„ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ გაერთიანებას, იმ წარსულიდან გამომდინარე, რომელიც ამ სუბიექტებს გააჩნიათ“
პაატა ბურჭულაძის პარტიისა და ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკის გაერთიანების ფაქტს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრი, ზურაბ აბაშიძე სკეპტიკურად უყურებს და აღნიშნულ ფაქტს საარჩევნო მიზნებს უკავშირებს.
როგორც აბაშიძემ განაცხადა, ამ გადაწყვეტილებით პაატა ბურჭულაძე საკუთარ თავს აზიანებს. მისივე თქმით, ბურჭულაძის პარტია და ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკის ჩამოყალიბება საზოგადოების თვალში იმედგაცრუებას ბლოკში გაერთიანებული ადამიანების წარსულის გამო იწვევს.
„დღევანდელი ბლოკის ჩამოყალიბება კიდევ უფრო მეტად იმედგაცრუებას იწვევს საზოგადოებაში იმიტომ, რომ ბლოკი არ იქნება ერთიანი და ეს არის მხოლოდ საარჩევნო მიზნით გაერთიანებული ბლოკი. ეჭვი მეპარება, რომ ესენი ერთობას შეინარჩუნებენ. მათ აერთიანებთ ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკური გეგმა, ამ მიზნით გააგრძელებენ თანამშრომლობას პარლამენტში, თუ შევიდნენ. ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ გაერთიანებას. იმ წარსულიდან გამომდინარე, რომელიც ამ სუბიექტებს გააჩნიათ. ამით პაატა ბურჭულაძე თავის თავს უფრო აზიანებს“,- განაცხადა აბაშიძემ.