რა მოჩანს 202D  აუდიტორიის ფანჯრიდან? – ტყის ფოთლებში მზის სხივებით დაკოპლილი  შველის ამბავი

„ვისაც ტირილამდე მოგენატრათ ყოჩივარდები“, გამურული თითებით შემწვარი კარტოფილის მირთმევა, ნესტიანი შეშის კვამლით აცრემლებული თვალები, დანისლული თბილისისა და მარაბდის ხედები, იქნებ, კვირას უძოს მონასტერში ავსულიყავით, წყნეთის ბოლო გაჩერებიდან – 40 წუთის სავალია ფეხით“... – ასეთ ლამაზ და ორიგინალურ მიწვევას ხშირად ნახავთ მის ფეისბუქის გვერდზე. ასევე – პატარ-პატარა ამბებსა და ჩანახატებს, მისი მეგობრები „მარტივ საოცრებებს“ რომ უწოდებენ.
მერე… თუ მართლა გაჰყევით ლაშქრობაში, აღმოაჩენთ, რომ
წყალს,  „ყოჩივარდების ფესვების სურნელი და გემო“ აქვს… სხვანაირად იმზირება მთის წვერზე ეკლესიის ნაშთისაკურთხეველი და დიდი ხავსიანი ლოდები, და რომ, მართლაც, ულამაზესი ყოფილა დანისლული თბილის-მარაბდა… – პერსონის სტუმარია ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი  უფროსი მასწავლებელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ ჯოხარიძე.

თოვლი

 – ჩვენი გვარის ერთი შტო შალაურიდანაა. დღეს ეს პატარა სოფელი თელავის გარეუბანია. ულამაზესია ცივის მთითა და მალხაზის წყაროთი, ხელისგულივით გაშლილი ალაზნის ველით. მე და ჩემი ძმა ხან კახეთში ვიყავით, ხან იმერეთში, დედულეთში. ზვარეში მარტო მე და მერაბი ვეძახდით ბებიას ბაბოს, ბაბუას – პაპას. მაგრამ, პაპას დედას „ბებიათი“ მივმართავდით. მშობლები ტექნიკური განათლებით იყვნენ – ფეიქრები. 16 წლის ვიყავი, ჩემი დაიკო  რომ დაიბადა –  ჩემი კლასელი გოგონების  გასართობი თოჯინა.
– სტუდენტობის წლები… ტექნიკური განათლება გაქვთ მიღებული.  როგორ აირჩიეთ პროფესია?
– 1972 წელს მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი ქუთაისში გადაიტანეს. ამან ფეიქრობას „გადამარჩინა“. სკოლაში ელექტროობით ვიყავი დაინტერესებული. კავშირგაბმულობის ფაკულტეტს იმ წელს გამოეყო ავტომატიკა-გამოთვლითი ტექნიკა. ძალიან საინტერესოდ ჟღერდა და ამიტომ, საბუთები იქ შევიტანე. სტუდენტობის წლები…  ვფიქრობ, სტუდენტობის და ზოგადად, ახალგაზრდობის წლები უფრო უკეთ შეიძლებოდა გამევლო. არა, არაფერი დამიკლია. ეგ იყო, ბევრი განაწყენებული ადამიანი დამრჩა იქ…
– წერა როდის დაიწყეთ? პირველი ნაწარმოები…1052266_799714870174895_8121736388875111314_o
 ბუნებით „ხეტიალა“ ვარ. რაც უფრო დამოუკიდებელი ვხდებოდი, მით უფრო დიდი დროით ვიკარგებოდი თბილისიდან. მოგზაურობისას ვიწერდი საინტერესო ამბებს, ვინიშნავდი ბილიკებს,  წყაროებს, საკარვე ადგილებს. თბილისში ჩამოსული ვყვებოდი, თუ როგორ გაჰყავდათ სამანქანო გზა თუშეთში; რა საინტერესო და უღალატონი არიან ხევსურები; როგორი ლამაზი ხალხი და ბუნებაა  სვანეთში. მიჭირდა ნაამბობის დასრულება. სკოლაში, ქართულის მასწავლებელი ქალბატონი ესმა, ჟურნალ „ცისკარში“ დაბეჭდილ რევაზ ინანიშვილის ნოველებს გვაკითხებდა. ყურადღებას გვაქცევინებდა წერის მისეულ მანერაზე; უბრალოდ, ძალდაუტანებლად გადმოცემულ მის დიდებულ ნოველებზე.  კვლავ მივუბრუნდი ინანიშვილს. ამის შემდეგ, უფრო ნაკლებს ვქაქანებდი და უფრო მეტს ვწერდი. არა, ეს არ იყო მხატვრული. უფრო, ასვლების და მოგზაურობის ტექნიკური მხარე სჭარბობდა, ოღონდ უკვე „ლირიკული“ გადახრებით.
– რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებული ხართ. როგორ დაიწერა მოთხრობა „მგზირი“, რომელმაც პირველი პრემია მოიპოვა…
ჩემი ძმა მერაბი, სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებისას გაანაწილეს ადიგენში. მასთან სტუმრობისას ე.წ. იდას წყაროზე, მოვისმინე „მგზირის“ მგვანი ამბავი. კაი ხნის მერე, გაზეთ „კვირის პალიტრაში“ დაიბეჭდა ვრცელი სტატია მგლებზე. თითქმის მივიწყებას მიცემული ამბავი თავიდან მეწვია. მერე, ეს რატომღაც მესხეთიდან გადახევსურდა და თავისთავად, ხევსურული დიალექტით „გამგზირდა“. სხვა ყველაფერი ნაღდია – ბისო, შალვა, ადუა და მამუკა ქეთელაურები. შალვა, უბადლო მონადირეა. ადუას პედაგოგიური აქვს დამთავრებული; 80-იანებში ბარისახოს სკოლა-ინტერნატის სასწავლო ნაწილის გამგე იყო. დღეს თეთრწყლებშია მასწავლებლად. სიმართლე ითქვას, კონკურსში გამარჯვებას არ ველოდი. ეს უფრო, რევაზ ინანიშვილისადმი პატივისცემის გამოხატვა იყო. ეს კონკურსი გამორჩეულად საჩინოა ჩემს ცხოვრებაში.
– ტექნიკური უნივერსიტეტის აუდიტორიას, სადაც მუშაობთ, უამრავი მოგონება უკავშირდება…
14874832_1000696886743733_2050614512_n– 202 D აუდიტორიაში სტუდენტებს ვასწავლით არაელექტრული სიდიდეების ელექტრულ გაზომვებს. ანუ, როგორ გადავიყვანოთ, ვთქვათ, წნევის, ტემპერატურის, სწორხაზობრივი და კუთხური გადაადგილების ცვლილება ელექტრულ ცვალებადობაში. ერთხელ, კარები იღება და შემმოწმებელი კომისია შემოდის წვერაიძის, ბაიაშვილის, კაიშაურის და სხვ. შემადგენლობით. დაფაზე ფშავის არაგვის შენაკადებისა და სოფლების რუკა ხატია. სადღაც, დაფის კუთხეში, ერთი პატარა სენსორი დამრჩენია. ბაიაშვილი მივიდა დაფასთან, აიღო ცარცი და დაფას მიაფშვნა: „უძილაურთა იქ კი არა, აი აქ არი!“
202 D  აუდიტორიის ფანჯრიდან „ცხოვრება“ ჩანს. ვთვლი, რომ სასურველია ელექტროობას კარგად ჩაწვდეს სტუდენტი (ეს ხატვის, მუსიკალურ და ა.შ. ნიჭს ჰგავს), თუ „ვერა“, ამით ქვეყანა არ დაიქცევა. მაგრამ, უმაღლესში რომ სწავლობდა, ეს, ერთი შეხედვით, უნდა ეტყობოდეს. ამისთვისაა 202 D აუდიტორია და ამის პრეტენზიაც მაქვს!
აქ, როგორც ოჯახში, ვეხმარებით სტუდენტებს, სწავლის პერიოდში საგნების არჩევა იქნება, საგადასახადოში გაუგებრობა, სამაგისტრო, თუ დოქტორანტურის საბუთების გარკვევა-შეგროვება. სტუდენტების უმრავლესობა მუშაობს. არის საკითხები, რაც სამსახურში ვერ გადაწყდა. ერთად ვიხილავთ შესაძლო ვარიანტებს. ჩვენივე ურთიერთობის მაგალითზე ვუჩვენებთ, ასაკით უფროსთან ახლო ურთიერთობა მეგობრობაში და არა ფამილარობაში რომ არ უნდა გადაიზარდოს.
გიყვართ ხეტიალი, მოლაშქრე ხართ… საინტერესო ადამიანებს შეხვედრიხართ… რომელი მწვერვალები დაგილაშქრავთ? 
შვილები– ჩვენთან სპი-ში ალპიური კლუბი არ იყო. უფრო სწორედ, ავარიის გამო დახურეს. ამიტომ, უნივერსიტეტს დავყვებოდით. უშესანიშნავესი ადამიანები გავიცანი ალპინიადებზე. მარტო დიმიტრი დანგაძე და აგი აბაშიძე რად ღირს;   შოთა მირიანაშვილი და კაკო ხერგიანი? იმ დროს, მწვერვალზე ასასვლელად კლუბიდან ნებართვა უნდა გქონოდა, რომ თუ რამე იყო,  მაშველს სცოდნოდა, სად ეძებნე. ოფიციალური ასვლები მაქვს: მწ. მყინვარწვერი; ხლდის ხეობაში მწ. ყურო (I სანიშნოსნო), მწ. გორი, მწ. შანო; ჭაუხებში მწ. მუხაძე, მწ. რჩეულიშვილი. სვანეთში მწ. ბანგურიანი, მწ. ნაკრა. არაოფიციალური – რაღა თქმა უნდა, უსაყვარლესი და ულამაზესი მყინვარწვერი, მწ. თებულო, მწ. ედენა (რაჭაში), მწ. იალბუზი, მწ. დონღუზორუნი, მწ. რჩეულიშვილი. ბევრი მეგობარი დღეს ცოცხალი აღარ არის. მთის გამო არა, „ცხოვრება“ მიდის და მიაქვს თავისი – ბადრი ჩხაიძე ავტოავარიამ იმსხვერპლა, სერგო ბარლიანი – პროსტასერგო, მეხმა აიყვანა ზეცაში, დათო ბაიდაური 90-იანების არეულობამ, ზურა სუჯაშვილი, თემურ თათარაშვილი…
 თავგადასავლები… შველიც კი შემოგეყარათ ზედაზნის ტყეებში…
– 2014 წლის მაისში ჩვენი სპეციალობის ჯგუფს შევპირდი, თუ სემესტრს კარგად დაამთავრებდნენ,  ორდღიანი გასვლა ჩემზე იქნებოდა. 20 ივნისს გამოცდები წარმატებით დაასრულეს და დანაპირების დროც დადგა.
70-იან წლებში გამოვიდა ქალბატონ დენიზა გოზალიშვილის წიგნი „სამშობლოს ბილიკები“, სადაც გიორგი ნიკოლაძის შთაბეჭდილებები იყო გადმოცემული ღამით, ზედაზნის მონასტრიდან მცხეთისა და თბილისის ხედებზე. დღისით ხომ ზღაპრულია სამი გორაკი და მარჯვენა განაპირაზე ჯვრის მონასტერი; სამხრეთ-აღმოსავლეთით თბილისი, მთელი რელიეფით, ლამის რუსთავამდე!
მანქანა ვერც ავიდა და არც გვიცდია  ბოლომდე ასვლა. ასე, 1,5 კილომეტრის მანძილზე, წყაროსთან ჩამოვალაგეთ ბარგი. კარვები  გზიდან მოშორებით, ტყეში გავშალეთ და ცოტა წავიხემსეთ. 14825533_1000696870077068_1453977920_n
ჩემდა სასიხარულოდ, ამ გასვლას თანამშრომლებიც შემოუერთდნენ.
ყველაფერი – კარვები, საჭმელი, კოცონი გავამზადეთ საიმისოდ, რომ ღამით რაიმე საძებარი არ გვქონოდა. უკვე საღამოს 8 საათი ხდებოდა და მონასტრისკენ შევუყევით აღმართს.
ბინდდებოდა, ეკლესიიდან საღამოს ლოცვის გალობა ისმოდა.
10 საათისთვის კარგად და თბილად ბნელოდა, უმთვარო ღამეში ვარსკვლავები მკვეთრად ბრიალებდნენ. თბილისი, თავისი სინათლეებით აქვე, ხელისგულზე ჩანდა. შოორს, ძნელი იყო  ვარსკვლავიანი ცისა და ქალაქის ზღვრის გარჩევა.
დილით, გასვლის I წესის თანახმად, უკვალოდ ავალაგეთ კარვები და უკვე ნაცნობ აღმართებს ავუყევით.  წირვისთვის იმდენი მანქანა ამოსულიყო,  მონასტრის შესასვლელთან გავლა ჭირდა. ზიარების დაწყებას დაველოდეთ; ტაძრიდან მარცხნივ, გალავნის ქვევით, ძველ სენაკთან ჩავედით. თოკი გავშალეთ და ციცაბო, ნაშალ ბილიკს ჩავუყევით. წინ ბექაური და ჯიქია ჩავუყენე, ბოლოში მე ჩავდექი. 40 წუთი ასე მოწესრიგებულად ვიარეთ. მერე, დაკიდებული დაღმართი დამთავრდა და აირია ყველაფერი – დიდები და ახლები წინ გაიჭრნენ. ძველები და გამოცდილები ნელა მოძრაობდნენ, გოგონებს ეხმარებოდნენ. მე და ჩემი კოლეგა გიგა ხან წინ წასულებს მივდევდით – მათ გზა არ იცოდნენ; ხან, უკან დარჩენილებს ვეხმიანებოდით.
ასეთ დღეში ვარ და ჩემს წინ, მაღალ ბალახებში, უცნაური ფერის ქვა მომხვდა თვალში. რაღაც, ღია ყავისფერი, ტყის ფოთლებში გამომძვრალი და მზის სხივებით დაკოპლილი. ახლოს მივედი და შველი დავინახე!..
რაც შემეძლო, მშვიდად და წყნარად ვთქვი:
– გიგა,  შველი!
– რა, ბატონო ზურა? გიშველო?
– შველია! აქ მოდი!
– მოიცა რა! რა შველი!
ეს პატარა „ციგანი“ ხაზგასმით არ მიმჩნევს და ყურდაცქვეტილი, სხვაგან იყურება. ზურგჩანთის მოხსნა არ გამოვა, დაფრთხება. ასევე ჩავჯექი და ზურგზე ხელი ფრთხილად გადავუსვი. საწყალი, თრთოდა და ჩქარ გულისცემას ვგრძნობდი. თავი მოატრიალა, ისე რომ ცალი თვალის ხედვის არეში მომაქცია. ხო უყვებოდა დედა, უსაშინელეს ადამიანებზე. აი შეხვდა კიდეც! მათგან ყველაფერ საშინელებას უნდა ელოდო! მარცხენა ხელი უმშვენიერეს, მოღერებულ ყელზე ჩამოვუსვი. ისე შეაჟრჟოლა, თითქოს დანა გამომესვას. ამასობაში, გაღიმებული გიგა წამოგვადგა.
– ეე, რა პატარაა. ნეტა რა უნდა აქ!
ალბათ, ისიც ამას ფიქრობდა ჩვენზე.
წინა ფეხებზე წამოიწია და ჩაიკეცა. 14813526_1000695910077164_1984522783_n
– უი, ისეთი პატარაა, ჯერ სიარული არ იცის! ბავშვეებოო! შველიი!
ნუკრმა იქით გაიხედა, საიდანაც გადაძახილები ისმოდა – „ესენიღა მაკლდენო“, – გაიფიქრა და ხევისკენ გაუბედავად დაიძრა. ასე, 10 ნაბიჯში გამოგვხედა, რას მიპირებენო. ვიდექით ორი კაცი, უფრო სწორედ მე მიწაზე ვიჯექი, გიგა იდგა და უაზროდ ვიღიმებოდით. ხევში გაუჩინარებული, ცოტა ხანს არ ჩანდა. მერე, ისარივით გავარდა ტყეში.
– შეხედე როგორი სირბილი სცოდნია! აქ თავს გვაცოდებდა?
– არა, შიშისაგან ერეოდა ფეხი. ასე, ორი თვის მაინც იქნებოდა. დედამისიც სადღაც აქ არის. ჩვენს დასანახად გადაჭრიდა ტყეს, რომ გავეტყუებიეთ და ნუკრისგან შორს წავეყვანეთ.
– ესეც გაქცეულიყო. ნახე, რას დარბის!
– მართალია, სისწრაფე აქვს. მარა, ჯერ პატარაა, გამძლეობა არ აქვს.
ამასობაში, ბავშვებიც მოვიდნენ.
– შველი დაინახეთ, მასწ.? აგეე, ასე გაიქცა!
– აი, ასე ჰქონდა რქები გადაწყობილი და დიდი ნახტომებით გარბოდა!
– არა, კუდს იქნევდა და ისე მიდიოდა!
ასე საუბარ-საუბარით, გახალისებული გავუყევით ჯვრის მონასტრისკენ მიმავალ ბილიკს.
ალბათ, დამღლელი დღის მერე განტვირთვაა გასვლები ქალაქიდან?14877811_1000696880077067_1077133951_n
– გრუნტიან გზაზე დიდი, მძიმე მანქანები ისეთ კვალს ტოვებენ, მსუბუქებს მოძრაობა უჭირთ – ვერც მარჯვნივ, ვერც მარცხნივ. მხოლოდ იქით, საითაც აღნიშნული კვალი წაგიყვანს. ასე იცის „ღადარში გამომცხვარი მჭადებივით“ ერთნაირმა ყოველდღიურობამ.
წერისას ხან ჩანგრეულ ხიდს მიადგები, ხან კლდოვანს და „ფეხს ძლივს აცილებ ფეხზედა“, არადა, სულ ერთი ფრაზა, ერთი სიტყვა  გჭირდება! პროზა, თუ პოეზიით არ სუნთქავს, ხომ მშრალი ქრონიკაა. სქემის შედგენისასაც ასეა.  „გასვლა“ აქედან ამოსვლაში გეხმარება. ვერ და არც აიხსნება, ძალიან დატვირთული რომ ხარ, მაინდამაინც მაშინ უნდა მოგაკითხოს! როგორ ახსნი, ყველა მზომი და მაჩვენებელი ხელსაწყო წინ გაქვს და მაინდამაინც, გაყინული ჩანჩქერის დანახვისას უნდა მიხვდე: „ალფა! ალფა! ღმერთო, რა უსუსური შეცდომაა!“ ამასთანავე, ახლა ძალიან მიყვარს წვიმები, გამოიდარებს და ჩვენი სპეციალობის პირველკურსელებს სადმე, ახლოში გავიყვანთ. ვთქვათ, წვერის წმ. გიორგში. ეს, ჯგუფელების ერთმანეთთან გაცნობისა და დაახლოების საუკეთესო საშუალებაა.
60 წლის იუბილე რომ მოგილოცეს, საუკეთესო სურვილებთან ერთად ესეც გისურვეს:   გააგრძელე შენსავით მდიდარი სულის ახალგაზრდების აღზრდაგანათლება. შენნაირი ადამიანები ძალიან სჭირდება ქვეყანასო. როგორი უნდა იყოს ლექტორი, ზოგადად?
–  „გასვლებს“ კიდევ ერთი უპირატესობა აქვს – ლექციაზე მოუსვენარი და ოხუნჯი სტუდენტი, ტყე-ღრეში ხეტიალისას  ალალი, სულსუფთა, უსაყვარლესი ბავშვი ხდება. აღარც შენ ხარ მისთვის „არას“ და 2-ის დამწერი მტრის ხატება. პირველ რიგში, მაინც, ლექტორი პროფესიონალი უნდა იყოს და გადმოცემის უნარი გააჩნდეს. მამაჩემი გამოცდაზე სტუდენტებს  წიგნებს და კონსპექტებს  ურიგებდა. ამას ასე ხსნიდა: „გამოცდაზე ბავშვი ნერვიულობს, გადაიკითხოს და სისტემაში მოიყვანოს საკითხები. თუ, 15 წუთში  მან საგანი მომიმზადა, უდავოდ ეკუთვნის ნიშანი.“14813724_1000695906743831_973009404_n
– გომბორში გაქვთ სახლი და გამორჩეულად გიყვართ ეს სოფელი. როგორ დაწერეთ „ლამაზათ ულამაზონი“?
–  შალაურშიც და ზვარეში ყოველთვის და ყველასთვის მისაღები სტუმარი ვიყავი და ვარ. მაგრამ, შენი კუთხე მაინც სხვაა. 15 წლის წინ ჩემმა ძმამ მაყიდინა გომბორში საკარმიდამო ნაკვეთი. ჩვენი ტყისპირი უბანი, 7 მოსახლე, ცოტა მოშორებით ვცხოვრობთ სოფლიდან. მართლა გამორჩეული მეზობლები მყავს. ცოტა, მე კი ვურევ ქალაქური ხუშტურებით. მარა, უკვე მიეჩვივნენ გაულესავი ქვებით, გვერდულად აშენებულ წყაროს; შუა ზამთარში ხეების შეკირვას; ყოველ წელიწადს ჭიშკრის 3 – 4 ფერში შეღებვას და ა.შ. თუ დამინახეს, რომ ეზოს ვთიბავ, არ შემაწუხებენ. შემდეგ შაბათ-კვირას ჩასულს ხმელი შეშა დაჩეხილი  და ეზო გათიბული მხვდება! ესმა მასწავლებლის არ იყოს – „მართლაც, ინანიშვილისეულები“ არიან! სწორედ მათზე დაიწერა „ლამაზათ ულამაზონი“.
„ნოველები, წერილები, მინიატურები“ – თქვენი ეს პატარა წიგნი დიდი სითბოთია დაწერილი. რას გვეტყვით ამ წიგნზე?
–  „13 კაპიკიანი ბლოკნოტები“, – ასე ერქვა მოგზაურობის ადრინდელ ჩანაწერებს. მერე, დიდი პაუზა. სამივე შვილი წერდა. გიგასი ყველაზე უფრო მომწონდა. ამიყოლია ამან და  ძველებს ახალიც მიემატა. ამ წიგნზე ახლობელმა მკითხა: „ეს ესსებია?“ გაკვირვება რომ შემატყო, განმიმარტა: „სულ ნაცნობებზე წერ“… რაც ვიცი, იმაზე ვწერ. აბა, ტყუილს ხო არ დავწერ?
იწყება ჩემი ბაირამობაპური, ყურძენი და ნედლი კაკალი! ხო, ღვინოც! P.S. პური და ღვინო კახური უმჯობეს არს“…  – ხშირად ამბობთ. ალბათ შემოდგომა განსაკუთრებით გიყვართ…
– სკოლაში, ნოემბრის დასაწყისში, I მეოთხედის არდადეგებზე შალაურში ჩავდიოდი. იქ, ვენახის ბოლოს ლაღად ტოტებგაშლილი კაკალი იდგა. მე და ჩემი ბიძაშვილი   სახლიდან შოთს დავითრევდით და ფოთოლგაცვენილ ვენახში რთველს გადარჩენილ კუნწულებს ვეძებდით. კაკალიც იქვე იყო, ბალახებში. მერე, ღვინოც „აღმოვაჩინე“! მიყვარს ყველაფერი, ბუნების ნაბოძები: სოკო, კუნელი, ზმარტლი, კოწახური… პურს ყველაფერს ვატან და ჩემი სადილიც ეს არის!
– ახალგაზრდებზე რას ფიქრობთ? როგორი თაობა მოდის?14885967_1000695913410497_1943179626_n
– სსრკ-ს ქალაქებში მოგზაურობისას ქუჩებში, მეტროში, ძირითადად, ქართულ-სომხურ-აზერული გადაძახილები ისმოდა. ყველა კავკასიელი ხომ არ იყო ასეთი დოღრიალა? ასეა ახლაც – ხმაურიანი და ბილწსიტყვა უფრო ჩანს. ხახვივით უნდა ფცქვნა, ჩემი საქმეც ეგაა! ძალიან სწრაფად ითვისებენ სიახლეს. უტყუარად ვგრძნობ, მათგან უფრო მეტი პროფესიონალი გაიზრდება, ვიდრე ჩვენს თაობას ჰყავს.
ოჯახი… მეუღლე და სამი შვილი გყავთ…
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლუკა, გიორგი, შავლეგო – სამივე წერდა. გიგა „ნიამორის“ პრიზიორია. დღეს, ყველას იმდენი საქმე აქვთ… არადა, წერამ „ხვალე“ არ იცის. ლუკა შალვას და გიგას ნახევარძმაა. მაგრამ, რუსიკო მათში არ არჩევს… ამჟამად სხვაგანაა, უფლის წყალობით, ვიმედოვნებ მალე ვნახავ.
– ვინ არის თქვენი გამორჩეული მწერალი…
– რევაზ ინანიშვილმა არაჩვეულებრივად ჩამოაყალიბა მწერლის ადგილი ლიტერატურასა და საზოგადოებაში. ჩემთვის მიხეილ ჯავახიშვილია ასეთი მწერალი, „დათა თუთაშხიას“ ავტორი. მომენატრება და ვკითხულობ ფრაზებს ინანიშვილიდან, „მთვარის მოტაცებიდან“, კეჟერაძეებიდან, მაღლაფერიძის „გაველ გავხე!“… ახლა გრანელთან ვარ და ფხიზელი გახლავართ – ტერენტის სიმთვრალე არ უყვარს…
– რას ინატრებდით?14826345_1000696883410400_1758149750_n
– უკან დაბრუნების ნატვრის ერთადერთი მიზეზი იქნება ის, რომ – ყველას, ვისაც გული დავწყვიტე ჩემი უკმეხობით და მობოდიშება ვერ მოვასწარი, – რომ გულიანად მოვეფერო. ისე, უფალთან ნათელში მყოფებს მე რაღაში ვჭირდები. გამოდის, ეს ნატვრაც ჩემთვის, სულის სიმშვიდისთვის მდომებია? ისე რატოა, სიყვარულის გამოხატვა ყოველთვის უჭირთ (მიჭირს!). ცინიზმის, დამცირების – არა?!
თბილისი…  როგორი თბილისი გინდათ, რომ იყოს…
– 60-იანებში, მეტრო რომ გაიხსნა, ყველა გაღიმებული და ბედნიერი  დადიოდა რუსთაველზე. იმ ხანად, მჟავანაძემ და გეგეშიძემ მოსკოვს დაფინანსება „აახიეს“ და იმ დროისთვის  საოცრება – სპორტის სასახლე ააშენეს.  78-ში, ენასთან დაკავშირებულ დემონსტრაციაზე ყველა, არაცბიერად, ერთმანეთის გვერდში იდგა. დღეს თბილისი ძველ რომს დაამგვანეს. კარგმა, ტეტია ქართლელმა ბიჭმა რომ გაიგო, თბილისელი ვიყავი, ენა ამოიტრიალა ჟარგონების ბრახა-ბრუხით. რათა კაცო, რათა? 202-ში ამასაც თავისი სახელი აქვს!
– ჰობი…ეს
– გურამ რჩეულიშვილს ერთგან უწერია – არ შემიძლია, ამდენი ვნახო და არ ვწეროო. ეტყობა, ეს ადამიანშია – მარილიანს შეჭამ, წყალი გწყურდება; სილამაზეს დაინახავ – გეღიმება; ბევრს ნახავ და წერა გინდება. არც, არხოტიდან ბრმანაწლავგახეთქილი ბავშვის გადმოყვანისას ფიქრობ წერაზე, არც გამთენიისას აბსოლუტურ სიბნელეში, სადღაც ამომავალი მზის ერთადერთი სხივით აბრჭყვიალებული მყინვარის წვერის დანახვისას. ეს მერე მოდის, გომბორში ასტამით ნაკვერჩხლის ჩხრეკისას. იცის, ვის და როდის მიაკითხოს!  „მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი“! წერა ჩემი ჰობია. გვერდიდან უკეთ ჩანს – ჩემთან მხატვრულზე  მეტად გაუგებარი ინჟინრობა იგრძნობა. სამაგიეროდ, სქემატექნიკაში მაქვს მხატვრული გადახვევები…

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები