გიორგი კვირიკაშვილი: ტექნოლოგიების მიზანი უნდა იყოს ბიუროკრატიის შემცირება და მოქალაქეთა ცხოვრების გამარტივება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში ელექტრონული მმართველობის, გამჭვირვალობისა და საჯარო მომსახურების მიმართულებით, საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს მიდგომა მიზნად ისახავს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების შექმნას ყველა დონეზე და აღნიშნა, რომ ეს სისტემა საქართველოში უკვე მუშაობს.
მაღალი რანგის შეხვედრას, რომელიც, გაეროში პირველად, საქართველოს ორგანიზებით გაიმართა, მხარი დაუჭირეს ესტონეთმა, სამხრეთ კორეამ, ბელგიამ და გაეროს განვითარების პროგრამამ. ღონისძიების მთავარი თემა იყო ეფექტური, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე ინკლუზიური ინსტიტუტების განვითარება, ელექტრონული მთავრობის და საჯარო სერვისის გზით.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, ხაზგასმით აღნიშნა პროგრესი, რომელსაც საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით მიაღწია.
“ჩვენმა მთავრობამ წამოიწყო მე-16 მიზნის განხორციელება, რომლის მიზანიცაა „ყველა დონეზე ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების შექმნის“ პრიორიტეტიზაცია, რაც ჩვენი მხრიდან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებისკენ გამიზნული ძალისხმევის არსებითი ნაწილია. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ამ სფეროში ჩვენ დიდი პროგრესი გვაქვს, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი  გაეროს განვითარების პროგრამას მიუძღვის, რომლის მხარდაჭერა და დახმარებაც ფასდაუდებელია ჩვენი საქმიანობისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მაქვს ჩვენი წარმატებული ისტორიების წარდგენის შესაძლებლობა. ჩემი აზრით, საქართველოს გამოცდილება სასარგებლო გაკვეთილი შეიძლება გახდეს სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც განვითარების გზაზე იმავე მიზნებისთვის იღვწიან”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო ბიზნესსახლის პროექტს, რომელსაც საფუძველი ცოტა ხნის წინ ჩაეყარა და რომელიც ბიზნესისთვის 600-ზე მეტი სერვისის ერთ ფიზიკურ და ელექტრონულ სივრცეში მიწოდებას გულისხმობს.
“ჩვენს თავს დავუსვით კითხვები – რა როლის შესრულება შეუძლია ელექტრონულ მმართველობას საქართველოს ბიზნესსექტორისთვის? რამდენად მარტივად ხელმისაწვდომია ბიზნესმენებისთვის ჩვენი მომსახურება? რა სარგებელს მოუტანს ჩვენს ეკონომიკას ბიზნესსექტორის საქმიანობის ხელშეწყობა? როგორ აისახება ეს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე? ჩვენი პასუხების საფუძველზე კი დაიწყო ახალი პროექტი სახელწოდებით ბიზნესსახლი. ბიზნესსახლი არის რევოლუციური მოდელი, რომელიც ეფუძნება საჯარო-კერძო პარტნიორობის პრინციპს და უზრუნველყოფს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომსახურების მიწოდებას ერთ სივრცეში და ერთიანი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. ამ პლატფორმის საშუალებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს 600-ზე მეტი მომსახურების ტიპის მიწოდებას და თითოეული მათგანი ხელმისაწვდომია ერთიან ფიზიკურ და ელექტრონულ სივრცეში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, პროგრესული და თანამედროვე მთავრობის მთავარი ბენეფიციარები უნდა იყვნენ ქვეყნის მოქალაქეები და ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლებსაც საფუძვლად დაედო იდეა, რომ ტექნოლოგიების მიზანი უნდა იყოს ბიუროკრატიის შემცირება და მოქალაქეთა ცხოვრების გამარტივება.
“დღეს, ელექტრონული მმართველობის მეშვეობით ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მოქალაქეები/ბიზნესები მთავრობას აწვდიან ინფორმაციას ერთჯერადად – მომხმარებლის შესახებ მთელი ინფორმაცია გაზიარებული იქნება ყველა სახელისუფლებლო ორგანოსთან, შიდა გზებით, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ყველა მომსახურება იმთავითვე შეიქმნება და მიწოდებული იქნება ციფრულ ფორმატში.
სამთავრობო მომსახურების ყველა ტიპი ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებელთათვის ერთიანი ფრონტოფისის ფარგლებში, სადაც წარმოდგენილი იქნება 19 სამინისტრო და 50 სააგენტო.
ყველა მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი ყველგან, ყველა რეგიონულ სამთავრობო ოფისში, მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ სპეციალური ინიციატივების შესახებ, რომლებიც მთავრობამ, მდგრადი განვითარების მე-16 მიზნით გათვალისწინებული ინკლუზიურობისა და მოდერნიზაციის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებისთვის, საქართველოს ქალაქებისთვის, პატარა დასახლებებისა და სოფლებისთვის შეიმუშავა – ეს არის საზოგადოებრივი ცენტრები.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დიდ ქალაქებში, ერთ სივრცეში მომსახურების სწრაფი, ეფექტიანი და კომფორტული მიწოდება უზრუნველყოფილია იუსტიციის სახლების მეშვეობით, სადაც მომხმარებლებს კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში სწრაფად და მარტივად მიეწოდებათ 300-ზე მეტი ტიპის მომსახურება, რაც ექსკლუზიურად მთავრობის კომპეტენციაა.
საქართველოს პატარა ქალაქებისა და სოფლებისთვის შექმნილი საზოგადოებრივი ცენტრები კი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სრულფასოვან ჩართვას ქვეყნის განვითარების პროცესში.
“საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობისთვის ადგილზევე ხელმისაწვდომი იქნება მომსახურების დიდი ნაწილი და ინფორმაცია – ისინი შორ მანძილზე, მუნიციპალურ ცენტრსა თუ დედაქალაქში მგზავრობის გარეშე შეძლებენ საჯარო მომსახურების 200-ზე მეტი ტიპით სარგებლობას. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ამით მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო იოლი იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად ჩართვა: საზოგადოებრივი ცენტრები თავს უყრის თანამედროვე ტექნოლოგიებს, საჯარო და კერძო სექტორების მომსახურებას, ბიბლიოთეკებს, უფასო ინტერნეტსა და ელექტრონულ ბიბლიოთეკას, ასევე, ერთ სივრცეში მოქალაქეთა ჩართულობის ადგილებს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რეაგირება მოვახდინოთ ადგილობრივ დონეზე არსებულ საჭირბოროტო საკითხებზე. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მომსახურების გაუმჯობესება. ელექტრონული მმართველობის დანერგვის კომპონენტი გულისხმობს საქართველოს სოფლებისა და ცენტრებიდან დაშორებული რაიონების სათანადო ჩართვას საჯარო მომსახურების ციფრულ რეჟიმში გადასვლის პროცესში, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებას. მუნიციპალური მენეჯმენტის სისტემა მოიცავს ათ ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას, რომლებსაც უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლება. ამ სისტემის განხორციელების შედეგად, გაიზარდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხი. ასე რომ, საზოგადოებრივმა ცენტრებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მთავრობასა და მოქალაქეებს შორის საინფორმაციო ნაკადის სისწრაფის გაუმჯობესებასა და მათ შორის ურთიერთობის ახლებურად ჩამოყალიბებაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები