ნატოს მაღალჩინოსანი – უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე: არასდროს არის საკმარისი, თუმცა, სულ მცირე, იმდენია, რომ უკრაინამ ბრძოლა გააგრძელოს
უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შემცირებულა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც უკრაინისთვის პირდაპირი დახმარების შეწყვეტას ეხებოდა, – ამის შესახებ ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა.
იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაზე მხოლოდ იმ იარაღს ჰყიდის ან აწვდის დონაციის სახით, რომელიც უკვე ავტორიზებული იყო ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ.
შემოდგომიდან, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ შემუშავებული მექანიზმის ფარგლებში, რომელსაც ეწოდება „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია“ (PURL), უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ხორციელდება ამერიკული მარაგებიდან, ნატოს წევრი ქვეყნების მიერ გამოყოფილი ფინანსებით.
კითხვაზე, შემცირდა თუ არა სამხედრო მიწოდება მას შემდეგ, რაც ტრამპმა დახმარება შეაჩერა, ნატოს უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისა და წვრთნის (NSATU) მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა მაიკ კელერმა უპასუხა: „არა, არანაირად“.
„არავითარი პაუზა არ ყოფილა. პროცესი უბრალოდ გრძელდებოდა. აშშ არ ელოდება თანხის სრულად გადახდას. როგორც კი PURL-ის მორიგი პაკეტი ცხადდება, მასალების მიწოდება მაშინვე იწყება. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილს რეალურად შეაქვს წვლილი ამ დაფინანსებაში“, – აღნიშნა მაიკ კელერმა.
„არასდროს არის საკმარისი. თუმცა, სულ მცირე, იმდენია, რომ უკრაინამ ბრძოლა გააგრძელოს. უკრაინა ახერხებს ფრონტის ხაზის შენარჩუნებას და ცის დაცვას შეძლებისდაგვარად. ეს გვაჩვენებს, რომ ჩვენ კარგი მხარდაჭერა გვქონდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება მეტი იყოს“, – დასძინა მან.