მესტიაში „სვანეთობის“ დღესასწაულს დავით ვერავა დაესწრო

დღეს „სვანეთობაა“, დღესასწაული მესტიის ცენტრში, სეტის მოედანზე იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან, წარმოდგენილია ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ძველი სვანური საყოფაცხოვრებო ნივთები და სვანური კულინარია.

„პარალელურად მიმდინარეობს ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მოადგილეებთან, მესტიის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ესწრება.

დღესვე გაიმართა მესტიის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. სახელმწიფო რწმუნებულმა და მესტიის მერმა აღნიშნული წოდება, ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონს ლუხუმ ჩხვიმიანს გადასცეს.

„სვანეთობის“ ფარგლებში დღესვე სტარტს აიღებს მესტიის საერთაშორისო მთის ფილმების ფესტივალი, რომელიც 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„სვანეთობა“ ყოველწლიურად, კვირიკობის დღესასწაულის მეორე დღეს იმართება, ის სვანური ტრადიციების, კულტურის, ფოლკლორის, რეწვისა და ადგილობრივი კულინარიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები