დავით მათიკაშვილი – ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლება იქნება უკომპრომისო

„მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა აქ საგარეო გამოწვევებს ებრძოდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი საკუთარი კეთილდღეობის მოწყობას სახელმწიფოს ხარჯზე ცდილობდა. ჩვენი გეგმა არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა,“ – ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც ყოფილ მინისტრს აკავებენ მით უმეტეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებაზე.

„ბუნებრივია არის სამწუხარო, როდესაც ყოფილ მინისტრს აკავებენ მით უმეტეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებაზე, მაგრამ ფაქტი არის სახეზე. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა აქ საგარეო გამოწვევებს ებრძოდა და იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენი ქვეყნისთვის, ამასობაში თურმე ყოფილი თავდაცვის მინისტრი საკუთარი კეთილდღეობის მოწყობას სახელმწიფოს ხარჯზე ცდილობდა. სახეზეა ის ბრალდება, რომელიც პროკურატურამ მას წაუყენა. ჩვენი გეგმა არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ევროპის ქვეყნებს შორის სამეულში შესვლა, როგორც წარმატებული ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის. ამიტომ ნებისმიერი პირი ვინც არ უნდა იყოს ის, რა თანამდებობასაც არ უნდა იკავებდეს თუ კი მას ხელი წაუცდება, თუ კი ის ჩაიდენს დანაშაულს და ეს დანაშაული იქნება ასეთი მძიმე, ნებისმიერ შემთხვევაში დანაშაულის ჩამდენ პირს მოუწევს პასუხისგება, ვინც არ უნდა იყოს ეს იქნება ყოფილი მინისტრი თუ უბრალოდ, რომელიმე უწყების თანამშრომელი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ჯუანშერ ბურჭულაძე სუს-მა გუშინ დააკავა. სუს-ის ცნობით მან სახელმწიფოს მილიონ სამასი ათას ლარზე მეტი ზიანი მიაყენა. ჯიანშერ ბურჭულაძეს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები