მერაბ მეტრეველი: ვადასტურებ, რომ უარყოფითი პოზიცია მაქვს ამ გაერთიანების მიმართ
პოლიტიკური პლატფორმა „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი მერაბ მეტრეველი ადასტურებს, რომ აღნიშნული გაერთიანების მიმართ უარყოფითი პოზიცია აქვს. ამის შესახებ მერაბ მეტრეველმა ”ინტერპრესნიუსს” პაატა ბურჭულაძის ნათქვამის კომენტირებისას განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ მერაბ მეტრეველი გაერთიანებით მაინცდამაინც კმაყოფილი არ იყო.
”ვადასტურებ, რომ უარყოფითი პოზიცია მაქვს ამ გაერთიანების მიმართ”, – აღნიშნა მერაბ მეტრეველმა. ”ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, აპირებს თუ არა პარტიის დატოვებას, მეტრეველმა უპასუხა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ მიუღია.
პოლიტიკური პლატფორმის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ”TV პირველთან” ”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩის”, ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”ახალი საქართველოს” ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანების შესახებ და ამასთან დაკავშირებით მერაბ მეტრეველის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მეტრეველი პარტიის “ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანთან” გაერთიანებით უკმაყოფილოა.
“ჩვენ მერაბთან საუბარი გვქონდა, ის არ იყო ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი. მას სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა. ეგონა, რომ ჩვენ ვიქნებოდით მარტო, მაგრამ მე არ შემიძლია კარი დავუხურო იმ ადამიანებს, ვისაც უნდა საქართველოსთვის კარგი და სურს, რომ წინ წავიდეს ქვეყანა”, – აცხადებს ბურჭულაძე.
ამასთან, პლატფორმის ლიდერმა უარყო, რომ მერაბ მეტრეველმა პარტია დატოვა.