პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული მშვიდობის მემორანდუმი დღეს გამოქვეყნდება

“ქართული ოცნების” მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული მშვიდობის მემორანდუმი დღეს გამოქვეყნდება.
პროვოკაციების საფრთხის შემცირების მიზნით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ პარტიებთან ე.წ მშვიდობის მემორანდუმის გაფორმების ინიციატივით რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.
როგორც ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მემორანდუმის მთავარი მიზანი ძალადობის პრევენციაა. მისი თქმით, იქ, სადაც ერთი საარჩევნო სუბიექტის აგიტაცია მიმდინარეობს, სხვა პარტიის წარმომადგენლები არ უნდა მოვიდნენ. კობახიძის აზრით, ასეთ შემთხვევაში, პროვოკაციების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება. მან იმედი გამოთქვა, რომ პარტიები ”ქართული ოცნების” შეთავაზებას შეუერთდებიან და მემორანდუმს ხელს მოაწერენ.
”მემორანდუმის გაფორმების ინიციატივით ჩვენი ლიდერი გამოვიდა, რადგან პირდაპირ ვართ დაინტერესებული, რომ მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მემორანდუმის გაფორმება. ჩვენ არაფერი გვესაქმება იქ, სადაც აგიტაციას სხვა ატარებს. ჩვენი ამოცანაა დისტანცირება სხვისი აგიტაციისგან. იმედი გვაქვს, რომ სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც ანალოგიურ მიდგომას დააფიქსირებენ. მემორანდუმთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები