სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვარზე არსებული ვითარება “ნიუ-იორკ თაიმსის” ყურადღების ცენტრში მოექცა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვარზე არსებული ვითარება ამერიკული გამოცემის “ნიუ-იორკ თაიმსის” ყურადღების ცენტრში მოექცა.
„რუსეთის „გაყინულ ზონაში“ მცოცავი საზღვარი საქართველოსთან“, – ამ სათაურით გამოცემამ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. გამოცემის ჟურნალისტი ენდრიუ ჰიგინსი, რომელმაც ადმინისტრაციული საზღვარი დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა, წერს, რომ ერთ-ერთი მცხოვრებლის, ვეფხია ტატიაშვილის საცხოვრებელი სახლი საზღვრის უკანონოდ გავლების შედეგად, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გაყინულ ზონებს, რუსეთი იყენებს ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა “მაგალითად, ნატო-ს საყრდენის შექმნის პრევენცია ან ხელსაყრელ მომენტში ქვეყნის დესტაბილიზაცია“.
ავტორის შეფასებით, სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულია სამი რუსული სამხედრო ბაზა რამდენიმეათასიანი სამხედრო კონტინგენტით, რეგიონი კი მთლიანად დამოკიდებულია რუსულ დახმარებაზე, ასევე 2008 წლამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით, ეთნიკური ოსების რაოდენობა თითქმის ორჯერაა შემცირებული. ამერიკული გამოცემა წერს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი თემა გახდა.
„ე.წ. ბორდერიზაცია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს მთავრობისთვის პოლიტიკური თავის ტკივილის მიზეზი გახდა. არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, მას მოუწია მეტოქეების თავდასხმების მოგერიება, ამბობენ, რომ ხელისუფლება რუსეთის „მცოცავ ანექსიას“ მეტისმეტად გაუბედავად პასუხობს”, – წერს “ნიუ-იორკ თაიმსი”.