“ხელისუფლების სურვილია, საქართველოს მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად თავისუფალი წვდომა ჰქონდეთ საჯარო ინფორმაციაზე“

ხელისუფლების სურვილია, საქართველოს მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად თავისუფალი წვდომა ჰქონდეთ საჯარო ინფორმაციაზე, რისთვისაც დაინერგა ელექტრონული კომუნიკაციის მომსახურება, ე.წ. მოქალაქეთა პორტალი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში განხორციელებული წარმატებული ელექტრონული მმართველობის ორი მაგალითი დაასახელა – ელექტრონულად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და ელექტრონული სამთავრობო კომისია.
“ის საშუალებას მისცემს ქვეყნის მოსახლეობას, მთავრობასთან ურთიერთობა აწარმოოს ელექტრონულად. დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის განაცხადით 60 საჯარო დაწესებულებას მიმართონ, ინფორმაცია მოიპოვონ განაცხადის სტატუსთან დაკავშირებით და ელექტრონულადვე მიიღონ პასუხი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ელექტრონული მმართველობის კომისია კი, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ხელს შეუწყობს ელექტრონული მმართველობის განვითარებას და კოორდინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით; მოახდენს ინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფას და ჩამოაყალიბებს მონაცემთა გაცვლის სისტემას საინფორმაციო რესურსზე წვდომის უზრუნველსაყოფად.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ელექტრონული მმართველობისა და ეფექტიანი საჯარო მომსახურების უზრუნველყოფის გზით განხორციელებული ინოვაციები უფრო დააახლოებს მთავრობას, კერძო სექტორსა და მოქალაქეს, შედეგად, კი უკეთესი და მეტი ბერკეტი იარსებებს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად.
“ეს არის ძირითადი გზავნილი, რომელიც დღეს გვსურს გავაჟღეროთ, რადგან სახელმწიფო განვითარების მიზნები არ არის იოლი. ეს განსაკუთრებით მე-16 მიზანს ეხება. თუმცა არც ერთი მათგანი არ არის შეუსრულებელი. ჩემი აზრით, მკაფიო გეგმის არსებობაა საჭირო. ეს უნდა იყოს ეროვნული კონცეფცია, რომელიც გამჭვირვალე სამთავრობო უწყებების მიერ იქნება შემუშავებული სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად. ეს გახლავთ საქართველოს მიერ შერჩეული მიდგომა, რაც მიზნად ისახავს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების შექმნას ყველა დონეზე. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ეს სისტემა საქართველოში უკვე მუშაობს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასაც დაუთმო.
“საქართველოს ეროვნული კონცეფცია იანვარში იქნა მიღებული არსებული მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკის შემდგომ მოდერნიზაციას. ძირითადი აქცენტი კეთდება ღია მმართველობისა და საჯარო მომსახურების მოდერნიზაციაზე ბიუროკრატიული ბარიერების შემცირების, ეფექტიანობის გაზრდის, მომატებული გამჭვირვალობის, საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის გზით. ჩემ მიერ აქ წარმოდგენილი ყველა პროექტი ამ კონტექსტში ერთიანდება. მზად ვართ, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება დაინტერესებულ მხარეებს, რადგან მჯერა, რომ ბევრ სარგებელს მივიღებთ დონორი სააგენტოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების გაერთიანებით. სამხრეთის მიმართულებით თანამშრომლობა ერთ-ერთი პლატფორმაა, რომელიც სრულად უნდა იქნეს ათვისებული. საქართველოს შეუძლია და უკვე ეხმარება კიდეც საკუთარი ექსპერტული ცოდნითა და საკადრო რესურსით სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებს. თავის დროზე, ელექტრონული მმართველობის განვითარების სფეროში, საქართველომაც ისარგებლა ესტონეთის დახმარებითა და მხარდაჭერით”, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა, მე-16 მიზნის შესასრულებლად განსაზღვრული ძალისხმევის კოორდინაციის ფორმატში კონსტრუქციული მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა, რაც ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში იქნება შესაძლებელი და 2017 წლიდან დაიწყება.
“2030 წლამდე გაწერილი პროგრამა ეფუძნება ღია მმართველობის პარტნიორობის ძირითად პრინციპებს და მისი ორიენტირები ღია მმართველობის პარტნიორობასთან თავსებადია. ამდენად, ეს პარტნიორობა ყველაზე მოქნილი და ინოვაციური პლატფორმაა ამ მიზნების მისაღწევად. დასკვნის სახით დღევანდელი ტრიბუნიდან მინდა გითხრათ საქართველოს მთავარი სათქმელი – იმისთვის, რომ მივაღწიოთ უნივერსალურ მიზნებს, შევქმნათ ეფექტიანი და ანგარიშვალდებული ინსტიტუციები, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო და კოორდინირებული ძალისხმევა, თუმცა ამ იდეის გამტარებელი და ავტორი ეროვნული ხელისუფლება უნდა იყოს. კეთების პროცესში ვსწავლობთ, მაგრამ ერთად უნდა ვისწავლოთ და ერთად ვაკეთოთ საქმე. სწორედ ამიტომ გახლავთ დღევანდელი ღონისძიების მსგავსი შეკრებები მნიშვნელოვანი”, – განაცხადა პრემიერმა და შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა. ღონისძიების მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს წარმატების ისტორიები, ასევე, განიხილეს გამოწვევები ელექტრონული მმართველობისა და მარტივად ხელმისაწვდომი საჯარო მომსახურების უზრუნველყოფის გზაზე, რაც, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შექმნისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრას 30-ზე მეტი ქვეყნის მინისტრი და მთავრობის წარმომადგენელი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები