„როდესაც დამნაშავეს ორნახევარი ასეული ათასი ადამიანი აძლევს ხმას, იმ ხალხს სახელმწიფო არასდროს ექნება“

​ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რითაც სავარაუდოდ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება. მისი აზრით, როდესაც დამნაშავეს ორნახევარი ასეული ათასი ადამიანი აძლევს ხმას, იმ ხალხს სახელმწიფო არასდროს ექნება.
„საქართველოში თითქოსდა უნდათ, ააშენონ სახელმწიფო, მაგრამ ადამიანებს ავიწყდებათ – სახელმწიფო სამართალზე იგება და დამნაშავე, კანონის შესაბამისად, ისჯება! როცა დამნაშავეს ორნახევარი ასეული ათასი ადამიანი აძლევს ხმას, იმ ხალხს სახელმწიფო არასდროს ექნება ანდა ის “სახელმწიფო” ექნება, რაც იყო: ადამიანის შეურაცხმყოფელი, ადამიანის გამაუპატიურებელი, ადამიანის გამაღარიბებელი მძარცველი, უტიფარი და ბოროტი. საზოგადოება, სადაც ბოროტებას ეგუებიან და მორჩილებენ, ღირსეულ გარემოს, სადაც ადამიანი საკუთარი შრომით კეთილდღეობას შეიქმნის და თავისუფლად იცხოვრებს, ვერასოდეს შექმნის, რადგან ცხრაწლიანი მეხსიერება წაშლილი აქვს და დამნაშავის ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება სურს და… ნაწილობრივ აბრუნებს კიდეც… როცა ადამიანების საკმაო ნაწილი ბოროტების მსახურებით საკუთარ კეთილდღეობას ქმნის [რასაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდნენ კიდეც], დღეს იმედიანად იქნებიან, რომ… ადრე თუ გვიან ეს არშემდგარი სახელმწიფო ბოროტების გამარჯვების განმეორების შანსს მისცემს… როცა პოლიტიკური ახლომხედველობა კრიტიკულ ზღვარს სცილდება, იქ ისტორია მეორდება: ყველა მხსნელი/ბელადი პოლიტიკური კრიზისის გზით ჩამოსცილდა ქვეყანას, მაგრამ ამ კრიზისებმა ქვეყანა საშინლად დააზიანა! ახლაც ასე იქნება… ადრე თუ გვიან“,- წერს გიორხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები