ვაჟა ბერიძე: ამასაც მოვესწარით, “ნაციონალები” აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებები კრემლის პოზიციებს ემთხვევა. აღნიშნულის შესახებ პოლიტოლოგი სოციალურ ქსელში წერს. “ამასაც მოვესწარით. “ნაციონალები” აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ ბაქრაძე, ბოკერია, რურუა – “რუსთავი 2”-ს მაინც უყურეთ. არიელ კოენი, კენეტ იალოვიცი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობენ, რომ არჩევნები საქართველოში ლეგიტიმური, “კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული” იყო, რურუა “ცუდად ჩატარებულ არჩევნებზე” საუბრობს. რა, “ნაციონალები” აშშ-ს ადმინისტრაციას და დასავლეთს უპირისპირდებიან? შედეგების მიხედვით კი არა, ლამის განცხადებების დონეზე დაემთხვეს კრემლის პოზიციებს “ნაციონალების” რიტორიკა.

საზოგადოების თითოეული წევრი და საზოგადოება მთლიანად უნდა შეეგუოს, რომ “ნაციონალები” მთავარი ოპოზიციური ძალაა. ცალკეულ “ნაციონალებზე” ვიმსჯელოთ მათი კონკრეტული საქმიანობით, თუნდაც 2003-2012 წლებში. “ნაციონალები”ს დისკრიმინაცია, ისე როგორც ზვიადისტების, შევარდნაძისტების და ა.შ. ქვეყნის ინტელექტუალურ პოტენციალს უკიდურესად გააღარიბებს.
ივანიშვილი და სააკაშვილი ამიერიდან ქართული პოლიტიკიდან უნდა დისტანცირდნენ (ამაზე კოენამდე და იალოვიცამდე ვსაუბრობდი, დაახლოებით 2 წელია, მაგრამ მე ხომ შინაურიც ვარ და არც რეგალიები მაქვს). თვითონ ბიძინაც ასე აპირებს, ხოლო გავლენიანი ავტორიტეტული ადამიანები, ქართველები და საქართველოს მოქალაქეები საქართველოში უნდა დაბრუნდნენ (ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, სააკაშვილმა კანონთან უნდა გაარკვიოს პარალელურად ურთიერთობა).

ყველა ქართველისთვის, მათ შორის გამორჩეულებისთვის, საქართველოს კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს, იმისგან დამოუკიდებლად , თუ რა პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში. კრიმინალებმა სამართლიანი სასამართლოს წინაშე უნდა აგონ პასუხი, ხოლო ქვეყნიდან განდევნის, მოკვეთის და ექსორიის შუასაუკუნოებრივი პრაქტიკა უნდა დასრულდეს.

იმედია სააკაშვილიც გაარკვევს კანონთან ურთიერთობას, დაბრუნდებიან თემურ ბასილია, ლევან მამალაძე, ასლან აბაშიძე და სხვები. სხვადასხვაა მათი ბედი, მოღვაწეობის ასპექტები, მაგრამ ამ ნიჭიერმა ადამიანებმა სჯობს საქართველოს მოახმარონ თავიანთი შესაძლებლობები. საქართველო ყველასია. ჰიპერამბიციურმა ქართველებმა ერთმანეთი უნდა ავიტანოთ და ერთ დამოუკიდებელ ქვეყანაში ვიცხოვროთ. დამთავრდა ეპოქა, დიდ ქართველებს აქედან რომ აძევებდნენ და ისინი მერე რომელიმე იმპერიის ჯარებით ბრუნდებოდნენ უკან.

როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე მოვუწოდებ პარტიებს და პოლიტიკოსებს იმსჯელონ არჩევნებში კონკრეტულ დარღვევებზე და აღიარონ არჩევნების შედეგები – აშშ აღიარებს, ევროკავშირიც, თურქეთიც და რუსეთიც კი, და თქვენ რაღა მოგივიდათ. ხალხმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ბიძინას და თქვენ რომ ხმები ვერ მიიღეთ, თქვენი არასწორი და სუსტი მუშაობის შედეგია. შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ”, – წერს ვაჟა ბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები