„ფილიპ ლეფორის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს“
ოსური მედიის მიერ გავრცელებული ფილიპ ლეფორის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. მინისტრის აზრით, ოსმა ჟურნალისტებმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ფილიპ ლეფორის განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის სიტყვებიდან გამომდინარე გაავრცელეს. “უკვე ცნობილია, რაც მოხდა, გავარკვიეთ და აშკარად ჩანს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების არავითარი წყარო არ არსებობს. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია, ბატონი თიბილოვის სიტყვებიდან გამომდინარე, გაახმაურეს იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც არ ესწრებოდნენ შეხვედრას. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოსური მედიის მიერ გავრცელებული ფილიპ ლეფორის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვექნება ამ საკითხზე აზრის გაცვლა-გამოცვლა”, – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა. შეგახსენებთ: ოსური მედია წერდა, რომ ფილიპ ლეფორის თქმით, სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია, განსაზღვრულია. აღნიშნულ ინფორმაციას ლეფორმა უპასუხა. “არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში. არავინ უნდა შეეცადოს ამ პოზიციის არასწორ ინტერპრეტაციას. ევროკავშირის პოზიცია ემყარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი და შეეცადოს ამის არასწორ ინტერპრეტაციას”, – განაცხადა ფილიპ ლეფორმა.