თუ არადა, საბავშვო პერიოდიკა ბავშვის აღზრდაშიც მონაწილეობს და ყმაწვილს სტიმულსაც აძლევს. თავის დროზე, ჩვენი გაზეთი, მომავალ ჟურნალისტებს, მწერლებს, კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თაობებს უზრდიდა ქვეყანას. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ხელს შევუწყობდი ამ სფეროს განვითარებას.12088406_723881744422652_7857667678906491711_n
– გაზეთ „ნერგს“, რომლის რედაქტორიც იყავით, მრავალი შემოქმედის სახელი უკავშირდება, სწორედ ამ გაზეთში აქვეყნებდნენ პირველ ნაწერებს… და რედაქციისგან დიდი სითბო მიჰყვებოდათ… მრავალი შვილობილი გყავთ…
– ჩემი შვილობილები ჩემი შვილები არიან და რა ბედნიერი ვარ, რომ მათი რიცხვი საკმაოდ დიდია. ეს ბავშვები პატარაობიდან ჩემთან იყვნენ, რედაქციაში იზრდებოდნენ, მერე დაფრთიანდნენ, დღეს ჩვენი კულტურის სხვადასხვა სფეროს ამშვენებენ და მათთან დღესაც მაქვს ურთიერთობა, ვნახულობ, ვურეკავ, მირეკავენ, მწერენ და ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა.
– ყველაზე დასამახსოვრებელი დღე თქვენს ცხოვრებაში…
– ასეთი დღე არაერთია ჩემს ცხოვრებაში. ასეთი დღე იყო შვილის დაბადება, მერე – შვილიშვილების, მერე წიგნების, მერე ახალი მეგობრის შეძენის, თუ მწარე დღეებსაც ჩავთვლით, სია ალბათ ძალიან გაიზრდება.
– დროის მანქანამ რომ დაგაბრუნოთ წარსულში, რას შეცვლიდით?12108162_723886531088840_4160715671394950012_n
– ძალიან ბევრი არასწორი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრება იყო და უკან რომ დამაბრუნა, ალბათ ისევ ისე იმ შეცდომებით ვიცხოვრებდი. ყველაზე მეტად განვიცდი, მშობლებისთვის და ბებია-ბაბუებისთვის რაც მიწყენინებია.
 სიყვარული… რამდენჯერ შეიძლება მოვიდეს?
– პატარა რომ ვიყავი, ვფიქრობდი, რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ უნდა მოსულიყო. დღეს ასე არ ვფიქრობ, მაგრამ ესეც, ალბათ, ინდივიდუალურია. სიყვარული, დამოკიდებულება ამ გრძნობის მიმართ, სხვადასხვა შეგრძნება (ფორიაქი, ეჭვიანობა, უძილო ღამეები, სიხარული), ყოველთვის ერთი და იგივე რჩება. აი, ობიექტები კი შეიძლება შეიცვალონ.
– ადამიანი… ბევრს ნიშნავს თქვენთვის… რას აფასებთ?
– ადამიანში ადამიანს ვაფასებ, მის კეთილგანწყობას მეორე ადამიანის მიმართ და თავმდაბლობას. ეს თვისება ძალიან მხიბლავს, მით უმეტეს, ნიჭიერ ადამიანში. კიდევ ძალიან მიყვარს კეთილი, ხელგაშლილი ადამიანები.
–  ჩვენმა საზოგადოებამ რატომღაც თანადგომის უნარი დაკარგა…  რას ნიშნავს თქვენთვის სიკეთე?13680315_488735721323109_6863972531660816940_o
– ვერ ვიტყვი, რომ თანადგომის უნარი დაკარგა იმ ადამიანმა, ვისაც ეს უნარი ჰქონდა. გაჭირვებამ ყველას სახე წარმოაჩინა. სიკეთე ღვთიურია. მადლი ჰქენიო, ამბობს ჩვენი წინაპარი და ამ მადლის ქმნის გარეშე ღმერთმა არ გვაცოცხლოს. მეცოდებიან ის ადამიანები, საკუთარი ოჯახის წევრების მიღმა რომ არ იყურებიან. რამხელა ბედნიერებაა, როცა შეგიძლია მეორე ადამიანი გაახარო და რა საბრალოა ის, ვისაც ბედნიერების ეს შეგრძნება არ გამოუცდია. ვერ ვიტან ანგარებიან „სიკეთეს”. დაიმახსოვრე, როცა ვიღაც აქეთ გაჯილდოებს და დაივიწყე, როცა შენ გაიღებ სხვისთვის – ამ პრინციპით ვცდილობ, ვიცხოვრო.
– ერთი ლექსის ისტორია, რომელმაც სულში კვალი დატოვა…
– ასეთი ლექსი არაერთია. ვერ ვწერ ვერასოდეს, თუ არ შემძრა, არ შემაწუხა. ერთ-ერთ მათგანს გავიხსენებ. „ნუღარ მომიკვდები, დედა” ჰქვია. ჩემი მეგობრების დედებს ეძღვნება. როცა რომელიმე მათგანი მიდის, დედის წასვლით გამოწვეული ტკივილი მიახლდება და ამიტომ მინდა, დიდხანს, ძალიან დიდხანს იცოცხლონ მეგობრების დედებმა. ამხელა ქალი, როცა მათ ფრთებს ვეყუჟები, თავი ისევ პატარა მგონია და დედა მიცოცხლდება ამ წუთებში თითქოს.
– ყაზბეგში, თენგო ავსაჯანიშვილის საღამოზე სევდიანად თქვით, აქ უნდა დავიმარხო და თენგომ მიპატრონოსო…  ხევი ძვირფასია თქვენთვის…
– ჩემი წინაპრები რომელ საუკუნეში აიყარნენ ხევიდან და ჩამოსახლდნენ ქართლში, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ იქ ყოფნისას ისე მეძახის სისხლი, რომ ასე მგონია, თითქოს იქ დავიბადე და გავიზარდე. თენგოს, ამ არაჩვეულებრივ პოეტს, ჩემზე გაცილებით ახალგაზრდას, მართლა ვთხოვე წლების წინ, შენ გამითხარე საფლავი-მეთქი. ვნახოთ, როგორ შემისრულებს…
–  ჯვარი გწერიათ!.. ღალატზე მინდა გკითხოთ – მტკივნეულია, როცა ახლობელი ადამიანების ღალატს ხედავ,  ყველას გამოგვიცდია… და მაინც, შეგიძლიათ, გიყვარდეთ ადამიანი… 11709405_677632099047617_6348470299968115765_n
– ბუნებრივია, ღალატი არ არის უცხო. ღალატიც სხვადასხვანაირია. ხან ყოფითია, ხან სულიერი, ხან გაცნობიერებული, ხან გაუცნობიერებელი და მიუხედავად ამისა, მაინც მიყვარს ყველა, ვისაც უღალატია. და, იცი, რატომ? ადამიანები მიდრეკილები ვართ ნაკლოვანებებისკენ. ჩვენში, თითოეულ ჩვენგანში არის კეთილიც და ბოროტიც. მთავარია, ბოროტს არ მისცე გასაქანი, გზა არ დაუთმო, მაგრამ ეს რომ მოახერხო, უნდა საკუთარ თავზე იმუშაო, უნდა მკვეთრად გამიჯნო ბოროტი შენში, ჩვენ ფრთიანი ანგელოზები არ ვართ, ოღონდ ვიღაცას მეტი გონიერება გვაქვს, ვიღაცას – არა.
ხშირად მომისმენია, არასოდეს სხვისი არ შემშურებიაო, მეღიმება ამის მოსმენისას. მე ხმამაღლა ვამბობ, დიახ, შემშურებია, ოღონდ საკუთარ თავსაც არ გამოვტყდომივარ და ამისთვის გულის დაწყვეტა, სინანული გაუმართლებელი ცხოვრების გამო და სხვადასხვა რამ დამირქმევია. როგორც გინდა შეალამაზო, ეს ყველაფერი შურია. აი, როგორც კი ვიგრძნობ, რომ შემოდის რაღაც სახით, იმ წუთას კარს ვუღებ და მივაბრძანებ ხოლმე. არ ვაჭაჭანებ. ვიცი, ამ წინადადების გამო შეიძლება გავილანძღო, მაგრამ არ დავეძებ. და კიდევ ერთი, აბა, სხვებსაც ვკითხოთ, რამდენჯერ ტკენიათ გული ჩვენგანაც…მე ყოველთვის ვიმარჯვებ საკუთარ თავზე და ამით ბედნიერი ვარ. მე მიყვარს ყველა ადამიანი და ამითაც ბედნიერი ვარ.
– დედა, ბებია… ოჯახი, – როგორია მარინა თექთუმანიძე ოჯახში?
– ამაზე პასუხი ჩემი ორი ლექსია ფუფალას თემაზე. მოდი, ერთს მოგცემ, ეს ლექსი ყველაზე უკეთ იტყვის სათქმელს და შენს რესპონდენტსაც დასრულებულ სახეს მისცემს.

 პოეტ ბელა ჩეკურიშვილის წერილიდან:

„შენზე ვფიქრობდი ეს დღეები მარინა, და, იცი, რას მივხვდი? რომ მეც მასეთი, შენნაირი ვარ, რომ ჩვენ ასაკი არ გვაქვს და რომ ათი წლის მერეც ასეთი ვიქნები და შენც ათი წლის მერე ეგეთი იქნები. და, რომ ოცი წლის წინათაც ეგეთები ვიყავით.
ჩვენ არ ვართ ის ქალები, ქმრებით და შვილებით, და მულ-მაზლებით გარშემორტყმულები რომ ცხოვრობენ და სავალდებულო ნათლობა-დღეობებზე დადიან. ჩვენ ფუფალები ვართ. რაღაცნაირად ეგრე დავიბადეთ… და ეს ფუფალობა პოეტური სახე სულაც არ არის. ეს წყევლაც არის და გამორჩეულობაც. მაგრამ ეს, პირველ რიგში, მდგომარეობაა. არც ცუდია და არც კარგი. უბრალოდ, ეგეთია. ჩვენ ვოცნებობთ ბევრ შვილზე, მაგრამ არ და ვერ ვაჩენთ. ვოცნებობთ ქმრებზე, მაგრამ გავრბივართ იმ ქმრებიდან, ვითომ შემგუებლები ვართ რაღაცების, ჩვენ არასდროს ვჩხუბობთ და ვყვირით, მაგრამ საბოლოოდ ვეგუებით მაინც და თავისთავად გამოდის ასე… ”

პასუხი ბელას

ჩვენ დავიბადეთ ფუფალებად!
ასეთი იყო უფლის ნება.
შენ შენი თქვი და
მე ჩემსას გეტყვი…
ახლა ვიხსენებ სიყმაწვილეს
და მაღალ სიცხეს,
მიზეზი რომ ვერ გაარკვიეს
და ვერ გაიგო სახლში ვერავინ,
რომ ზამთრის იმ დღეს,
შილიფად ჩაცმულ მოხუცის და
ყრმის დანახვაზე
ისე ძლიერ ვინერვიულე,
რომ შედეგმაც არ დააყოვნა…
თუმც სულ პირველი თანაგრძნობის მადლიც
ხომ ვიცხე?!.
წამოვიზარდე…
როცა ბავშვობის მეგობრები მიამბობდნენ
თავიანთ ზღაპრებს ანდა სიზმრებს,
იმ სიზმრებიდან,
ზღაპრებიდან გამორჩეულს,
ფერად მძივებად აკინძულებს
ჩემს ძილიან ღამეებში
კვლავ ვპოულობდი,
და არ იცოდა ქვეყნად არავინ,
რომ ჩემს მეგობრებს სიზმრებს ვპარავდი…
რომ გავდიდდი და გავხდი დედა
და ვაჟიშვილი მარგუნა ბედმა,
ვერ შევეგუე ქმრის ღალატებს,
რადგან ვიცოდი,
მეყვარებოდა მხოლოდ ის კაცი,
მარტო მე რომ ვეყვარებოდი.
და ამიტომაც ერთ,
სავსე მთვარით ავსებულ ღამეს,
მისთვის უხილავ სინანულის
და სინდისის ქენჯნის გარეშე,
სხვა ქალისაკენ მიმოვისტუმრე…
შენ მართალი ხარ!
მართლაც ბევრ შვილზე ვოცნებობდი,
მაშინ, როდესაც
იმ ერთ შვილსაც ვერ ვუპატრონე.
რადგან იმ ერთსაც ხშირად ვტოვებდი
და მივდიოდი მთაში,
ტყეში სახეტიალოდ,
დედამიწაზე მოსვლის მიზეზი
რომ მეგრძნო ყიალში.
იქნება სწორედ
იმ ბევრი შვილის ნდომის სურვილმა
შვილობილები
მაჩუქა ბოლოს,
რომლებიც ისე შევიყვარე,
როგორც რომ ჩემი,
და მათაც ისე,
როგორც რომ ჩემსას
სიყვარული და ერთგულება ვაჩუქე მხოლოდ!
მახსოვს, როგორ გულმოდგინედ
ვპარავდი შვილს
ძვირფას კანფეტებს,
რომ სხვა ბავშვებსაც გაეგოთ გემო,
როს უკანფეტოდ დარჩენილი შვილი ტირილს იწყებდა,
ვანუგეშებდი, რომ კოცნა ჩემი
ყველაზე ტკბილი კანფეტი იყო,
რაც კი ეგემა…
იქნებ ეს არის ფუფალობის
ნიშან-თვისება?..
„პოეზიით სულის და ხორცის დარწყულება”-
ამ გაცვეთილი ფრაზის მიღმა
მუდმივად თან მდევს
სინდისის თუ რაღაც უთქმელის ქენჯნა,
რადგანაც ხშირად მავიწყდებოდა,
შინ დაბრუნებულ შვილს
ლექსი რომ არ დააპურებდა
და გაწბილებულს, სადილის ნაცვლად,
გაზქურაზე შემოდგმული
ცარიელი ქვაბი ხვდებოდა,
რომ დედამისი ფუფალა იყო
და სხვანაირად ვერ იცხოვრებდა,
ვერა ხვდებოდა…
მიყვარდებოდა,
ო, რა ძლიერ მიყვარდებოდა,
თუმცა ყოველი სიყვარული
მხოლოდ ზეციდან ჩამომყავდა,
და ვცდილობდი
ზეცისა და მიწის სინთეზად
გადამექცია.
მერე გავრბოდი,
უფრო ხშირად თვითონ გარბოდნენ,
რადგანაც ყოფის კაცებს
არ შეეძლოთ ამ უცნაურ
ქალთან გაძლება!
მე კი ვტიროდი,
გამოგონებულს დავტიროდი,
თავს ვიწყევლიდი,
რომ ასეთი ვარ,
რომ ფუფალა ვარ!
რომ ვერ ვირწმუნე,
რომ ზეცაში
ყოფის კაცები არა სახლობენ!
დიახ. ასეთი ვიყავ ოცი,
და მეტი, უფრო მეტი
წელიწადის წინ
და ასეთი ვარ!
და მინდა გითხრა,
გულწრფელად გითხრა,
რომ არ მადარდებს
ჩემს სულში რომ ის გოგო სახლობს,
ოდესღაც უცხო სამყაროში
საცხოვრებლად რომ გაემგზავრა,
დღესაც იქ არის,
და მხოლოდ ხანდახანა კვეთს
ის სამყარო ამ დედამიწას…
ხანდაზმულ გოგოს დღესაც სჯერა, რომ ოდესმე შეიყვარებენ.
რა ქნას?!
ის ხომ ასეთად
ანუ ფუფალად დაიბადა…
„ეს ფუფალობა პოეტური
სახე სულაც არ გახლავთ,
ის არც ცუდია და არც კარგი,
უბრალოდ, ასეთია”…

 

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები