„როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს, რა უნდა გაითვალისწინონ პატარა ბავშვების მშობლებმა, არის თუ არა სასარგებლო კონდიციონერის გამოყენება“ – ივანე ჩხაიძის რეკომენდაციები

როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს, რა უნდა გაითვალისწინონ პატარა ბავშვების მშობლებმა, რომელი ხილის მიღება არ არის რეკომენდებული ზაფხულში და არის თუ არა სასარგებლო კონდიციონერის  გამოყენება – ამ საკითხებზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ “კვირასთან” ისაუბრა.

ჩხაიძემ “კვირასთან” განმარტა ისიც, თუ დღის რა მონაკვეთშია შედარებით უსაფრთხო მზეზე გასვლა, და რა ასაკის ბავშვების ყოფნაა დასაშვები  შუადღის მზეზე.

,,ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ სიცხესთან გამკლავებაზე ვსაუბრობთ, არის იმ რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილება, რაც შეიძლება მოჰყვეს გარემოს მაღალ ტემპერატურას. ეს საფრთხეები ძირითადად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ: პირველ რიგში საფრთხე, რომელიც უკავშირდება უშუალოდ მზის ზემოქმედებას და მისგან გამოწვეულ კანის დამწვრობას, სითბურ დაკვრას და მეორე, ეს არის საფრთხე,  რომელიც უკავშირდება იგივე მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით ორგანიზმის გაუწყლოებას, თუმცა ამავდროულად არსებობს არაპირდაპირი საფრთხეები, მაგალითად, მაღალ ტემპერატურაზე მალფუჭებადი პროდუქცია – პროდუქტის შენახვის წესის დარღვევის შემთხვევაში კვებითი ტოქსიკოინფექციის განვითარების რისკი.

ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მაღალ ტემპერატურაზე ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს აუზით, მათ შორის ძალიან ბევრი ბავშვი, არსებობს აუზიდან მიღებული წყალთან დაკავშირებული ინფექციის განვითარების რისკი და კიდევ ერთი, ეს არის რისკი, როდესაც ბავშვი ან მოზრდილი მინდორში ან წყლის პირზე, ან ტყეში გადაადგილდება ან თამაშობს, მწერის ნაკბენის განსაკუთრებით კი ტკიპის ნაკბენის რისკი.

თუმცა რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი და ძირითადი აქცენტი გვაქვს მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებაზე და აქ ალბათ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დროის ფაქტორი.

დღის რა მონაკვეთშია შედარებით უსაფრთხო მზეზე გასვლა – ითვლება რომ დილის საათებში, 11-საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგ პერიოდი ეს არის ის პერიოდი როდესაც მეტ-ნაკლებად შეიძლება მზის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ ვიყოთ, თუნდაც ძალიან ბევრს უყვარს რუჯის მიღება და მისი მიღებისთვის ყველაზე უსაფრთხო და ზღვის პირას სანაპიროზე  ყოფნისთვის ყველაზე უსაფრთხო სწორედ დროის ეს მონაკვეთია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დროის ამ ნაკვეთში შეიძლება ბავშვი ან მოზრდილი გავიდეს დაცვის გარეშე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კანის დაცვას სპეციალური მზის დამწვრობის საწინააღმდეგო საცხებით და აქ უნდა გავითვალისწინოთ, თუ მცირე ასაკის არის ბავშვი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს ის ციფრი, რომელიც ამ საშუალებას გარედან აწერია. ბავშვებში ეს უნდა იყოს არანაკლებ 30-სა, თუმცა სასურველია 50-ზე მეტი დამცველობითი ფაქტორი ჰქონდეს ამ საცხს, რომელსაც კანზე დავიტანთ და ეს არ არის ერთჯერადი საშუალება აუცილებლად უნდა დავიტანოთ – გარეთ, ქუჩაში ან ზღვაზე გასვლამდე ნახევარი საათით ადრე და სასურველია, რომ ყოველ 2 საათში ერთხელ ახალი ფენა იყოს ტანზე დატანილი.

ასევე სასურველია, რომ აუზში, ზღვაში ან მდინარეში ბანაობის შემდეგ, რომელიც აცილებს ამ ფენას წყალი, ისევ დავიტანოთ ეს დამცავი კრემის ფენა ტანზე.

ასევე, უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად ის ტანსაცმელი, რომელიც მაქსიმალურად დაგვიფარავს კანის ზედაპირს, გრძელსახელოიანი და სასურველია ეს იყოს ნატურალური ქსოვილისაგან შეკერილი ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდის გამოყენება აუცილებელია და ასევე აუცილებელია მზის დამცავი სათვალის გამოყენება, იმიტომ რომ მზის სხივმა შეიძლება პირდაპირი და ნეგატიური ზემოქმედება იქონიოს თვალზეც. ასე რომ თუ ამ პირობებს დავიცავთ, მაშინ კანის დაზიანებისა და დამწვრობის, რაც ყველაზე მეტად გვაშინებს,  განვითარების რისკი იქნება მინიმალური.

გასათვალისწინებელია, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პლიაჟზე გასვლა დღის არცერთ მონაკვეთში არ არის რეკომენდებული.

კატეგორიულად აკრძალულია, რომ წლამდე ასაკის ბავშვი ჩვენ მზის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ გვყავდეს და არც ის არის გამოსავალი, რომ ქოლგის ქვეშ იყოს – იმიტომ რომ კანი ამ ასაკში ძალიან ფაქიზია, ძალიან ნაკლები დამცველობითი უნარი აქვს ულტრაიისფერი სხივების მიმართ და შეიძლება კანის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვი პლიაჟზე, მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ დროის არცერთ მონაკვეთში არ გვყავდეს.

რაც შეეხება ბავშვებს, რომლებსაც არ უყვართ წყალი – ალტერნატიული საშუალებები არსებობს, თუმცა მათი რაოდენობა მკვეთრად შეზღუდულია, მისი ჩამნაცვლებელი შეიძლება იყოს მაგალითად, ახალმომზადებული, ახალგაწურული წვენი.

ოღონდ არა ის წვენი, რომელიც მაღაზიაში იყიდება და აწერია რომ ნატურალურია, არაა. იგულისხმება, ხილის კომპოტი. კატეგორიულად აკრძალული გვაქვს გაზირებული წყლის მიღება, ასევე, თუნდაც მოზრდილებში მცირე ალკოჰოლური სასმელის მიღება არანაირად არ გამოდგება წყურვილის მოსაკლავად და დაკარგული სითხის აღსადგენად. წყალს მაინც არ გააჩნია ალტერნატივა. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს წყალი უნდა იყოს უსაფრთხო და საბედნიეროდ, საქართველოში ამის პრობლემა ნამდვილად არ არის. თუ წყლის ხარისხში არ ხართ დარწმუნებული, უმჯობესია მაღაზიაში შეძენილი წყალი მივიღოთ. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში წყლის მიღების რაოდენობა უნდა იყოს 1 ლიტრი, მოზრდილებში, ანუ 4 წლიდან – 1 ლიტრ-ნახევრიდან 2 ნახევარ-ლიტრამდე წყალი.

ასევე, თუ თქვენ საზამთროს მიირთმევთ, ჩათვალეთ, რომ იგივე წყალია.

საზამთრო ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია, მასში დიდი რაოდენობით შედის წყალი, ამიტომ ის იდეალური საშუალებაა, როგორც წყლის დეფიციტის შესავსებად, ისე კვებისათვის.

ზოგადად, თუ ხილზე ვისაუბრებთ, ზაფხულის განმავლობაში არის ბევრი ხილი, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს და რომელიც შეიძლება იყოს რეკომენდებული.

ნაკლები რეკომენდაცია გვაქვს ლეღვთან დაკავშირებით, რომელიც მაღალი რაოდენობით კალორიებს შეიცავს და არ არის მისი მიღება სასურველი.

დანარჩენი პროდუქტი, ნესვი იქნება, მსხალი, ბოსტნეული თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ მთელი ზაფხულის განმავლობაში.

რაც შეეხება კონდიციონერის გამოყენების საკითხს – წარმოუდგენელია, მის გარეშე გავძლოთ მაშინ, როდესაც გარემოს ტემპერატურა 37-38 გრადუსია. კონდიციონერი, თუ მისი მოხმარების წესები დაცულია ანუ, ფილტრი ხშირად იწმინდება, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. პირიქით, გადახურება და მაღალ ტემპერატურაზე ბავშვის ყოფნა გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია, ვიდრე კონდიციონერის გამოყენება. ასე რომ მისი გამოყენების არ უნდა შეგვეშინდეს”,- განაცხადა ჩხაიძემ “კვირასთან” საუბრისას.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები