აფხაზეთის მთავრობის წევრები ისრაელში აფხაზეთიდან დევნილ ქართველ-ებრაელთა დიასპორას შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბათ-იამში აფხაზეთიდან დევნილ ქართველ-ებრაელთა დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, – აღნიშნულია აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში სოხუმელი ქართველი ებრაელის, იაკობ ოფირი-ეფრემაშვილის წიგნის „საქართველოს ებრაელთა ისტორია (საარქივო მასალების მიხედვით)“ წარდგენა გაიმართა.

„ვფიქრობ, მსგავსი ფორმატის შეხვედრებს რეგულარული ხასიათი უნდა ჰქონდეს, რადგან ის უზრუნველყოფს ჩვენი ისტორიული კავშირების შენარჩუნებას და გაღრმავებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა და მყარი საფუძველი, ღირსეულად გააგრძელონ ეს ტრადიცია.

ღონისძიება ნამდვილად გამორჩეული იყო აფხაზეთიდან დევნილი ქართველი ებრაელების ფართო წარმომადგენლობით. ის ამაღლებული განწყობა და ერთიანობის განცდა, რომელიც დარბაზში სუფევდა, უაღრესად ღირებულია როგორც აფხაზეთის საზოგადოებისთვის, ისე ზოგადად, ქართულ-ებრაული ურთიერთობების განმტკიცებისთვის.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ იაკობსა და ყველა იმ პარტნიორსა თუ მეგობარს, ვინც ერთგულად ემსახურება ჩვენს ძმობასა და საერთო ღირებულებებს“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკატერინე წივწივაძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები