მიხეილ სააკაშვილი: ყველამ უნდა დაიოკოს ემოციები

“არჩევნების შემდეგ დისკუსია და კამათი ბუნებრივია, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ეს კამათი არ გადაიზარდოს ურთიერთბრალდებებში”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.
სააკაშვილის თქმით, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მშვიდად უნდა გამართოს დისკუსია დაშვებულ შეცდომებზე.
„არჩევნების შემდეგ დისკუსია და კამათი ბუნებრივია, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ეს კამათი არ გადაიზარდოს ურთიერთბრალდებებში, თითის გაშვერებსა და განხეთქილებაში, რაც ასე სურს ივანიშვილს. მგონი, ახლა ყველამ უნდა დაიოკოს ემოციები და გონებით განვსაჯოთ, თუ სად ვიმყოფებით და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ვფიქრობ, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მაქსიმალურად ფართოდ და დემოკრატიულად და ამავე დროს მშვიდად უნდა გამართოს დისკუსია დაშვებულ შეცდომებზე, შიდა პარტიული დემოკრატიის გაფართოებაზე.
ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ მოხდა, რომ ფაქტობრივად, საერთო ელექტორატის 25%-იანი მხარდაჭერის მქონე ივანიშვილმა შეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ისე, რომ ჩვენ, 2003 წლისგან განსხვავებით, მხოლოდ ნაწილობრივ მოვახერხეთ აშკარა დარღვევებისა და გაყალბებების სათანადო დონეზე დოკუმენტირება. დეპუტატებმა, რომლებიც შევლენ პარლამენტში, ჩემი აზრით, ასევე ფართოდ უნდა განიხილონ აქტივისტებთან, თუ როგორ აპირებენ პარლამენტს გარეთ ჩვენ აქტივთან კოორდინირებას და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ საქართველოში თავისუფალი მედია არ განადგურდეს, პოლიტიკურმა რეპრესიებმა კიდევ უფრო ფართო ხასიათი არ მიიღოს და არ დავუშვათ რუსი ოლიგარქის მიერ ძალაუფლების უზურპაცია. ახლა, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე მაღლა უნდა დააყენოს ქვეყნის გადარჩენა, რასაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის კარგად ახერხებდა“,- წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.
რაც შეეხება, მეორე ტურში მონაწილეობას, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ამის აზრს ვერ ხედავს.
„ვიმეორებ, რომ ამის აზრს ვერ ვხედავ, თუმცა ასევე ვადასტურებ, რომ ეს თითოეული კანდიდატის გადასაწყვეტია. მე, დიდ პატივს ვცემ მათ მიერ გაწეულ შრომას და არასწორია, მათ არ დავუტოვოთ პირადი არჩევანის უფლება. ჩვენ, მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ, პოლიტიკურ მოედანზე ერთადერთ ოპოზიციურ ძალად დავრჩით, მაგრამ მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს და რაც უფრო სწორად ვიმოქმედებთ ახლა, მით უფრო ადრე მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას“, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები