საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებები იწყება – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას სერბეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იაგოდა ლაზარევიჩმა მოაწერეს ხელი.
ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე მხარეებმა ბელგრადში გამართულ საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომაზე იმსჯელეს. ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელების მხრიდან აქცენტი გაკეთდა მოლაპარაკებების დაწყების დაჩქარების საჭიროებაზე, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.
როგორც ერთობლივი განცხადების ტექსტშია აღნიშნული, ის მოიცავს ეკონომიკური პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხების ყოვლისმომცველ ერთობლიობას, რომელიც ფარავს საქონლით ვაჭრობას და ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სფეროებს.
„აღნიშნული თანამედროვე და მომავალზე ორიენტირებული ჩარჩო ახალ შესაძლებლობებს შექმნის ორივე ქვეყნის ექსპორტიორებისთვის. ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობისა და ვაჭრობის შემდგომი გაფართოების აუთვისებელი პოტენციალის გათვალისწინებით, აუცილებელია თანამშრომლობის გააქტიურება ქართველ ექსპორტიორებსა და სერბეთის წამყვან დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს შორის. ალკოჰოლური სასმელები, ფარმაცევტული პროდუქცია და შესაფუთი მასალები იმ პერსპექტიულ საექსპორტო სექტორებს შორისაა, რომლებშიც ჩვენ ვხედავთ კომერციული კავშირების გაფართოებისა და ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს”, – ნათქვამია ტექსტში.
საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2026 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.