დაიბადა მესტიის რაიონის ერთ-ერთ ულამაზეს და საკრალურ სოფელ უშგულში, პედაგოგების ოჯახში. მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაასრულა.
მალევე დაოჯახდა. ერთხანს (როგორ სხვა უამრავი დევნილი) ემიგრაციაში იყო. ოთხი შვილი აღზარდა. ამბობს, რომ დღემდე ისინი არიან მისი ყველაზე დიდი შემოქმედებაა.
მოსწავლეობის პერიოდში მისი ლექსები რაიონულ გაზეთში დაიბეჭდა, მოგვიანებით, აქტიურად იბეჭდებოდა ჟურნალში „თბილისური უწყებანი“. რამდენიმე კრებულის თანაავტორია.
2025 წელს მეგობრების დიდი მხარდაჭერით გამოიცა ლექსების პირველი კრებული „სინათლის კართან“. – პედაგოგისა და პოეტის, მედეა რატიანის პერსონა.
– მესტიის რაიონის სოფელ უშგულში მასწავლებლების ოჯახში დაიბადეთ…
– დავიბადე 1973 წელს, მესტიის რაიონში, ერთ-ერთ ულამაზეს და საკრალურ სოფელ უშგულში. აქ დაბადება უკვე ჯილდოა. თქმულებების და ზღაპრების მხარე…. რომელიც თვალი სახელისთანავე კვებავს ადამიანს უსაზღვრო წარმოსახვებით. პედაგოგების ოჯახში დავიბადე, მშობლები სწორედ ის ადამიანები იყვნენ, ვინც კარგად უწყოდა ადამიანობის, ღირსების, ქართული სიტყვის ფასი. მრავალშვილიან ოჯახში ვიზრდებოდი, ესეც ერთგვარი საჩუქარი გახლდათ ბედისგან.
დედა მაქსიმალისტი იყო – დაუღალავი, მუხლჩაუხრელი შრომით თანაბრად ემსახურებიდა სკოლას და ოჯახს, მამა კი პედაგოგობის გარდა სოფლის ხელმძღვანელიც იყო და ხშირად უწევდა სამსახურებრივ მივლინებებში ყოფნა. თუმცა ტრადიციად ჰქონდა დამკვიდრებული: კვირა დღეს მრგვალ მაგიდასთან დაგვსხამდა და ხმამაღლა გვიკითხავდა ქართველ კლასიკოსთა ნაწარმოებებს, თუ საქმე გამოუჩნდებოდა, გვთხოვდა ჩვენ გაგვეგრძელებინა კითხვა…
ოჯახი იყო ის „სასწავლებელი“, სადაც თითქმის მთელი ის ადამიანური ცოდნა მივიღე, რითაც საზოგადოებას ვემსახურები. ლექსების წერა მეოთხე კლასში დავიწყე 10 წლისამ. წერდა ჩემი უფროსი და, მამა… ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო ჩვენს ოჯახში. საერთოდაც, უშგულში სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან უმრავლესობა წერს, ხატავს მღერის.
გენეტიკურად შემოქმედებითი ნიჭი დედულეთიდანაც მომდგამს, ნიჟარაძეების გვარიც ასევე გამორჩეულია ამ მხრივ. ამ „ღმერთების საუფლოდ“ წოდებულ ადგილას, ლაღად და ბედნიერად ვცხოვრობდი, ვიზრდებოდი, ვიდრე უფროსი და ტრაგიკულად არ დაიღუპა… წლების შემდეგ , მეორე და 47 წლის ასაკში გარდაიცვალა, რამაც დიდი დაღი დააჩნია ჩემს ოჯახს, თუმცა მშობლები ცდილობდნენ, ჩვენთვის აერიდებინათ ეს ამ დიდი ტკივილით გამოწვეული სევდა…
– პირველი ლექსები…
– პირველი ლექსი აღმოჩენასავით არის, და ალბათ ყველას ამახსოვრდება. მოგეხსენებათ, უშგულში ვიზრდებოდი, სადაც ზამთრის გრძელი ღამეები იცის, ცხრა წლის ვიყავი, საღამოს ფანჯრიდან გავიხედე, სიჩუმე იდგა,საოცარი პეიზაჟი გადაიშალა ჩემ თვალწინ – თოვლით დაფარული სახლები, თეთრად გადაბარდნილი გარემო, ხელის გაწვდენაზე ამოზრდილი მთები და კოშკები, თითქოს დროში გაჩერებულნი. ცა მოწმენდილი იყო, მთვარე კი უზარმაზარი სანათივით ეკიდა მუქ ლურჯ ცის თაღზე, ვეღარ გაარჩევდი, დღე იყო თუ ღამე. იმ წამსვე დაიბადა ჩემი პირველი სტრიქონები:
„მთვარევ, ჩემო, გადმომყურებ თეთრადა,
სულ შენ გიმზერ, მეჩვენები ღმერთადა“!
იმ ასაკიდანვე ბევრს ვკითხულობდით – მხატვრული ლიტერატურა მთავარი ფანჯარა იყო სამყაროს შესაცნობად. უფრო მოგვიანებით, მეშვიდე კლასში, ასევე მეგობარს დავუწერე:
„ნეტავი ახლა ჩემ გვერდით იყო,
მთვარის სილუეტს დაგანახვებდი,
დაგანახვებდი ჯადოსნურ ღამეს და
ვინატრებდით ჩვენ ისეთ რამეს“.
– უნივერსიტეტი…
– სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე და დავასრულე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მალევე დავოჯახდი. სამწუხაროდ, სანამ დავქორწინდებოდით, მეუღლის ოჯახს აფხაზეთიდან დევნილის სტატუსით წამოსვლა მოუწია,
დაქორწინებისთანვე რუსეთში წავედით (როგორ სხვა უამრავი დევნილი) ემიგრაციაში. ფაქტობრივად, ასეთი ცხოვრების რეჟიმმა, გარკვეულწილად, ჩამომაშორა პროფესიულ საქმიანობას, ოთხი შვილის აღზრდას მოვანდომე დრო და ენერგია (დღემდე ვთვლი, რომ ისინი არიან ჩემი ყველაზე დიდი შემოქმედება).– ახლახან გამოიცა ლექსების კრებული „სინათლის კართან“.
– მოსწავლეობის პერიოდში ჩემი ლექსები რაიონულ გაზეთში დაიბეჭდა, შემდეგ მოგვიანებით, აქტიურად იბეჭდებოდა ჟურნალში „თბილისური უწყებანი“, ბოლო ხუთი წელია, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ლიტერატურულ ჯგუფში აქტიურობის შემდეგ, ვარ რამდენიმე კრებულის თანაავტორი.
2025 წელს მეგობრების დიდი მხარდაჭერით გამოიცა ჩემი პირველი ლექსების კრებული „სინათლის კართან“. სულ ახლახან გავხდი ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული ავტორი.
– რატომ უწოდეთ კრებულს „სინათლის კართან“?
– ლილე – სიმღერა სინათლისა.
მე სწორედ იქ დავიბადე, სადაც ეს არქაული ჰანგები საუკუნეეებია ჟღერს: „ო, თეთრო მზეო დიდება შენდა“… ამ ადგილის მისტიკა, გენეტიკური კოდი არის ის, რაც მოკრძალებულ სტრიქონებს მაწერინებს ..
.- პოეტები… ყველას რაღაც აწერინებს ლექსს. ზოგს დიდი სიხარული, ზოგს – ტკივილი, ზოგს – დაუვიწყარი შთაბეჭდილება…
– პოეტები ხშირად ამჩნევენ იმას, რაც სხვებისთვის უხილავია. ისინი გრძნობენ ფარულ ტკივილს, რომელსაც ადამიანები ხანდახან საკუთარ თავსაც კი უმალავენ. პოეტის სული თითქოს შინაგანი ბრძოლის არენაა. პოეზია იბადება შინაგანი ომისგან, რომლის მთავარ მოწინააღმდეგედ თავად ავტორი გვევლინება. მისი ცნობიერება მუდმივად მოძრაობს უკიდურესობებს შორის – ჭეშმარიტებისა და ილუზიის, სიხარულისა და ტანჯვის, სინამდვილისა და ოცნების საზღვარზე.
პოეტი სულიერი მარტოობისთვის არის განწირული. ხშირად მისი ახლობლებიც ვერ ეგუებიან მას. ვინ არის ის – მიწიერი თუ ზეციური არსება? „არც მიწისაა, არც ცისა“ – რადგან ის ვერც ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა და ვერც სრულად ეფემერული გახდება. თითქოს ორ სამყაროს შორის გამოკეტილი სულიერია, რომელსაც, ერთი მხრივ, რეალობა იზიდავს, მეორე მხრივ, კი – წარმოსახვა. მის არსებაში მუდმივად ებრძვიან ერთმანეთს სინათლე და სიბნელე, ხოლო მისი ლექსები სწორედ ამ ბრძოლიდან იბადება.
– როგორი უნდა იყოს პოეტი?
– წინა კითხვაზე პასუხი ამ კითხვის პასუხიცაა – პოეტი გულმართალი უნდა იყოს და ყველაზე მეტად მას მოეთხოვება უყვარდეს უფალი, სამშობლო და ადამიანი.
– სიყვარული… ამბობენ, თავად პოეზიააო…
– კი, სიყვარული, პოეზიაა… ვერ ხვდები, როდის მოვა,რატომ, საიდან…მოვა და არ მოგასვენებს, აი, როგორც ლექსის წერის დროს – სამყარო საოცარი ხდება… სიყვარულიც ზეცისკენ გახედებს, სულში სინათლედ იღვრება და ყველაფერს ალამაზებს, როგორც პოეზია.
თუმცა ცალსახად სიყვარულის დახასიათება არასწორია, სიყვარული რთული ფენომენია – თუ სულიერ საწყისზეა აღმოცენებული, მაშინ მარადიულია, რადგან სულს სულთან შეხება შორ მანძილზეც შეუძლია. ამიტომ ასეთი სიყვარული ამაღლებულია, სულიერ ტრანსფორმაციას იწვევს და სინათლისკენ მიაქანებს მის ობიექტებს. ამით ედრება ის სწორედ ღმერთთან მიახლებას.
ნამდვილი სიყვარული ხანგრძლივი პროცესია, რომელიც არა მხოლოდ გრძნობებს, არამედ ჩვენს არსს ცვლის. ის გვასწავლის მოთმინებას, მიტევებას, თავგანწირვას – იმ ყველაფერს, რაც ადამიანის სულს ამაღლებს.
ჩემი მოსწავლეები ხშირად მეკითხებიან, რას ნიშნავს ბოლო დროს გაჟღერებული ფრაზა: „სიყვარული ქრება“? როგორ შეიძლება გაქრეს სიყვარული?! მეც მათთან ერთად მივაგენი პასუხს, თანამედროვე ადამიანი ზედმეტად თავკერძა და ეგოისტი გახდა – სიყვარული კი პატივისცემასთან ერთად , უპირობო მზრუნველობას და თავდადებას გულისხმობს, რისი უნარიც, სამწუხაროდ, დავკარგეთ ამ ეპოქის ადამიანებმა.
– რას ვერ აპატიებდით ადამიანს?
– განზოგადებულად ამას ალბათ ღალატი ჰქვია, მაგრამ კონკრეტულად მოგახსენებთ: როდესაც ადამიანი მიზანმიმართულად მაყენებს ზიანს – და ამას ოსტატურად ნიღბავს. წყენა არ რჩება მისდამი, მაგრამ ის საბოლოოდ იშლება ჩემი გულიდან, თითქოს არც არსებობდა.
– თითქმის სამი ათეული წელია, რაც პედაგოგიური საქმიანობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია…

– სხვადასხვა ეტაპზე თბილისის საჯარო თუ კერძო სკოლებში – სკოლა-ლიცეუმი „სანთელი“, კერძო სკოლა „ოპიზა“, ინგლისურენოვანი სკოლა „ნინო“, 163-ე და 103-ე საჯარო სკოლები – ვასწავლიდი და ვსწავლობდი თავადაც. თითოეული ამ სკოლის – მოსწავლეები, კოლეგები და მშობლები დღემდე ჩემი სულის ნაწილია არიან.
ბოლო ხუთი წელია ვმუშაობ თბილისის ვაჟა-ფშაველას სახელობის 87-ე საჯარო სკოლაში. აქაც გამიმართლა – ბატონი დავით ჭეიშვილის პროფესიონალიზმი ჩემთვის დიდ პრაქტიკულ გამოცდილებად იქცა..
უკვე ერთი წელია, რაც ქალბატონი ლიკა მერებაშვილი (დირექტორი) და ქალბატონი ირმა წიკლაური (სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი) ჩემი შემოქმედებითი გზის ერთგული გულშემატკივრები არიან. „სკოლა არაა მხოლოდ ცოდნის გადაცემის ადგილი – ის სულის გაზიარებაცაა“. მართლაც, ჩემს მოსწავლეებთან ურთიერთობა ჩემთვის ყოველდღიური სიხარულია, შეხვედრა ახალ კითხვებთან, ახალი სიმაღლეებისკენ სვლასთან.
ამ ურთიერთობების ფონზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: ადამიანი გარემოსავითაა – ან გაბედნიერებს, ან გამოგფიტავს. მე კი ყოველთვის მივისწრაფვი იქითკენ, სადაც სითბოა, სინათლე და გულწრფელობაა.

– ჰობი…
– კითხვა, მუსიკა, განმარტოება ბუნებაში, მოგზაურობა. ამბობენ: „მოგზაურობა ადამიანს არ ცვლის, მაგრამ აძლევს მას შანსს შეიცვალოს“. ვფიქრობ, ყველა გზა ადამიანს საკუთარი თავისკენ მიუძღვება.
– ოჯახი. მეუღლე და 4 შვილი გყავთ… ალბათ მათაც უყვართ პოეზია… ხომ არ
წერს რომელიმე შვილი?
– პოეზია უყვართ, მოსწავლეობის დროს უფროსი შვილი – თეო წერდა ჩანახატებს, შვილებს, ყველას, მამისგან სიმღერის ნიჭი უფრო გამოჰყვათ. ლექსებს არცერთი არ წერს.
– როდის წერს მედეა რატიანი, დიდი ოჯახის დედა, პედაგოგი, რომელსაც უამრავი ყოფითი საფიქრალი აქვს?
– რომ არა მეუღლის და შვილების დიდი მხარდაჭერა, ცხადია, წერისთვის ვერ მოვიცლიდი, როგორც მაშინ, როცა შვილები პატარები იყვნენ. ახლა სახლის საქმე განაწილებული გვაქვს, ვისაც მეტი დრო აქვს ოჯახში, ის ცდილობს, კონკრეტულად იმ დღეს გააკეთოს ბევრი რამ, რომ სახლში დაბრუნებულმა ოჯახის წევრებმა თავი კომფორტულად ვიგრძნოთ. ამიტომ, ცოტა პათეტიკურად შეიძლება ჟღერს, მაგრამ ხშირად ვამბობ – ოჯახი ჩემი ყველაზე ლამაზი და ღირებული შემოქმედებაა!
ლექსებს უმეტესად გამთენიისას ვწერ, ადრე ვიღვიძებ. მაგრამ მანამდე რაღაც ფრაზა უკვე ტრიალებს გონებაში – წინა დღით მიღებული ემოცია, თუნდაც შემთხვევით ყურმოკრული სიტყვა, მთელი ლექსი სწორედ ამაზე აიგება ხოლმე. შეიძლება შევასწორო სიტყვა ან სიტყვები, იშვიათად, სტროფები. ბოლო დროს ტელეფონშივე ვკრეფ ტექსტს, ზოგჯერ გადამაქვს უბის წიგნაკში, ან ვინახავ ელექტრონულად.

– ერთი ლექსი..
– გილოცავთ წმინდა კვირიკეს და ივლიტას დღესასწაულს, ამ წმინდანთა მადლი შეეწიოს თითოეული ქართველის ოჯახს. სწორედ ბოლოს დაწერილ ლექსს შემოგთავაზებთ:
კვირიკობა
აპოკალიფსის ჟამია, ქაოსურია ყოფა,
სიცოცხლე ერთი ჩქამია, დრო დაემსგავსა ქოფაკს –
გალაღდა თავგასულობით დაბადებული მოდგმა,
სიმშვიდე გაქრა სრულებით, დამჩემდა მხოლოდ მოთქმა.
შენ დამიფარე, კვირიკე, სულს ავადობა უტევს,
ცის მადლი ჩამოგვირიგე, გზები გვისწორე მრუდე.
ტყის ჩეროს შეხიზნებული, დიადი ხარ და სუფევ,
გეწვევა ყველა ვნებული, იმედს სიმწვანედ უფენ.
ჯვარზე ასულო ჩვენ გამო, შენი ხატითაც გვშველი,
მცირედით რომ დაგემგვანოთ – წმინდანთა მადლით – ველი!
რა სიმხნე მოგვეც, შალიან, გულის სალბუნი მწველი,
კარი იხსნება შვანიაშ,ყველა დამაშვრალს ელის!
– სამომავლო გეგმები…
– უშგულში, ამ განსაკუთრებულ ადგილას, სახლი შევიძინე. როდესაც პედაგოგიურ მოღვაწეობას დავასრულებ – გავაგრძელებ მუშაობას რომანზე, რომელიც ჩემი გვარის ისტორიაზე იქნება. როგორც მურმან ლებანიძე ამბობდა: „რამხელა ამბავია, თუ დავწერე“! მეც მინდა, ჩემი ამბავი ვთქვა…
თამარ შაიშმელაშვილი