ქართველ ექსპერტთა ნაწილის აზრით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლის
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები თავისი შედეგებით, არამარტო ამერიკელების შემდგომ ბედს განსაზღვრავს, არამედ სერიოზულ გავლენას მოახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე, – ამის შესახებ ექსპერტმა საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილმა „კვირას“ განუცხადა.
ლევან ნიკოლეიშვილი ვრცლად საუბრობს იმ არჩევნებზე, რომელიც ამერიკაში 8 ნოემბერს გაიმართება. ექსპერტი ყურადღებას კანდიდატების ბიოგრაფიაზე და მათ საარჩევნო პროგრამებზე ამახვილებს. ექსპერტი თვლის, რომ დაპირებები, რომლითაც ტრამპი ამერიკელებთან მიდის, ძნელად შესასრულებელია. ჰილარი კლინტონის საარჩევნო პროგრამაში კი მთავარ გამოწვევად კონგრესის საკითხს თვლის.
“მთლიანობაში ტრამპის დაპირებები რთული შესასრულებელია, თუნდაც იმიტომ, რომ იგი ამბობს თითქოს ამ დაპირებებს ძალიან სწრაფად შეასრულებს. კედლის აშენება აშშ-მექსიკის საზღვარზე და მუსულმანების ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, ცხადია რეალობას არ შეესაბამება. ხშირ შემთხვევაში ტრამპი არ ეხმაურება კლინტონის სოცუზრუნველყოფის საკითხებს, რაც შეიძლება მისთვის ხელსაყრელიც კი იყოს. ტრამპის საუკეთესო გამონათქვამად შეიძლება ეს ფრაზა ჩაითვალოს “ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება“, – აცხადებს ექსპერტი.
ლევან ნიკოლეიშვილის აზრით, რა შედეგითაც უნდა დასრულდეს არჩევნები ამერიკაში, ამით საქართველოსთან არსებული პოლიტიკა ამერიკის მხრიდან მკვეთრად არ შეიცვლება, თუმცა ექსპერტი იმ განსხვავებულ პოლიტიკურ კურსზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც კანდიდატებს ჰილარი კლინტონს და დონალდ ტრამპს რუსეთთან მიმართებაში აქვთ. ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ტრამპი რუსეთთან მიმართებაში ლოიალურია.
„აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია აქვთ კლინტონსა და ტრამპს რუსეთის, კერძოდ კი ვლადიმერ პუტინის მიმართ: ტრამპი ფიქრობს, რომ პუტინთან ლოიალური და მეგობრული ურთიერთობა უფრო სასარგებლო იქნება აშშ-სთვის. კლინტონი კი გარდა იმისა, რომ რუსეთს ჰაკერულ ბრძოლაში ადანაშაულებს, ასევე ღიად აცხადებს, რომ მის მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება გააძლიერებს აშშ-ს საერთაშორისო პოზიციებს, თუმცა კონფრონტაციის მომხრე არც იგია. საინტერესოა, რომ თუ კი ჰილარი კლინტონი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უფრო გაძლიერებასა და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის მომხრეა, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ნატომ თავის თავს თვითონ უნდა მიხედოს, როგორც ჩანს მან არ იცის ან უბრალოდ უნდა დაივიწყოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, – აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.
ექსპერტი ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატების „ჩრდილოატლანტიკური“ ალიანსის მიმართ განსხვავებულ პოზიციებზეც საუბრობს.
კოლინ პაუელი, პირველი აფრო-ამერიკელი დიპლომატი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, რესპუბლიკელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში, აცხადებს, რომ მხარს უჭერს ჰილარის და დემოკრატი კლინტონი არჩევის შემთხვევაში, ღირსეული პრეზიდენტი იქნება. ასე ფიქრობს ბევრი გამოჩენილი რესპუბლიკელი, მათ შორის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატებიც“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
ლევან ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის პოლიტიკური კურსი საქართველოსთან მიმართებაში არცერთი არჩევანის შემთხვევაში არ შეიცვლება, თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა ისეთი პოლიტიკური პარტნიორი დაკარგოს, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ლევან ნიკოლეიშვილი თვლის, რომ დაპირებები, რომლითაც ტრამპი ამერიკელებთან მიდის, ძნელად შესასრულებელია. ჰილარი კლინტონის საარჩევნო პროგრამაში კი მთავარ გამოწვევად კონგრესის საკითხს თვლის.
დამოუკიდებელი ექსპერტი „კვირასთან“ საკუთარ პროგნოზსაც აკეთებს და თვლის, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებს და ის იქნება პირველი ქალი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ასევე ეს იქნება „დემოკრატების“ უკვე მესამედ მოსვლა ხელისუფლებაში. დამოუკიდებელი ექსპერტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსაც აფასებს და თვლის, რომ არჩევანი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა, დასაფასებელია.