ზაქარია წიკლაური გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე: სასწორის ერთ პინაზე დებენ ვიზალიბერალიზაციას, მეორეზე ქვეყნის იდენტობას, სუვერენიტეტს, იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომლითაც ვამაყობთ – ასეთ დროს არჩევანი მარტივია

„ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ გაფართოების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირი, ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურად იყენებს ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, რათა ჩვენივე ნებით გვათქმევინონ უარი დამოუკიდებლობაზე და სუვერენიტეტზე,” – განაცხადა მედიასთან საუბარში საკრებულოს ფრაქცია “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ ზაქარია წიკლაურმა.

მისი თქმით, თუ ევროკომისია საქართველოსთან არ დაიწყებს, როგორც თანასწორ, სუვერენულ სახელმწიფოსთან საუბარს, გაფართოების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშსაც ზუსტად იგივე ჩალის ფასი ექნება, როგორც აქამდე გამოქვეყნებულ სხვა ანგარიშებს.

„ორმაგი სტანდარტი ევროკავშირისგან ახალი არ არის და არც ქართული საზოგადოებისთვის არის უცხო. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ გაფართოების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირი ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურად იყენებს ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, რათა ჩვენივე ნებით გვათქმევინონ უარი დამოუკიდებლობაზე და სუვერენიტეტზე. ქარ-ცეცხლში ატარებენ საქართველოს ხელისუფლებას და მოსახლეობას იმისთვის, რომ თითქოს, გადავუხვიეთ ევროპულ გზას. ეს ხდება იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა ექვსი კრიტერიუმის ნაცვლად შეაფასეს ოთხი კრიტერიუმით. საოცრად „გამორჩათ” ორი მნიშვნელოვანი ფაქტი, არ შეაფასეს უკრაინაში და მოლდოვაში არსებული კორუფციის ხარისხი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვის ფაქტები.

ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის და სხვათაშორის ევროკავშირის კონკრეტული წარმომადგენლები ღიად საუბრობენ, იმ კორუფციულ გარიგებებზე და სქემებზე, რომელიც მოქმედებს უკრაინასა და მოლდოვაში. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურდა უკრაინის მაღალჩინოსანთა ბინებში ჩხრეკის ფაქტები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ კორუფციის ისეთი მაღალი დონეა, რომ ვეღარ მალავენ. ერთ-ერთი ასეთი ჩხრეკისას ოქროს უნიტაზიც კი ამოიღეს. ქვეყანაში ომია, ათასობით ადამიანი იღუპება ფრონტის წინა ხაზზე და ამ დროს მაღალჩინოსნები მდიდრდებიან და საკუთარი კომფორტისთვის სახლში ოქროს უნიტაზიც კი დადგეს.

როდესაც მოლდოვაზე ვსაუბრობთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ის ერთ-ერთი მოწინავეა კორუფციის მიხედვით, მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის და ევროკავშირისთვის ეს მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, იციან, რომ ქართულ საზოგადოებას და ხელისუფლებას საპირწონედ უნდა დაუყენონ ეს რაღაც გამოგონილი ბრალდებები, (ვითომდა, გადავუხვიეთ ევროკავშირის გზას), იმ მიზნით, რომ უარი ვთქვათ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე. ამ წნეხს ჩვენ წლების განმავლობაში გავუძელით. ქართველი კაცისთვის ეგზისტენციური საკითხია – ვიზალიბერალიზაციის გაუქმების და ზოგიერთი ევრობიუროკრატის მუქარებით ამას არ შევეგუებით. სასწორის ერთ პინაზე დებენ ვიზალიბერალიზაციას, მეორეზე ქვეყნის იდენტობას, სუვერენიტეტს, იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომლითაც ვამაყობთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია.

თუ ჩვენთან არ დაიწყებენ, როგორც თანასწორ, სუვერენულ სახელმწიფოსთან საუბარს ამ დოკუმენტს მერწმუნეთ ზუსტად იგივე ჩალის ფასი ექნება, როგორც აქამდე გამოქვეყნებულ სხვა დოკუმენტებს,” – განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები