საქართველოს პარლამენტი ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებებს შორის დასახელდა

საქართველოს პარლამენტის აპარატს 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის ჯილდო გადაეცა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველო” ორგანიზებით, საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს პარლამენტი, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, იმ 55 საჯარო დაწესებულებებს შორის დასახელდა, რომლებსაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100 %-იანი მაჩვენებელი აქვს.
საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობას 2015 წლის 30 აპრილს შეუერთდა, როდესაც საქართველოს პარლამენტსა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საპარლამენტო ღიაობის მემორანდუმი და ღია პარლამენტის დეკლარაცია გაფორმდა. 2015 წლის 17 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე„საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის” დამტკიცებით, ქვეყანა ღია მმართველობის პარტიორობის წევრ სახელმწიფოთა იმ მცირე ჩამონათვალს შეუერთდა, რომლებსაც საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმა აქვთ შემუშავებული და ამ მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა გახდა. 2015 წლის 14-15 სექტემბერს პარლამენტმა, გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში, ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას – „ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები” – უმასპინძლა.
2015 წლის 28 ოქტომბერს მექსიკის გლობალური სამიტის ოფიციალურად გახსნის წინ, „ღია მმართველობის პარტიორობის ჩემპიონთა ჯილდოს” გამარჯვებული ქვეყნის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამი ნახევარფინალისტიდან (საქართველო, კოსტა რიკა და სიერა ლეონე) გამარჯვებული ქვეყანა ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურის შედეგად გამოვლინდა და 27 ოქტომბერს, სამიტის ფარგლებში გამართულ სამოქალაქო საზოგადოების დღეზე, OGP-ის წევრ 65 ქვეყანას შორის ჯილდო საქართველოს, კერძოდ კი, საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს გადაეცა.
ღია მმართველობის პარტნიორობის მიერ გამოცხადებულ აღნიშულ ნომინაციაზე საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარადგინა, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2014 წლის დეკემბრიდან „ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის” პროექტს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები