ნორვეგიის საგარეო უწყება დასავლეთს რუსეთთან ურთიერთობაში ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ Financial Times-თან ინტერვიუში დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზე ისაუბრა, რომელიც რუსეთს აკრიტიკებს, მაგრამ ღაზას სექტორში ისრაელის ქმედებებზე დუმს.
მისი თქმით, ეს დანარჩენ მსოფლიოს აჩვენებს, რომ დასავლური ქვეყნებისთვის აბსოლუტური წესები არ არსებობს და ისინი უბრალოდ „მენიუს მსგავსად“ ირჩევენ იმას, რაც მათთვის უფრო ხელსაყრელია.
„რუსეთის კრიტიკა… მაგრამ ამავდროულად, ბოლო დრომდე, ღაზას საკითხთან დაკავშირებით დუმილი – ეს დანარჩენ მსოფლიოს აჩვენებს, რომ ზოგადად, ჩვენ მათ [საერთაშორისო სამართალს] აბსოლუტურ წესებად კი არა, არამედ მენიუდ მივიჩნევთ, საიდანაც შეგიძლიათ თქვენი არგუმენტები აირჩიოთ“, – განაცხადა ეიდემ გამოცემასთან ინტერვიუში.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, გარედან შეიძლება ჩანდეს, რომ დასავლეთის ქვეყნები შერჩევითი არიან საერთაშორისო სამართლისადმი მიდგომაში.
როგორც მან აღნიშნა, სხვადასხვა საერთაშორისო კონფლიქტზე მისი „თანმიმდევრულად“ გამოყენების ნაცვლად, დასავლეთი ირჩევს იმას, რაც მისთვის ყველაზე სასარგებლოა.
მანვე დასძინა, რომ ამგვარი მოქმედებით დასავლეთის ქვეყნები სხვა ქვეყნების ნდობის დაკარგვის რისკს ქმნიან და ისრაელის კრიტიკისკენ მოუწოდა.