ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის პარლამენტის წევრებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად, იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრებს კარენ მაკიშიმას და ჰიდეტო კავასაკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებასა და მომავალ წელს დაგეგმილი ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრისას ყურადღება საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობასა და ამ მხრივ დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებზე გამახვილდა. ისაუბრეს ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირების მექანიზმის შექმნასა და მათი პრევენციის საკითხებზე, რაშიც იაპონიას დიდი გამოცდილება აქვს.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს კიბერუსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობაზე.

ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობების საკითხზე საუბრისას მხარეებმა იაპონიისა და საქართველოს ქალაქების, წყალტუბოსა და ჰაკონეს დაძმობილების პერსპექტივა განიხილეს. აღინიშნა, რომ ორივე ქალაქი გამორჩეული კურორტია, რომლებიც სამკურნალო წყლებით არის ცნობილი.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაში იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრი კარენ მაკიშიმა და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრი, წარმომადგენელთა პალატის წევრი ჰიდეტო კავასაკი მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები არიან.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები