ბაჩო ახალაია განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია არჩევნებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. “კვირა” ახალაიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მეგობრებო, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ადგილი არ ჰქონდა ნების თავისუფალ გამოვლენასაც, ყველა სახელმწიფო მოხელეს დავალებული ჰქონდა ხმის მიცემა – 41-ის შემოხაზვა და შემდგომ, ამის სურათზე დაფიქსირება. სახეზეა კომისიის წევრებისა და ამომრჩევლის ფართომაშტაბიანი მოსყიდვა. კარუსელები, დამატებითი ბიულეტენები, ნამდვილი ბიულეტენების გაბათილება ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული. სამეგრელოში, სადაც ამ ხერხებითაც ვერ დაამახინჯეს საარჩევნო სურათი, პირდაპირ ძალადობასა და ყუთების გატაცებაზე გადავიდნენ.
ამავდროულად, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, როგორ მოიქცა ცესკო. გარდა იმისა, რომ ოქმების “შეთანხმებული” შევსების მომენტამდე არ აცხადებდა შედეგებს, საბოლოოდ კი, ელოდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” რეაქციას და ვაჭრობდა მესამე რუსული პარტიის – ინაშვილის 0.1 პროცენტიანი ზღვარით, იმისთვის რომ სრულებით მარტო არ დარჩენილიყო პარლამენტში.
ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ერთადერთი პროდასავლური ძალა, რომელმაც გადალახა ბარიერი, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”, მის გარეშე პარლამენტი რუსულია. ახლა მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, მას შემდეგ რაც ჩვენი პარტიის მენეჯმენტმა ვერ შეძლო საერთო სახალხო კენჭისყრის დაცვა, მას შემდეგ რაც ივანიშვილის მოსყიდული კომისიით ეს რუსი ოლიგარქი სრულიად ყიდულობს ქვეყანას, რა არის ჩვენი ამომრჩევლის ნება – ყველაფრის ამის “გაპრავება” და უბრალოდ შესვლა პარლამენტში თუ ბრძოლა იმისთვის, რასაც ხმა მისცა ჩვენმა ამომრჩეველმა – გამარჯვებას და რუსი ოლიგარქისგან განთავისუფლებას და არა რომელიმე დეპუტატის სკამს პარლამენტში”,- აცხადებს ახალაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები