ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად
სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ შვეიცარიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.
„შეხვედრა გვქონდა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც, რა თქმა უნდა, არაღიარების საკითხი ნაკლებად დგას. აქ ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე. გაცვალეთ ინფორმაცია როგორც საქართველოში, ასევე სლოვაკეთში შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. ასევე ვისაუბრეთ სლოვაკეთის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. ასევე გვქონდა გამოთქმული ის წუხილი, რომ ევროკავშირში სამწუხაროდ ზოგიერთი ქვეყანა არასწორად აფასებს ვითარებას, თუ შეიძლება გარკვეული პოლიტიკური სიმპათიები გააჩნიათ მათ და ამიტომ, ეს ყველაფერი ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. გვქონდა საკმაოდ გულითადი საუბარი. სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟენევაში იმყოფება, სადაც პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში (IPU) მონაწილეობს. პაპუაშვილი კონფერენციის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. კონფერენციასა და შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.