შინაგან საქმეთა მინისტრმა „ელჩების კონფერენცია 2025“-ში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ მონაწილეობა მიიღო „ელჩების კონფერენცია 2025“-ის ფარგლებში გამართულ სამუშაო სესიაში სახელწოდებით – „დიპლომატია ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში“.

მინისტრმა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ბოლო პერიოდში ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებებსა და ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკაზე.

გარდა ამისა, გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობასა და პარტნიორ ქვეყნებთან არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, განსაკუთრებით აღნიშნა პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოების მნიშვნელობა.

სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მინისტრისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია. „ელჩების კონფერენცია 2025“-ის ფარგლებში გამართული სამუშაო სესია საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა და მასში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები