ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა
ნორვეგია სრულად უჭერს მხარს დანიას და მის ტერიტორიულ მთლიანობას, აშშ-ის მიერ გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნისა და მისი განცხადებების გათვალისწინებით, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა.
„ჩვენც იგივეს ვაცხადებთ, რასაც დანიის პრემიერ-მინისტრი, [მეტე ფრედერიქსენი] რომ გრენლანდია დანიის სამეფოს ნაწილია, ისევე როგორც დანია და ფარერის კუნძულები… საზღვრებისა და ტერიტორიული სუვერენიტეტის პატივისცემა საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანესი [ნაწილია] და სხვა ქვეყნებმა მას პატივი უნდა სცენ… ჩვენ 100%-ით დანიის მხარეს ვართ, სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან და სხვა ევროპული ქვეყნების უმეტესობასთან ერთად“, – ციტირებს დანიის მაუწყებელი ეიდემის სიტყვებს.
მინისტრის თქმით, გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ნიშნავს, რომ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი კუნძულის შეერთებულ შტატებთან ანექსიის საკითხზე.
თავის მხრივ, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას რეგიონის სუვერენიტეტზე „სიტყვიერი შეტევა“ უწოდა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ გრენლანდიის მიტაცების სურვილი ტრამპს თავიდან არ ამოუგდია, მაგრამ ჩვენ მაინც გულმოდგინედ ვმუშაობდით ყველა დიპლომატიური არხით, რათა მისგან [სურვილისგან] თავი დაგვეცვა“, – განაცხადა მინისტრმა.