ზაქარია წიკლაური: დედაქალაქის ბიუჯეტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, გაცდა 2 მილიარდ ლარს, ეს იძლევა შესაძლებლობას, განვახორციელოთ რაც შეიძლება მეტი მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის საჭირო და საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, ზაქარია წიკლაურმა მედიასთან ისაუბრა იმ მასშტაბურ პროექტებზე, რომელთა წამოწყებაც იგეგმება დედაქალაქში 2026 წელს. მან განაცხადა, რომ თბილისში დაბრუნდება ტრამვაი და დაიწყება საბაგიროების მოწყობაც:

„ტრამვაი დაბრუნდება თბილისში და ეს იქნება ერთ-ერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ განტვირთოს მძიმე საცობები ქალაქში. უნდა ვახსენოთ, რომ დედაქალაქში არსებობდა ტრამვაი და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მოექცა მას წინა ხელისუფლება – ეს პროექტი საერთოდ გააუქმეს, აყარეს ლიანდაგები, ჯართში ჩააბარეს და ამით პირადი სარგებელი ნახეს. კახი კალაძეს და ქართულ ოცნებას უწევს, რომ მათ მიერ გაფუჭებული საქმე გამოასწორონ და დააბრუნონ ეს პროექტი” – აღნიშნა ზაქარია წიკლაურმა.

მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსთაველის გამზირზე რევოლუციის არაერთი მცდელობის შემდეგ, საჭირო გახდა გამზირის რეაბილიტაცია, რაც ასევე შედის 2026 წლის გეგმებში. დეპუტატის თქმით, პროექტები დაიწყება დაუყოვნებლივ – იანვრიდან.

„ხაზგასმით აღვნიშნოთ, რეალურად რა მოაქვს მშვიდობას ქვეყნისთვის: მშვიდობას მოაქვს ის, რომ იზრდება ქვეყნის ეკონომიკა და მეტი შესაძლებლობა ჩნდება იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები დააკმაყოფილო. ამის ნათელი მაგალითია თბილისის ბიუჯეტიც, რომელიც პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გაცდა 2 მილიარდ ლარს. შესაბამისად, ეს შესაძლებლობას იძლევა, რომ რაც შეიძლება მეტი მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის საჭირო, საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ, რაც აწუხებს ქვეყანაში მოსახლეობას. ჩვენი მთავარი მიზანი ზუსტად ეს არის: ყველა ის ინტერესი, რომელიც აქვს მოსახლეობას, თბილისის ყველა ის გამოწვევა, რომელიც დგას დღის წესრიგში – გადავჭრათ, დავაკმაყოფილოთ და შევქმნათ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. როდესაც ვსაუბრობთ მსხვილ, მასშტაბურ პროექტებზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ტრამვაის ხაზი, რომელიც კოლოსალური თანხა ჯდება. ტრამვაი დაბრუნდება თბილისში და ეს იქნება ერთ-ერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ განტვირთოს მძიმე საცობები ქალაქში. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ დედაქალაქში არსებობდა ტრამვაი და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მოექცა მას წინა ხელისუფლება. ეს პროექტი საერთოდ გააუქმეს, აყარეს ლიანდაგები, ჯართში ჩააბარეს და ამით პირადი სარგებელი ნახეს. კახი კალაძეს და ქართულ ოცნებას უწევს, რომ მათ მიერ გაფუჭებული საქმე გამოასწორონ და დააბრუნონ ეს პროექტი. ასევე, საბაგიროებზე არის გადაწყვეტილება მიღებული და დაიწყება მათი მოწყობა. პირველი მოეწყობა ზედა სამგორში. მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სფეროში განვითარებული სხვადასხვა პროგრამა, რომელიც ადამიანებს გაუმარტივებს ცხოვრებას, სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს და ეს დაფინანსებები კიდევ გაიზრდება. თბილისელებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ამ პროგრამებით. სხვა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი იწყება: რუსთაველის მთავარი გამზირის სრული რეაბილიტაცია, რაც საჭიროა რევოლუციის არაერთი მცდელობის შემდეგ, რასაც აქ ჰქონდა ადგილი. რაღაცები შეიძლება არ მოსწონთ ადამიანებს, მაგრამ, როცა თბილისის მერია მუშაობს და მერე, ღამე მავნებელი ამას აფუჭებს, მათ შორის რევოლუციის არაერთი მცდელობის პროცესში, რუსთაველის გამზირი ყველაზე დატვირთული ქუჩა გახდა. თბილისის მერს ხვდა წილად პასუხისმგებლობა , რომ კვლავ განავითაროს ქალაქი და კახი კალაძეს ეს რეალური შესაძლებლობა ნამდვილად აქვს, რადგან გააჩნია გამოცდილება, უნარი, და სიყვარული თავისი ქვეყნისა და დედაქალაქის მიმართ, სწორედ იმისთვის, რომ ბიუჯეტი მოახმაროს ქვეყნის ინტერესებს. ამაში საკრებულოც ბოლომდე, მაქსიმალურად ვართ ჩართულები და ვთვლით, რომ საინტერესო პროექტები განხორციელდება 2026 წელს. ეს პროცესი იანვარშივე დაიწყება” – განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები